ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ვინ იომა, ე.წ. მთავარსარდალმა მსოფლიოს ჰალსტუხების ჭამითა და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა თავი - იგივე ხალხი გვიკიჟინებს, რომ ჩავერთოთ ომში | Allnews.Ge

ირაკლი ღარიბაშვილი - კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ვინ იომა, ე.წ. მთავარსარდალმა მსოფლიოს ჰალსტუხების ჭამითა და მიწაზე ფორთხვით დაამახსოვრა თავი - იგივე ხალხი გვიკიჟინებს, რომ ჩავერთოთ ომში

სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესებს ეძებენ და ხედავენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და მათ შეცდომაში შეყვანას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მათი მიზანია, რომ საქართველოში განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, სამწუხაროდ, ე.წ. მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას, მანიპულირებას და რა თქმა უნდა, მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადამიანური თუ სხვა სახის, ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმების მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, კარგადაა ცნობილი. ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს. სამწუხაროა, რომ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებასა და ინტერესს ეძებენ და ხედავენ. უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ვერ აარიდეს. ასევე, გვახსოვს კარგად, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ. მთავარსარდალი. გახსოვთ, რომ მაშინ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოსული იყო, მიატოვა კაცმა და აჩვენა სირცხვილი და ერსა და მსოფლიოს საკუთარი მხდალი სახე დაანახა. მთელს მსოფლიოს დაამახსოვრა ჰალსტუხების ჭამითა და მიწაზე ფორთხვით თავი. ეს ძალიან კარგად გვახსოვს.

კარგად გვახსოვს აგვისტოს ომის დროს ვინ იომა. მაშინ იომა ჩვენმა გმირმა ჯარმა, თავგანწირვით იომეს. იომეს ჩვენმა პოლიციელებმა, ღირსეულმა ოფიცრებმა, მაგრამ კარგად გვახსოვს გაქცეული მთავარსარდალი, სხვა პოლიტიკოსები, მთავრობის წევრები, მათ ომის დროს ქვეყანა დატოვეს და ომის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ საქართველოში. კარგად მახსოვს და ჩემს მეხსიერებაში საშინლად ჩაიბეჭდა ის უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელიც 9 აგვისტოს გაიმართა - მაშინ, როცა ჩვენი გმირები იღუპებოდნენ ბრძოლის ველზე, ამ დროს მთავრობის წევრები, მაშინდელი სააკაშვილის მეთაურობით ხუმრობის ხასიათზე იყვნენ. ეს ყველას კარგად გვახსოვს და დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩვენ, რომ ომში ჩავერთოთ, სანქციები დავუწესოთ რუსეთს, უკრაინის ომში მივიღოთ მონაწილეობა და ა.შ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.