"თბილისი გაცილებით საშიში ქალაქია სეისმური თვალსაზრისით, ვიდრე ოცი წლის წინ გვეგონა" - რა საფრთხეზე საუბრობენ სპეციალისტები და რას ურჩევენ მშენებლებს?
ალბათ შეატყობდით, ბოლო დროს საქართველოში მიწისძვრების სიხშირე მომატებულია. აღმოჩნდა, რომ ბოლოდროინდელი რყევები უფრო ჯავახეთის ზეგანზე პერიოდულ სეისმურ აქტივობასთან არის დაკავშირებული.
მოგეხსენებათ, რომ კავკასია სეისმურად აქტიური ზონაა. თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად აკმაყოფილებენ ჩვენი შენობა-ნაგებობები სეისმური მედეგობის ახალ სტანდარტებს.
AMBEBI.GE-მ გახშირებულ მიწისძვრებსა და სამამულო სეისმომედეგობაზე დარგის პროფესიონალებს ჰკითხა. ჩვენი პირველი რესპონდენტი ლაშა სუხიშვილია, გეოლოგი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი:
- საქართველოში მიწისძვრები გახშირებული არ არის. უბრალოდ, ქვეყანაში რამდენიმე კერაა, სადაც როგორც წესი ხდება მსგავსი გააქტიურება. მაგალითად, ჯავახეთის ქედზე, სადაც ინსტიტუტის ვებ-გვერდზეც ძალიან ხშირად იდება ინფორმაცია, რომ მიწისძვრა მოხდა სოფელ სამებასთან და ა.შ. ჯავახეთის ქედი ასე დაახლოებით 4-5 წლის წინაც იყო გააქტიურებული. შემდეგ მინელდა, ახლა ისევ ამოქმედდა.
ასეთივე უბანია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მყინვარწვერის მიდამოები, სადაც დღეში შეიძლება 300 მიწისძვრა მოხდეს, მაგრამ ძალიან სუსტი რყევებია. ამ ეტაპზე რხევები გახშირდა, ისევ ჩაცხრება, პროცესი გაგრძელდება. როგორც ჩანს, ეს უნდა უკავშირდებოდეს მაგმურ აქტივობას. აქ ვულკანიზმი აღარ გვხვდება, თუმცა არის ნარჩენი მაგმატიზმი, რომელიც ასეთ მცირე მიწისძვრებს იწვევს.
ჯავახეთის ქედზე გახშირებული მიწისძვრების მიუხედავადაც, სეისმომედეგობის მხრივ რთული სიტუაციაა; რადგან სამშენებლო კანონმდებლობა სეისმომედეგობის მიმართულებით არის ძველი და თანაც კურიოზული.
- რატომ კურიოზული?
- როდესაც მიიღეს ეს კანონი სეისმომედეგობის შესახებ, რუკა და მონაცემები უკვე დაძველებული იყო. ანუ, უკვე ვადაგასულ საფუძველზე გაკეთდა ეს ყველაფერი. ვადაგასული იმიტომ, რომ ეს მონაცემები ყოველ ხუთ წელიწადში ახლდება. ეს კანონი დაახლოებით 15-20 წლის წინ მიიღეს, დღემდე აქტიური და გამოყენებადია, რაც სრული ნონსენსია.
მშენებლობები, რომელიც ამ კანონის საფუძველზე იწარმოება, არ შეესაბამება რეალობას, რომელიც ქვეყანაში სეისმური კუთხით არსებობს. ეს რეალობა არ შეცვლილა, იგივეა, უბრალოდ, რაც დრო გადის, ახალი მონაცემები გროვდება, ახალი ტექნოლოგიები და შეფასებები არსებობს. ეს ყოველ ხუთ წელიწადში ახლდება და რეალურად ისაა, რაც მშენებლობებს საფუძვლად უნდა ედოს.
სამწუხაროდ, ასეთი სიხშირით კანონის ცვლა და ახალი მონაცემების ასახვა ვერ ხდება. ეს სიტუაცია ალბათ აწყობს როგორც დეველოპერულ სექტორს (ასეთი მშენებლობა იაფია), ისე მყიდველს, რადგან მერე შექმნილი პროდუქტი ნაკლები ღირს და ა.შ.
- ახალი მონაცემები ახსენეთ და როგორია ის?
- ეს უფრო ვიწრო სამეცნიერო საკითხია. ახალი მონაცემები ახალ მიწისძვრებს ნიშნავს. ჩვენ სფეროში მიწისძვრა უხეში შედარებით ერთგვარი ექოსკოპიაა, როცა აპარატის მეშვეობით იგებ შიგნით რა ხდება. მიწისძვრას ჩვენამდე მოაქვს ინფორმაცია, რომელიც აქამდე არ გვქონდა დედამიწის აგებულების შესახებ; საუბარია იმ კონკრეტულ უბანზე.
ამიტომ ერთი მხრივ მიწისძვრა კატასტროფაა და შეიძლება ნგრევა გამოიწვის, ჩვენთვის ეს ინფორმაციის წყაროა, მის გარეშე რომ არ გვექნებოდა; რადგან წარმოუდგენელია 10-დან 15 კილომეტრზე გაბურღო, ჩახვიდე და ნახო როგორ არის აგებული მონაკვეთი.
- კანონმდებლობის სიძველისა და კურიოზულობის გათვალისწინებით, რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ?
- დღეს უკვე ვიცით, რომ თბილისი გაცილებით უფრო საშიში ქალაქია სეისმური თვალსაზრისით, ვიდრე ოცი წლის წინ გვეგონა რომ იქნებოდა. ეს ახალი ინფორმაცია, ბუნებრივია, ასახული არ არის სამშენებლო ნორმებში. შესაბამისად, მშენებლობები ისევ ძველი მონაცემების მიხედვით მიმდინარეობს.
როცა საკითხი ასე დგას, შესაძლო მიწისძვრა გამოიწვევს შენობის დანგრევას, დაბზარვას, ისეთ დანგრევას, რომ აღდგენას აზრი აქ ჰქონდეს, მსხვერპლს და ა.შ. აი ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებთ, რადგან ყველა შენობას ინდივიდუალური ექსპერტიზა სჭირდება აღნიშნული მიმართულებით.