ირაკლი კობახიძე - ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან - ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძე - ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან - ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას

როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, სხვა ქალაქებს და კვდება უამრავი ადამიანი, ამ ომის დროს უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან. ეს ხდება დღეს და არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია. ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება იყოს მისაღები, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, ქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ სანქცირებულ რუს ბიზნესმენს საქართველოს მაღალი თანამდებობის პირები სავაჭრო ურთიერთობებზე ფარულად ესაუბრებიან.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, თუ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილი და რუსი ბიზნესმენი ევტუშენკოვო საუბრობს ავთენტურია, ეს არავითარ უხერხულობას არ ქმნის.

„დავუშვათ, რომ ჩანაწერ ავთენტურია. საუბარია ორ ადამიანს შორის, რომელთაც აკავშირებთ ძველი ურთიერთობები. ეს საუბარი არის ძალიან ლაკონური და ეხება სავაჭრო ურთიერთობებზე ინიციატივას. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური, დაშვებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, როგორც უკრაინას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან გაზის ნაწილში. ნებისმიერი ლეგიტიმური სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში საუბარი არის ლეგიტიმური. როდესაც ძველი ნაცნობი გირეკავს და გთავაზობს ლეგიტიმური სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში რაღაც ინიციატივას და ამაზე რეაგირებ ლაკონურად, ამაში არავითარი სკანდალი არ არის და ამიტომ ვერ ააგორეთ ეს თემა.

როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, ხარკოვს, სხვა ქალაქებს და კვდება უამრავი ადამიანი, ამ ომის დრო უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან. პუტინისგან ყიდულობს გაზს და ეს გაზი გადააქვს ევროპის ქვეყნებში. ეს ხდება ომის დროს და ამას უკრაინა აკეთებს. უკრაინა დღემდე ყიდულობს პუტინისგან გაზს და არა მარტო ყიდულობს, არამედ, უზრუნველყოფს ამ გაზის გატარებას ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ხდება დღეს. არც არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია. ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ისევე, როგორც უკრაინას. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება იყოს მისაღები, გამომდინარე იქიდან, რამდენად ჯდება ჩარჩოებში, რაც განსაზღვრული აქვს სახელმწიფოს სავაჭრო ურთიერთობებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, მას არ უკავია არავითარი პოლიტიკური თანამდებობა, მას არ შეუძლია ასეთ დროს რაიმე პასუხის გაცემა და მარტივად ეუბნება საკუთარ ძველ მეგობარს, რომ ასეთი რამ ხელისუფლების წარმომადგენელთან უნდა გაირკვეს, თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია. შესაბამისად, დღესავით ნათელია ყველაფერი. ეს ჩანაწერი რომ ავთენტური იყოს, ეს არავითარ უხერხულობას ეს საუბარი არ ქმნის“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში "კიბერ კმარას" მტკიცებით, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, Sistemas-ს დამფუძნებლის, ვლადიმერ ევტუშენკოვის აუდიოჩანაწერი ვრცელდება. სატელეფონო საუბრის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ. ჩანაწერში ნახსენებია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელი, რომელზეც სავარაუდოდ, ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ მის მიერ გამოგზავნილ წარმომადგენელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. აღნიშნულის საპასუხოდ, სავარაუდოდ ევტუშენკოვი, ივანიშვილს სთხოვს, რომ მის წარმომადგენელს თავად ის შეხვდეს.