"დააკვირდით ბავშვის ქცევას, ხომ არ შეიცვალა ომის კადრების გავრცელების შემდეგ?" - როგორ ვესაუბროთ ბავშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, როცა შეკითხვები უჩნდებათ | Allnews.Ge

"დააკვირდით ბავშვის ქცევას, ხომ არ შეიცვალა ომის კადრების გავრცელების შემდეგ?" - როგორ ვესაუბროთ ბავშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, როცა შეკითხვები უჩნდებათ

სოციალური მედიის განვითარების პარალელურად, დღეს ბავშვებს ძალიან ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ბევრი მათგანი კი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე უამრავ შეკითხვას სვამს, გამოხატავს წუხილსა და შიშს. ამაზე ბევრი მშობელი საუბრობს სოციალურ ქსელში და ხშირად აზიარებენ საკუთარი შვილების შეკითხვებს, ემოციებს ომთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ჩართულობა და ბავშვებთან სწორი კომუნიკაცია.

დააკვირდით თქვენი შვილის ქცევას

სპეციალისტები ამბობენ, რომ აუცილებელია ბავშვის მდგომარეობას დავაკვირდეთ. ზოგჯერ ისინი შეკითხვებს ცნობისმოყვარეობის გამო სვამენ, სრულად ვერ იაზრებენ პრობლემას და ნაკლები შფოთვაც აქვთ. ამ დროს აუცილებელია ზედმეტი ემოციებისა და პანიკის გარეშე, მშვიდად ვუპასუხოთ იმაზე, რაც აინტერესებთ. შესაძლოა სულაც არ იცოდნენ კონფლიქტის შესახებ, მაგრამ ინსტაგრამზე ან ტიკ-ტოკზე ნახონ შემაშფოთებელი ფოტოები, ვიდეოები, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მესამე მსოფლიო ომი იწყება, სახელმწიფოები ბირთვული იარაღის გამოყენებას აპირებენ და ასე შემდეგ და ვერ განასხვაონ, რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ამიტომაცაა მშობელთა დახმარება აუცილებელი.ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სპეციალისტი, რობინ სილვერმანი ამბობს, რომ თუ ბავშვები მიმდინარე მოვლენების შესახებ შეკითხვებს არ სვამენ, კარგია, რადგან არ არის მათი ზედმეტად დაძაბვა საჭირო. ან კიდევ შეგიძლიათ უთხრათ: "ვხედავ, რომ ეს თემები არ გაინტერესებს. თუ შეკითხვა გაგიჩნდება, მოდი და ერთად ვისაუბროთ."

2-1646115684._.jpg

დააკვირდით ბავშვის გრძნობებსა და მდგომარეობას

როცა ბავშვები შეკითხვებს სვამენ, ხშირად ეს მიუთითებს, რომ განიცდიან, შფოთავენ და რაღაც აწუხებთ. თუმცა, შესაძლოა არც არაფერი იკითხონ და ჩუმად ინერვიულონ. ამიტომაც, თითოეული მშობელი უნდა დააკვირდეს იმ ფარულ ნიშნებს, რითიც შეძლებს ბავშვის დაძაბულობისა და ნერვიულობის აღმოჩენას. ბავშვებს, რომლებიც ებრძვიან შფოთვას, შესაძლოა უჭირდეთ დაძინება, რადგანაც ეფიქრებოდეთ იმ სურათებსა და ვიდეოებზე, რაც ომის შესახებ ნახეს. ნერვიულობა, შესაძლოა მადის დაქვეითებითავ იყოს გამოხატული. არ ჭამდეს იმდენს, რამდენსაც ჩვეულებრივ მიირთმევდა ხოლმე ან უარს ამბობდეს საყვარელ საკვებზე. გარდა ამისა, შეიძლება იყოს გაღიზიანებული, არ სურდეს კომუნიკაცია და თამაში. თუ ამ ნიშნებს აღმოაჩენთ, უთხარით, რომ მზად ხართ სალაპარაკოდ და შეუძლია გაგიზიაროთ ყველაფერი, რაც აწუხებს, დასვას შეკითხვები და დაელოდოს პასუხებს.

ნუ გადაღლით ბავშვებს ახალი ამბებითა და საშინელი სურათებით

ახალი ამბების ყურება ბავშვთან ერთად, სადაც მძიმე კადრებია, აჩვენებენ საშინელ კადრებს, დანგრეულ შენობებს, არ არის რეკომენდებული. ამან შესაძლოა კიდევ უფრო გააძლიეროს ბავშვის შფოთვა და გაუჭირდეს ემოციებთან გამკლავება. თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდეს, გაუზიარეთ მხოლოდ ფაქტები.

განაგრძეთ კითხვა