კვირის ბოლოს უკრაინაში საქართველოდან დელეგაცია ჩავა - რომელი პოლიტიკოსები იქნებიან მის შემადგენლობაში
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან უკრაინაში კვირის ბოლოს პოლიტიკოსთა დელეგაცია ჩავა. არსებული ინფორმაციით. მის შემადგენლობაში იქნებიან როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები.
მედიის ცნობით, საპარლამენტო დელეგაციაში მმართველი პარტიიდან იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
ოპოზიციიდან დელეგაციაში იქნება ლევან იოსელიანი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და ასევე ყველა საპარლამენტო პარტიიდან ერთი წარმომადგენელი.
პარტია "მოქალაქეების" წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან იოსელიანი ინფორმაციას ადასტურებს როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან ჰქონდათ შეხვედრა და დღეს დღის ბოლომდე დაზუსტდება დეტალები, თუ ვინ იქნება დელეგაციაში წარმოდგენილი.
"ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პირველ რიგში, რადგან უკრაინას გვერდში უდგას მთელი მსოფლიო, საქართველოს სჭირდება იყოს ამ დღის წესრიგის მონაწილე და საქართველოს პარლამენტმა ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადოს არა მარტო ბუჩაში დატრიალებულ ტრაგედიას, არამედ ზოგადად უკრაინაში დღემდე დატრიალებულ ტრაგედიას. ამ ყველაფერს წინ არ უძღოდა მარტივი ურთიერთობები, მარტივი არ იყო შეთანხმება, მაგრამ კარგია, რომ შევთანხმდით. ეს თუ იქნებოდა მარტო ოპოზიციის დელეგაცია, მე ვიქნებოდი ხელმძღვანელი, როგორც ოპოზიციის კვოტით არჩეული ვიცე-სპიკერი, მაგრამ თუ მონაწილეობას მიიღებს "ქართული ოცნება“ და "ქართული ოცნებიდან“ იქნება დავით სერგეენკო, მე დიდი სიამოვნებით დავუთმობ მას, რომ ის იყოს ხელმძღვანელი, ის ჩემზე უფროსიც არის, გამოცდილიც და მე არანაირი პრობლემა არ მაქვს,"- განაცხადა იოსელიანმა.