ვინ არის ქალი, ვინც გურიაში პრორუსების რისხვად იქცა?
"რუსოფილები მაგენი... ვაი, მაგათ პატრონს, უბედურს, თუ ჰგონიათ, რომ ოზურგეთში მოიკიდებენ ფეხს“, - ოზურგეთელი ქალბატონის ამ განცხადებამ, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა. ვიდეო, რომელშიც ის ოზურგეთში პრორუსული და ძალადობრივი ორგანიზაციის გახსნას აპროტესტებდა, ვირუსულად გავრცელდა. როგორც გაირკვა გურული ქალბატონი სოფელ ლიხაურიდან, ისტორიის მასწავლებელი ირმა გორდელაძეა, თუმცა ის ამ აქციაზე მარტო არ ყოფილა. 12 მარტს, ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზედ “ქართული ოცნების” ოფისის გვერდით, პრორუსული "ალტ-ინფოს“ ბაზაზე შექმნილი პარტიის ოფისი გაიხსნა, რაც ადგილობრივმა სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს. მათი თქმით, ოზურგეთი არ დაუშვებს ქალაქში პრორუსული ძალების მხარდამჭერი ჯგუფის ფუნქციონირებას. ისინი აცხადებენ, რომ ოზურგეთში რუსული პროპაგანდის ადგილი არ არის, ე. წ. რუსეთუმეებს აქ დამკვიდრების საშუალებას არ მისცემენ და გაუშვებენ იქ, სადაც "რუსულ ხომალდების" ადგილია. სამოქალაქო აქტივისტებმა უფრო ფართომასშტაბიანი აქციაც დააანონსეს.
გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ ირმა გორდელაძესთან:
- ექვთიმე თაყაიშვილის სოფელ ლიხაურში ვცხოვრობ. 30 წელია ისტორიას და სამოქალაქო განათლებას ვასწავლი ორ სკოლაში, ასევე, გარემოს დაცვითი ორგანიზაცია "ეკოს" დამფუძნებელი ვარ. დღეს რაც გვჭირს ქვეყანაში, იმიტომ გვჭირს, რომ სამოქალაქო ცნობიერება და განათლებაა დაბალი. 9 აპრილის თაობა ვართ, ბევრი გვინახავს, გვიწვალია, გვიშრომია და ერთადერთი იმედი ჩვენი მომავალი თაობაა, მათ იმაზე უკეთ უნდა მოუარონ ქვეყანას, ვიდრე ჩვენ მოვუარეთ. ილიასი არ იყოს, ჭკუით მოსული მტრის უფრო გეშინოდეს, ვიდრე ხმლით მოსული მტრისაო. რუსულ აგენტურას ყველგან აქვს საცეცები და ძალიან მძიმეა, როდესაც რუსულ პროპაგანდას ეწევიან და ჩვენს გვერდით მდგომს, ჩვენს ახლობლებს, მეზობლებს, მოქალაქეებს ტვინს უბრუნებენ.
სიყვარულის და სიბრძნის ენით, მშვიდობიანი პროტესტით უნდა დავიცვათ ამისგან თავიც და ისინიც, რათა ეს პუტინის ხელის ბიჭები მოვიშოროთ ყველა ქალაქიდან და რეგიონიდან. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივხვდეთ, რომ ერი უნდა გავერთიანდეთ სიყვარულით და შრომით იმიტომ, რომ გვენგრევა ქვეყანა, ეკონომიკა, სოფლები დაცარიელდა, ქვეყანაში მძიმე დემოგრაფიული ვითარებაა... უნდა ვიფიქროთ, იმ ბანაკში აღმოვჩნდეთ, სადაც უფრო მშვიდად ვიგრძნობთ თავს, სადაც არ წაგვართმევენ ტერიტორიებს, სადაც ჩვენს იდენტობას შევინარჩუნებთ.
არავინაა ტრადიციების შენარჩუნების წინააღმდეგი, მაგრამ ახლა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომია, ეს 3 თვის პარტია "კონსერვატიული მოძრაობა“ ოფისების გამალებული გახსნითაა დაკავებული, მიდის რუსული აგიტაცია და პროპაგანდა. ისინი მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გავაკეთეთ, რუსეთს არ უნდა ჩვენი დათმობა და პუტინის მიმდევრებმაც წამოყვეს თავი. ისინი მალულად მოქმედებენ, იყენებენ მრევლს და ეკლესიას, პატრიოტიზმსა და ტრადიციებს ამოფარებულები ქვეყნის საზიანოდ მოქმედებენ. მათი გაგებით, ევროპა ყოფილა მარტო პრაიდი და ესენი ყოფილან წმინდანები. ევროპა არის მოწესრიგებული სისტემები - ეკონომიკა, სამოქალაქო სამართალი, ინფრასტრუქტურა და სხვა დანარჩენი, არავინ არავის ახვევს თავს არაფერს. რუსეთს არ უნდა საქართველოს გაშვება და ყველანაირი ხერხით ცდილობს დავივიწყოთ ევროპა, დაანახოს მოსახლეობას, რომ ევროპა მარტო ცუდს ნერგავს, ჩვენ ყველაფერ კარგსო. როგორ შეიძლება, ნორმალურმა ადამიანმა ეს დაიჯეროს?
ჯერ სიტყვა ლიბერალის და კონსერვატიულის მნიშვნელობა გაიგონ ამ უდღეურებმა. ეს ფაშისტები ყოვლად დაუნდობლად გვესხმიან თავს ადამიანებს, ვინც ნორმალურად ვაზროვნებთ, ტვინი არ გვაქვს არეული და არ ვართ მტერს მიყიდულები. როგორ შეიძლება ეს ფაშისტები სადმე რაიმე დოზით მოვიდნენ?! ეს წარმოუდგენელი იქნება, ვეცდებით, ისინი აქ არ გავაჭაჭანოთ. პუტინის ხელის ბიჭებს გურიაში არაფერი ესაქმებათ!