"მრავალი წელია ვარ საქართველოს და არა მისი მთავრობების მეგობარი, ადრე მასწავლეს ქართული სიბრძნე: "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო"- ვიოლა ფონ კრამონი | Allnews.Ge

"მრავალი წელია ვარ საქართველოს და არა მისი მთავრობების მეგობარი, ადრე მასწავლეს ქართული სიბრძნე: "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო"- ვიოლა ფონ კრამონი

ვცდილობ რეაგირება არ მოვახდინო ქართველი პოლიტიკოსების უგემოვნო და უსაფუძვლო თავდასხმებზე, მაგრამ ახლა არჩევანი აღარ დამიტოვეს , - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

ევროპარლამენტარი საქართველოს ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

„ქალბატონი წულუკიანი მაშინ გავიცანი, როდესაც ის ახალგაზრდა, დამწყები პოლიტიკოსი და იურისტი იყო. სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ რადიკალიზდა ამ წლების განმავლობაში და ახლა სიცრუესა და დეზინფორმაციას ავრცელებს.

ქალბატონმა წულუკიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ მე ვიყავი და ვარ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ვიბრძოდი ქართველი ხალხის უფლებისთვის, აირჩიონ თავიანთი მთავრობა დემოკრატიულად. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებასთან დაკავშირებით ჩემი დადანაშაულება მიზანმიმართული ტყუილია, რომელსაც არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ დაიჯერებს.

„ქართული ოცნების“ დეზინფორმაცია კრემლის დონეს აღწევს. „ქართული ოცნება“ არ არის საქართველო, „ქართული ოცნების“ კრიტიკა იგივე არ არის, რაც საქართველოს კრიტიკა. ამიტომაც ვუწოდებ ჩემს თავს საქართველოს მეგობარს და არა „ქართული ოცნების მეგობარს“. შეწყვიტეთ ქვეყნის კარგი სახელის უკან ამოფარება. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს წარუმატებლობაზე.

ეს არ არის „პოლიტიკოსთა მცირე ჯგუფი“, რომელიც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას აკრიტიკებს, არამედ ესენი არიან წამყვანი პოლიტიკოსები, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკას განსაზღვრავენ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტსა და მის ფარგლებს გარეთ. შეამოწმეთ უახლესი განცხადებების ხელმომწერი პირები ან დაელოდეთ ევროპარლამენტის შემდეგ რეზოლუციას საქართველოს შესახებ.

სხვათა შორის, ისინი იგივე პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ საქართველოს ინტერესებს, რომლებიც იბრძოდნენ ვიზალიბერალიზაციისთვის, რომლებიც იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ამასობაში "ქართულმა ოცნებამ" მოახერხა დემოკრატიის გაუარესება და ერთ წელიწადში, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველო 60-დან 89-ე ადგილზე დახია.

მე არ ვერევი საქართველოს საქმეებში. მე თქვენ გახსენებთ თქვენს მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომელიც არ შეასრულეთ. ვგულისხმობ 19 აპრილის შეთანხმებას. თუ გსურთ, რომ სერიოზულად იყოთ აღქმული, შეწყვიტეთ დაპირებების არ შესრულება, შეწყვიტეთ საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის ზიანის მიყენება. გამოასწორეთ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება, შეწყვიტეთ მიკროფონების ქურდობა, შეწყვიტეთ სიძულვილი და პოლარიზაცია.

მე მრავალი წელია ვარ საქართველოს და არა მისი მთავრობების მეგობარი. ადრე მასწავლეს ქართული სიბრძნე "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს ზურგს უკანაო". დროა „ქართულმა ოცნებამ“ გაცხარების ნაცვლად, ისწავლოს თუ როგორ გაუმკლავდეს კრიტიკასა და სიმართლეს“ , - დაწერა გერმანელმა ევროპარლამენტარმა.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა“.

„უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ ამის უფლება აქვს. ასევე, არის იან კელი. ალბათ, ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, რომ დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს და მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, თითი დაგვიქნიოს, ვითომ რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლე ვიყოთ. არიან სხვებიც“, - განაცხადა წულუკიანმა.