"თბილისში სახლი გავყიდეთ და აქ გადმოვედით - სოფელში გადასახლებული წყვილის მეურნეობა
თბილისიდან სოფლად დასახლებული ახალგაზრდა ოჯახის შესახებ უნდა მოგითხროთ, რომლის წევრებსაც ბუნება ძალიან უყვართ და გარემოზე ზრუნვაც გამორჩეულად გამოსდით. თუმცა სანამ სოფლად ცხოვრებას გადაწყვეტდნენ, კარგად დაფიქრდნენ, საკუთარი შესაძლებლობები და უნარები შეაფასეს - შეძლებდნენ ქალაქში გონებრივი შრომისთვის სოფლად ფიზიკური შრომა შეეთავსებინათ? იმაზეც იფიქრეს, ამ ყველაფერს ცოდნა რომ სჭირდებოდა და საფუძვლიანი ცოდნის მიღებაც არ დაიზარეს.
ბესიკ ანდრიაძე:
- თბილისში კერძო სახლი გავყიდეთ და სამი წლის წინ სოფელ თხინვალაში მიწა შევიძინეთ, სადაც სახლი ავიშენეთ. ეს ადგილი თბილისს ეკუთვნის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაა. ვცხოვრობთ მე, მეუღლე და ბავშვი. დავსახლდით თუ არა, ნაკვეთში დავრგეთ ხეხილი, დეკორატიული მცენარეები. ფართობი 900 კვადრატული მეტრია, ოჯახისთვის საკმარისია. კომფორტს რაც შეეხება, ეს ტერიტორია ისე სწრაფად გაშენდა, „მილიონერების უბანსაც“ კი ეძახიან. წყალი, დენი, ინტერნეტი გვაქვს.
მოკლედ, დეკორატიული ბოცვრები მოვაშენეთ, ოღონდ, ჩვენი გაზრდილი ცხოველების ხორცს არ მივირთმევთ, თან დეკორატიული ბოცვერის ხორცი არც იჭმევა. ისინი სილამაზის გამო ირჩევა. სხვადასხვა ჯიში გვყავს, დაახლოებით 50 ცალია და ნელ-ნელა ვყიდით.
- დეკორატიული ბოცვრის მოვლის წესები როგორია?
- დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კვებას, რადგან კუჭ-ნაწლავის სისტემა სუსტი აქვთ. ძირითადად, მარცვლეულს (შვრია, ქერი) ჭამენ, ასევე სხვადასხვა სასარგებლო ბალახს. ამაშიც კარგად უნდა გაერკვე, რადგან ზოგიერთი ბალახი მომწამვლელია. ამიტომ საკვებს საგანგებოდ ვურჩევთ. ბალახი ვიტამინებით ამდიდრებს მათ ორგანიზმს. იონჯაც მოვიყვანეთ. შვრიასა და ქერს კი ვყიდულობთ. წყალი ჭურჭელში მუდმივად უნდა ედგათ. სისუფთავე მათთვის აუცილებელია, ამიტომ მუდმივად ვიცავთ, რომ რამე ბაქტერია არ შეჰყვეთ და არ დაავადდნენ. დაავადებები სწორედ უსუფთაობით ჩნდება. მოკლედ, კვებასა და სისუფთავეს დიდ ყურადღებას ვაქცევთ.
- ვაქცინაცია არ სჭირდებათ?
- ბოცვრებში ვაქცინაცია საქართველოში არ ხდება, რადგანაც ცოფი არ ემართებათ. თუ სხვა ცხოველისგან გადაედოთ, იმდენად სწრაფად იხოცებიან, რომ ცოფის გადატანას ვერც ასწრებენ. იმუნიტეტი ძალიან სუსტი აქვთ. მხოლოდ მუცლის ჭიაზე ვცრით, რომ ნაწლავებში ჭია არ გაუჩნდეთ. დეკორატიული ბოცვერი სუფთა ცხოველია. მისი ნაკბენი თუ განაკაწრი უსაფრთხოა, ადამიანს აცრა არ სჭირდება, თან ჩვენი ბოცვრები ძალიან ჯანმრთელები არიან, არც მიწას ეხებიან და არც სხვა ცხოველებს, გალიებში გვყავს. განაგრძეთ კითხვა
ლალი ფაცია