"რუსი ოკუპანტების მოკვლა ცოდვა არ არის - ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის ამ მახვილით მოკვდება"- უკრაინის ეკლესიის მეთაური | Allnews.Ge

"რუსი ოკუპანტების მოკვლა ცოდვა არ არის - ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის ამ მახვილით მოკვდება"- უკრაინის ეკლესიის მეთაური

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ მტერს რომ სიკვდილი უსურვო და რუსი დამპყრობლები მოკლა, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თვალში ცოდვა არ არის.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ი ავრცელებს.

"ჩვენ, როგორც ერი, არ ვეძებთ მათ სიკვდილს, ვინც ჩვენი მეზობლები არიან. მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი ჩვენს სახლში მოვიდნენ, ჩვენ ვიცავთ ჩვენს ოჯახს, ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მიწას. ჩვენი ჯარისკაცები იცავენ ყველა უკრაინელს. მტრის მოკვლა არ არის ცოდვა. ჩვენ ვიცავთ, არ ვისწრაფვით სხვისკენ. და ვინც ჩვენთან მახვილით მოვიდა, ის მოკვდება ამ მახვილით“, - აღნიშნა უკარაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა.

გარდა ამისა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ მოუწოდა უკრაინის ყველა მართლმადიდებელს, განსაკუთრებით კი მოსკოვის საპატრიარქოს მრევლს და სამღვდელოებას, გაერთიანდნენ აღიარებული ავტოკეფალური ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესიის გარშემო.

„ჩვენ მზად ვართ სიყვარულით მივიღოთ ყველა. მზად ვართ მომავალში ერთად ავაშენოთ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია - ეკლესია, რომელიც ემსახურება და მომავალშიც მოემსახურება უკრაინელი ხალხის ინტერესებს. მოვუწოდებ ყველა მართლმადიდებელ უკრაინელს ერთიანობისკენ. თითოეულ თემს აქვს უფლება შეიკრიბოს შეხვედრაზე და გადაწყვიტოს თავისი იურისდიქციის შეცვლა. თითოეულ თქვენგანს, კონკრეტულ თემში, შეუძლია გააკეთოს ძალიან სასარგებლო რამ: მიიღოს გადაწყვეტილება უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში გაწევრიანების შესახებ. ეს თქვენს ხელთაა, თქვენ გაქვთ უფლება და შესაძლებლობა“, - დასძინა მიტროპოლიტმა ეპიფანემ.