როდის დასრულდება თბილისი-რუსთავის ავტობანის მშენებლობა?
თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული ავტობანის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო, თუმცა დღემდე მისი დასრულება ვერ მოხერხდა. ავტობანის ფონიჭალის მონაკვეთის (მონაკვეთი 2), რომლის სიგრძეც 6.8 კმ -ია, დასრულება გაურკვეველი ვადით არის გადადებული. ზოგადად, ავტობანის მშენებლობა იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ საპროექტო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთი ძლიერად იყო გადატვირთული და მოძრაობის ინტენსივობა, 2016 წლის მონაცემებით, დღე-ღამეში 17 000 ავტომობილს აჭარბებდა, არსებული გზის მაქსიმალური გამტარუნარიანობა კი, სტანდარტის მიხედვით, დღე-ღამეში 7000 ავტომობილს შეადგენდა. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ავტომობილების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით, დიდი ალბათობით, ბევრად გაზრდილია.
საავტომობილო გზის გადატვირთვის გამო ხშირად წარმოიქმნებოდა საცობები, რაც ზრდიდა ავტოსაგზაო შემთხვევების საფრთხეს, ხმაურს და გამონაბოლქვის კონცენტრაციას ჰაერში, განსაკუთრებით - რუსთავი - ფონიჭალის მონაკვეთზე. აქედან გამომდინარე, საჭირო გახდა დამატებით გზის გაყვანა.
პროექტის განხორციელების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების გზით დაუკავშირდებოდა აზარბაიჯანს და აღნიშნული მაგისტრალით აზარბაიჯანიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან წამოსული სამგზავრო და სატვირთო ავტომობილები შეუფერხებლად მოხვდებოდნენ საქართველოს დედაქალაქში და შავი ზღვის პორტებსა და კურორტებზე.
საპროექტო გზას სრულად განხორციელების შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ასევე ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის სოციალური-ეკონომიკური განვითარებისათვის, ქალაქ რუსთავის და გარდაბნის რაიონის სამრეწველო საწარმოებისა და მოსახლეობისთვის. განსაკუთრებით, რუსთავის იმ მრავალრიცხოვან მაცხოვლებელთათვის, რომლებიც თბილისში მუშაობენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა ავტობანის მეორე მონაკვეთის დასრულება, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, ეს მონაკვეთი განეკუთვნება ჰიბრიდული ტიპის გზას, რომელიც არც საერთაშორისო ავტობანის სტანდარტებს აკმაყოფილებს და არც ურბანული გზის კატეგორიაში გადის.
პროექტის დონორმა აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის რამდენჯერმე გამოყო მილიონებით სესხი, ლაპარაკია, მისი მშენებლობის არსებულ ვადებში დასრულებაზე, თუმცა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტის დასრულების თარიღი არაერთხელ გადადო. საბლოოდ კი მივიღეთ ვითარება, როდესაც ავტობანი დაუსრულებელია, პროექტის ბოლომდე მიყვანის დაახლოებითი თარიღი კი სრულიად გაურკვეველი.