პრეზიდენტი - მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს - საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც | Allnews.Ge

პრეზიდენტი - მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო ყველა ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს - საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია!,-ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მან რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინას მხარდაჭერა ღიად და საჯაროდ გამოუცხადა.

„მინდა ჩვენს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობას თუ ოპოზიციას და მთავრობას მივმართო, დღეს, როგორც არასდროს, ჩვენთვის და ჩვენი მომავლისთვის აუცილებელია ეროვნული თანხმობა და ერთსულოვნება. ძალა ერთობაშია! საჭიროდ მიმაჩნია ნებისმიერი ფორმატი, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, რომ ყველამ ერთად გამოვხატოთ მთელი ერი ვდგავართ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს. ახლა მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო. ჩემი მხრივ, მზად ვარ, წარმოვადგინო საქართველო (როგორც კონსტიტუცია მაძლევს ამის უფლებას), ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. უკრაინის საკითხი ჩვენი საკითხია და საჭიროა საქართველოს ხმა მოისმინონ იქაც. ვიყავით, ვართ და მუდამ ვიქნებით მშვიდობიანი გზის მცდელობის მხარეზე, მაგრამ პრინციპების დაცვის მხარეზე. ეს არის ის, რაც უნდა იყოს ჩვენი ერთსულოვნება“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.