"ასეთი ერთობა უკრაინაში 30 წლის განმავლობაში არ ყოფილა... ჩვენ ვართ მართლები და გავიმარჯვებთ!" - რას ჰყვება ქართველების უკრაინელი რძალი
საქართველოში ბევრი უკრაინელი ცხოვრობს, მათ შორის არის კატერინა პობერეჟნა. ის ქართველების რძალია, ჩვენს ქვეყანაში 2007 წლიდან ცხოვრობს და შეყვარებულია აქაურობაზე...
კატერინა კვალიფიციური სპეციალისტია "ევრობანკში", აგრობიზნესმრჩეველია და საქართველოში ტექნიკური პროექტების კოორდინატორი, მუშაობს "ფაოშიც" კონსულტანტად. არის ორი შვილის დედა, შესანიშნავად საუბრობს ქართულად, რითაც საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს და დიდ პატივისცემას იმსახურებს. კატერინა უკრაინის ცენტრში, კროპივნიცკში დაიბადა. უმაღლესი განათლება კიევსა და გერმანიაში მიიღო. მას მშობლები, ნათესავები, ახლობლები უკრაინაში ჰყავს და ცხადია, მათ უსაფრთხოებაზე ღელავს. ის უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია...
კატერინა პობერეჟნა:
- არავინ ელოდებოდა ამას, რაც ახლა ხდება. ყველაზე ცუდ სიზმარშიც არ დაგვესიზმრებოდა. ჩემი პირველი რეაქცია შოკი იყო. ასეთ საშინელ ამბავს რომ იგებ, ცხადია, განიცდი, ტირი, მაგრამ რეალურად ვერაფერს აკეთებ, ვერაფერს ცვლი. რთული ემოციური მდგომარეობაა...როდესაც უკრაინაში დავრეკე და ჩვენებს დაველაპარაკე, აქეთ გამამხნევეს... ეს იყო გასაოცარი...
წარმოიდგინეთ, კიევში დილის 4 საათზე ბომბის ხმაზე იღვიძებ. გასაგებია, რომ უცებ ვერ ხვდები, რა ხდება. მერე იგებ და სიბრაზე გიპყრობს... 2014 წლამდე გვქონდა განცდა, რომ რუსეთი მეზობელია, ენაც ვიცით, რაღაც პერიოდი ჩვენი ქვეყნები ერთად ვიყავით. ყირიმის და დონბასის შემდეგ ეს დამოკიდებულება დაიკარგა... საბოლოოდ გავაცნობიერე, რომ ის ცუდი მეზობელია, მაგრამ მაინც რომ არ ელოდები, მისგან ზურგში დანის ჩარტყამს და სახლში მის შემოვარდნას... ამიტომ ახლა უკრაინელი ხალხი ისეთი გაბრაზებულია, რომ ეს სიბრაზე დიდხანს არ გადაუვლის.