ხელოვნების ნიმუშების მილიარდიანი კოლექცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობდა/ფლობს- იხილეთ ფოტოები
ამა წლის მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ბატონ ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. წარმოქმნილი შეფერხებები – რომლებიც შედარებით იოლად გადაილახა ნიუ იორკში, ხოლო უფრო რთულად ლონდონში – საბოლოოდ გადაიჭრა სამართლებრივი და სხვა არხებით - ამის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი, ვიქტორ ყიფიანი ავრცელებს. ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადება ყოფილი პრემიერისა და შვეიცარულ ბანკ „კრედიტ სუისი“ საქმის დეტალებს ეხება.
ბიძინა ივანიშვილი რომ ხელოვნების ნიმუშების დიდ კოლექციას ფლობს, ეს ახალი არ არის. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხზე არაერთხელ წერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების მილიარდიანი კოლექციის გაყიდვა და თანხის „ქართუ ფონდში“ გადარიცხვა გადაწყვიტა. თუმცა ამ დრომდე დაზუსტებით არავან იცის, კოლექციიდან ხელოვნების ნიმუშების რა ნაწილი გაყიდა ბიძინა ივანიშვილმა უკვე, რის გასხვისებას გეგმავს და რას იტოვებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ნახატებს კოლექციიდან, რასაც ივანიშვილი ფლობდა ან კვლავ ფლობს: (რამდენადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეისათვის უცნობია მისი კოლექციის რა ნაწილი გაასხვისა ამ დაიტოვა).
საქართველოს ყოფილ პრემიერის ჰობის თაობაზე საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - ის ხელოვნების ნიმუშებს წლების განმავლობაში აგროვებდა. ცნობილია ისიც, რომ მისი საყვარელი ფერმწერი ვილემ დე კუნინგია, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული ტილო მის კოლექციაში არის პაბლო პიკასოს "დორა მაარი კატებთან ერთად". მან ეს ნახატი 2006 წელს "სოთბის" აუქციონზე შეიძინა 95 მილიონ დოლარად.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ ავსტრალიურმა ონლაინგამოცემა Business Insider-მა მსოფლიოში იმ 10 მილიარდერის რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელთაც ხელოვნების ნიმუშებში ყველაზე დიდი ფული აქვთ გადახდილი. რეიტინგში მე-4 ადგილზე ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი მოხვდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, 1 მილიარდი ღირებულების ხელოვნების ნიმუშების მფლობელია. როგორც Business Insider-ი აღნიშნავდა, საერთო ჯამში, ხელოვნების ნიმუშებში გადახდილი თანხა ბიზნესმენის ქონების 15,6%-ს შეადგენს.
ბიძინა ივანიშვილი ნახატების შეგროვებით ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრებისას დაინტერესდა. მის კოლექციაში ნახავდით ავსტრიელი ფერმწერის ეგონ შილეს, ანიშ კაპურის, როი ლიხტენშტეინის, დემიენ ჰერსტის და ჯეფ კუნსის ნახატებს. ივანიშვილის საყვარელ მხატვრად მიიჩნევა თანამედროვე სახვითი ხელოვნების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელი, მხატვარი-ნატურალისტი ლუსიენ ფროიდი. ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებით დიდი თანხა აქვს დახარჯული ავსტრიელი მხატვრის ეგონ შილეს ნამუშევრებზე.