რატომ ხდება მცირე წვიმის დროსაც კი დედაქალაქში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა გაუსაძლისი?
თბილისში წვიმის დროს საავტომობილო მოძრაობა შენელებულია და საცობებში დგომის ხანგრძლივობა თითქოს, გადაჭარბებულია. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა დამატებითი ფაქტორები მოქმედებს წვიმის დროს, რაც ავტომობილების მფლობელებისთვის დედაქალაქის ქუჩებს "ცხრა მთად და ცხრა ზღვად“ აქცევს.
ექსპერტი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებში, თბილისის საკრებულოს დეპუტატი, შალვა ოგბაიძე:
- რატომ ნელდება მოძრაობა? არ შეიძლება, ეს მხოლოდ ერთ ფაქტორს მივაწეროთ, მაგრამ სანამ ამ თემის ცოტათი გაშლას დავიწყებ, შემოგიბრუნებთ კითხვას. თავად ხომ ატარებთ ავტომობილს, წვიმაში ანელებთ? თუ კი, ანუ, თქვენ არ ხართ დარწმუნებული, შეიძლება, ვერ დაიმორჩილოთ ავტომობილი. ამიტომ, დავიწყოთ ჩამონათვალი: პირველ რიგში, რასაც მე ხმამაღლა ვამბობ, ესაა მართვის მოწმობების აღების სფეროში არსებული ძალიან, ძალიან დიდი ვაკუუმი - არა პროცედურულად, არამედ იმ კუთხით, თუ როგორ ვსწავლობთ მძღოლობას. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალი წლიდან, უკვე ქუჩებში, რეალურ პირობებში დაიწყება გამოცდის ჩაბარება და ადამიანს ეცოდინება, როგორ უნდა მოიქცეს საცობში, ჩქაროსნულ გზაზე, მოულოდნელად წარმოშობილი დაბრკოლების დროს და ა.შ. პირველი და მთავარია კვალიფიკაციის უქონლობა, - თავადაც აღიარებთ, რომ ფრთხილობთ, რათა ავტომობილი არ მოგისრიალდეთ. შედარება რომ გავაკეთოთ, მაგალითად, ფორტეპიანოზე დამწყები, პატარა ბავშვი ორი ხელის ნაცვლად ჯერ ერთი ხელით უკრავს, ვინაიდან კვალიფიკაცია არ აქვს და როგორც კი ტემპს აუჩქარებს, მაშინვე ეშლება. ასევეა დამწყები მძღოლი, რომელმაც იცის ოდნავ, ტაატით დაძვრა და გაჩერება, ასეთ დონეზე მართვის მცოდნე რისკ-ჯგუფია - არ ვამბობ, რომ ისინი ცუდი ადამიანები არიან, უბრალოდ, ჯერ არ აქვთ უსაფრთხო მართვის უნარები ბოლომდე შეძენილი. ეს ემართება გამოუცდელ, ახალბედა მძღოლს და ესაა ჩვეულებრივი მოვლენა - თავის თავში არაა დარწმუნებული, რომ წვიმის პირობებში მაგალითად, შეძლებს დროულად დამუხრუჭებას, სწრაფად მანევრის შესრულებას. ანუ, საერთო ჯამში, პირველი ნაწილია თავის თავში დაურწმუნებლობა, რაც მოდის ნაკლები კვალიფიკაციიდან.
გარდა ამისა, ოდნავ მაღალი სიჩქარის დროსაც კი, ასე ვთქვათ, გუბეში "შეჭყლაპუნება“, ქართული ტერმინით რომ ვთქვათ, საბურავის გზის საფარიდან მოწყვეტას იწვევს - ამ პროცესს აკვაპლანირება ჰქვია. ე.ი., საბურავი კი არ მიგორავს გზის საფარზე, არამედ მიცურავს წყლის ზედაპირზე. ამ დროს ავტომობილი, აბსოლუტურად, უმართავი ხდება. ანუ, დიდი გუბეები ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს. იცით, რომ თბილისში გზების თვალსაზრისით ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ ჯერჯერობით გვაქვს ისეთი გზები, სადაც გუბეები დგება, განსაკუთრებით, სანიაღვრე დიდი წვიმის გამო იჭედება. გუბის ქვეშ ვერ ვხედავთ, რა მდგომარეობაა, ამიტომ, ვერიდებით და ნელა შევდივართ. ეს ჯაჭვური რეაქცია ჩვენს უკან საავტომობილო ნაკადის დამუხრუჭებასა და შეგუბებას იწვევს.
მესამე ფაქტორია ის, რომ თავის მხრივაც, იქნება ეს ავტობუსი თუ მიკროავტობუსი, ისინი ვერ გადაახტებიან ამ მსუბუქ ავტომობილებს, დამწყები მძღოლების მიერ შეგუბებულ ნაკადს. ამიტომ, გინდა, არ გინდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტიც ნელდება და ეს ჯაჭვურად, მთლიანობაში გვაძლევს იმ სურათს, რასაც გვაძლევს.