ახლა დავაფასე თითოეული წამი და ენერგია, რასაც დედები შვილების მოვლას უთმობენ" - რას წერს ახალგაზრდა მამა, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში გავიდა
შესაძლოა, ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხვდებოდეთ ახალგაზრდა მამებს, რომლებიც მარტო ასეირნებენ შვილებს პარკსა თუ ქუჩაში, მიჰყავთ სათამაშო მოედანზე და ზრუნავენ მათზე. მრავალი წლის წინ, საზოგადოების ნაწილი ამ საკითხს სტერეოტიპულად უყურებდა და ფიქრობდა, თუ მამაკაცს ბავშვი მარტო მიჰყავდა სასეირნოდ, მარტოხელა იყო. დღეს კი საკითხი სხვაგვარად დგას. ეგ კი არა, უკვე ისეთი შემთხვევაც არაა ცოტა, როცა დედა მუშაობს, მამა კი დეკრეტულ შვებულებაშია. ეს უცხოეთში მიღებული პრაქტიკაა და მრავალი მშობელი აზიარებს საკუთარ გამოცდილებას. ამ სქემას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, ბევრიც მომხრე.
ერთი ახალგაზრდა მამა, რომელიც დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და შვილის მოვლა დაიწყო, საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს და სირთულეებს აღწერს.
"როცა დადგა საკითხი, რომ ცოლს მშობიარობის შემდეგ მალევე უნდოდა სამსახურში წასვლა, ბავშვი კი ძიძასთან ერთად იქნებოდა, გავაპროტესტე. გარდა ამისა, ძიძის ხარჯებიც ძალიან მაღალი იყო. თავისუფალი გრაფიკით ვმუშაობდი და შემეძლო საქმე დისტანციურად გამეკეთებინა. გადავწყვიტე სახლში დაჯდომა, მით უმეტეს, რომ ჩემი შვილი დიდი ხნის ნანატრია ჩვენთვის, მე კი, ზრდასრული მამაკაცი, უფრო რთულ დავალებებს გავუმკლავდი. ჩემი მეუღლე ჩემს შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებდა, რამაც უკმაყოფილება და კონფლიქტი გამოიწვია. დაჟინებით მოვითხოვე და დეკრეტულ შვებულებაში გავედი.
სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ ძირითადად მშვიდად იყო. ჭამე და დაიძინე, დაიძინე და ჭამე. მექანიკური მოქმედებები - გამოცვლა, გარეცხვა, კვება, სწრაფად ვისწავლე. პირველი ორი კვირა სახლში არავინ დაღლილა.მერე ცოლი სამსახურში წავიდა და ყველაზე საინტერესო ეტაპი დაიწყო: ჭირვეულობა სხვადასხვა მიზეზის გამო, ჭამა, დაძინება. თითქოს ყველაფერს ვუმკლავდებოდი, მაგრამ ვერც კი შევამჩნიე, როგორ შევწვყვიტე ჩემი პირადი საქმეების კეთება და მთლიანად ბავშვის მოვლაზე გადავერთე. ძალიან ვიღლებოდი, ამასობაში ირგვლივ ყველა ფიქრობდა, რომ სახლში ვიჯექი და არაფერს ვაკეთებდი.
სახლში ვზივარ. დიახ, მაგრამ სიამოვნებით წავიდოდი სამ სამსახურში, იმდენად დამღლელია ყოველდღიური რუტინა, მხოლოდ მაშინ მივხვდი დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ქალების ყველა პრეტენზიას. მივხვდი, რატომ იქმნება დამხმარე კლუბები პატარა ბავშვების დედებისთვის, რასაც ადრე სისულელედ ვთვლიდი და დავაფასე თითოეული წამი, დრო და ენერგია, რასაც შვილების მოვლას უთმობენ.ძალიან ცუდია ინფორმაციული ვაკუუმი და საზოგადოების მიერ მცირეწლოვან ბავშვებზე ზრუნვის პროცესის გაუფასურება.