ირაკლი ღარიბაშვილი - წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ - უმეტეს შემთხვევაში 60-დან 80%-მდე არის შემცირებული ფასები | Allnews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი - წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ - უმეტეს შემთხვევაში 60-დან 80%-მდე არის შემცირებული ფასები

წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია აფთიაქებში - მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც საქართველოში წარმოებული იქნება, ან იმპორტირებული მაღალი ხარისხის იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, უმეტეს შემთხვევაში მედიკამენტებზე ფასები 60-დან 80%-მდე არის შემცირებული, ამასთან დასძენს, რომ ყველა წამალი, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა მაღალი ხარისხის არის.

„წამლების გაიაფების პროცესი დავიწყეთ. ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი იმ დათქმით, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტის წამლები შემოვიდოდა. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ წამლები საქართველოში უკვე შემოსულია და ხელმისაწვდომია, აფთიაქებში უკვე იყიდება რამდენიმე დასახელების წამალი, ყველაზე მოთხოვნადი წამლები.

მინდა რამდენიმდე მაგალითი მოვუყვანო მოქალაქეებს. დღეს უკვე ყველაზე მოთხოვნადი წამლები რაც არის, მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტის ფასი თუ იყო 220 ლარი, დღეს მისი ღირებულებაა 48 ლარი. უმეტეს შემთხვევაში 60-დან 80%-მდე არის შემცირებული ფასები წამლებზე. როგორც მინიმუმ ფასები განახევრდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია.

მინდა მინისტრ ზურაბ აზარაშვილს მადლობა გადავუხადო, ძალიან აქტიურად იმუშავა, ამ პროცესში იყო ჩართული. დღეს მიემგზავრება თურქეთში, კოლეგას შეხვდება და კიდევ უფრო მეტს სარგებელს ჩამოიტანს. ათეულობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი უკვე რეგისტრაციისთვის არის შეტანილი სამინისტროში, ძალიან მალე დაჩქარდება ეს პროცესი, რათა დროულად მოხდეს ყველა წამლის ჩანაცვლება, მოსახლეობას არჩევანი ჰქონდეს იაფიანი წამლის შესაძენად.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ მთავარი მოთხოვნა იქნებოდა ხარისხი. ეს ხარისხი მიღწეულია. ყველა წამალი, რომელიც შემოვიდა GMP სტანდარტის არის.

ამჟამად მინისტრი აზარაშვილი აქტიურად მუშაობს, რომ ქვეყანაში შეიქმნას წამლის ხარისხის ლაბორატორია, რათა ყველა ის წამალი, რომელიც საქართველოში წარმოებული იქნება, ან იმპორტირებული მაღალი ხარისხის იყოს. ამ პროცესს მაქსიმალურად გავაკონტროლებთ“, - აღნიშნავს პრემიერი.