თუ თქვენს შვილს გარდატეხის ასაკი აქვს, ეს ინტერვიუ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ | Allnews.Ge

თუ თქვენს შვილს გარდატეხის ასაკი აქვს, ეს ინტერვიუ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

მოზარდობის პერიოდი მნიშვნელოვანი გამოწვევაა არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლებისა და გარშემომყოფებისთვის, რადგანაც ამ დროს ხშირად იცვლება მათი ქცევა, დამოკიდებულებები და ინტერესები. რა სირთულეებსა და გამოწვევებს აწყდებიან მოზარდები გარდატეხის ასაკში, რატომაა მნიშვნელოვანი ამ დროს დეპრესიაზე განსაკუთრებული სიფრთხილე და როგორი უნდა იყოს მშობლის მიდგომა, როდესაც ბავშვი აგრესიას გამოხატავს, აქტუალურ თემაზე "საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა" მშობლებისთვის სპეციალისტთან შეხვედრას მართავს. აღნიშნულ შეხვედრას ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი უძღვება, ხოლო ექიმი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრი თინათინ მეზვრიშვილი მშობელთა ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს:

- მოზარდობის ასაკში ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ, სოციალურ ცხოვრებაში ისეთი ცვლილებები ხდება, რომ ეს ძვრები მისი ქცევისა და ემოციების რადიკალურ გარდაქმნას განაპირობებს. მოზარდობის ასაკი გამოწვევის ასაკია არა მარტო მოზარდისთვის, არამედ გარშემომყოფი მოზრდილებისთვისა და მშობლებისთვისაც. მშობლები ამისთვის წინასწარ უნდა მოემზადონ და თავიანთი შვილებიც მოამზადონ. ამბობენ, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. მოზარდობის ასაკს ადარებენ ხოლმე ნახტომს, როცა აკრობატი ერთი რგოლიდან მეორე რგოლზე გადახტება. ისეთ მოკლე პერიოდში უნდა ჩამოყალიბდეს ბავშვი ზრდასრულ ადამიანად, რომ ამხელა ცვლილებები, ცხადია, დიდი დატვირთვაა მისი ორგანიზმისთვისაც და ფსიქიკისთვისაც. განიცდის ფიზიკურ ცვლილებებს. ამ დროს მოზარდი სწრაფად იზრდება. თავის ზომებს ვეღარ აღიქვამს და უწევს ახალ, ვიზუალურ "მეს" შეეგუოს. ამავე პერიოდში სქესობრივი მომწიფება და რეპროდუქციული ორგანოების ჩამოყალიბება მიმდინარეობს. ესეც ახალი ვიზუალური ხატია, ჰორმონალური ძვრებია.

ამბობენ, რომ ამ დროს სისხლში ჰორმონების კოქტეილია. თავადაც არ იცის, რა ხდება მის თავს. როცა ენდოკრინული სისტემა არათანაბრად მუშაობს, თავისთავად ის მოზარდისთვის უჩვეულო და გაუგებარ გამღიზიანებლობასაც გამოიწვევს ხოლმე. მოზარდები შეცვლილ "მეს" ძალიან სუბიექტურად და ნეგატიური კუთხით უყურებენ. დაახლოებით, 30%-ს თავისი ვიზუალური "მე" უკვე აღარ მოსწონს და გარეგნობას კრიტიკულად აფასებს. ესეც, რა თქმა უნდა, რთულ ემოციებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ყველაზე რთული პრობლემა, რაც მოზარდობის ასაკშია, თავიანთ თავს ყოველთვის იდეალურ "მეს" ადარებენ. როგორ შეათავსონ იდეალურ "მესთან" თავიანთი რეალური პიროვნება, ეს პრობლემად რჩება და რა თქმა უნდა, სირთულეს განაპირობებს. რაც შეეხება ფსიქოსოციალურ პრობლემებს, ბავშვმა ეგოიდენტობა რომ ჩამოიყალიბოს, ამისთვის ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი: ვინ ვარ? რა მინდა? რა შემიძლია? როგორი იქნება ჩემი მომავალი და რა ადგილს დავიკავებს საზოგადოებაში? დამეთანხმებით, რომ ეს არც ისეთი იოლი ამოცანაა. გარდა ამისა, იქამდე თუ უკრიტიკოდ იღებდა ყველაფერს, ახლა უკვე პირიქით ხდება.

მოზარდებს მშობლების მხარდაჭერა სჭირდებათ, მაგრამ სეპარაცია მაინც ბუნების კანონია და ამას უნდა დაემორჩილოთ. ყოველთვის გზამკვლევის როლი უნდა შეასრულონ. ამბობენ ხოლმე, რომ ეს ბეწვის ხიდზე გადავლაა. მშობლებო ღრმად არ უნდა შეიჭრან მოზარდის პიროვნებაში, მაგრამ ნელ-ნელა, გზამკვლევის როლით ზრდასრულობის ასაკამდე მიიყვანონ. ამ პერიოდში თუ ბავშვი მშობლისნების მიერ შეგონებას კრიტიკულად უყურებს, თანატოლებისას აბსოლუტურად უკრიტიკოდ იღებს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მოზარდი რომელ რეფერენტულ ჯგუფში დაიმკვიდრებს ადგილს: მაგალითად, ფეხბურთელების ჯგუფში თუ ანტისოციალური თანატოლების ჯგუფში. მშობლებმა ამასაც უნდა მიაქციონ ყურადღება, ვისთან მეგობრობენ მათი შვილები, რა გარემოა, რა ურთიერთობები აქვს. ამასთან, ის ფენომენი, რომ თანატოლებთან იდენტიფიკაცია შეძლოს და ავტორიტეტი დაიმკვიდროს, მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

განაგრძეთ კითხვა