"პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე - დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული..." - მანანა მგალობლიშვილი
"ეს ხალხი სულ დევნილის სტატუსის ქვეშ როგორ უნდა იყოს, მათ უმრავლესობას დასახმარებელი არაფერი სჭირს", - ეს განცხადება "გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას ეკუთვნის. პოლიტიკოსის ამ განცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც აფხაზეთში დაიბადნენ, გაიზარდნენ და დღემდე დევნილის სტატუსით ცხოვრობენ. მათ შორის არის ექიმი მანანა მგალობლიშვილი, რომელმაც წლების შემდეგ სტუმრად ჩავიდა საკუთარ ქალაქში და სახლი, სადაც მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად ცხოვრობდა, განადგურებული დახვდა.
მანანა მგალობლიშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ის და მისი შვილები დღემდე ატარებენ დევნილის სტატუსს, თუმცა ფულადი დახმარებას არ იღებენ და ბინაც არასოდეს მოუთხოვიათ... ექვსი და-ძმა ჰყავს და დახმარებას არც ისინი იღებენ... მართალია, მისი მოგზაურობა არარეთხელ გაშუქებულა მედიაში, მაგრამ ქალბატონმა მანანამ სოციალურ ქსელში პირველად გამოაქვეყნა საკუთარი სახლის ფოტოები...
"ბავშვობიდან ოპტიმისტი გახლავართ, ვცდილობ, ნაკლებად ვიფიქრო ნეგატიურზე, წარსულის სევდიან ეპიზოდებზე და არ ვიდარდო იმაზე, რაც გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, 29 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ გასულა ისე, რომ გონებაში ერთი წამით მაინც არ აღმედგინა ჩემი დიდი და ლამაზი სახლი სოხუმში, ფართოდ გადაშლილი აივნებით, გრძელი კიბეებით, მამაჩემის ფანტაზიით შექმნილი მარან-აუზებით…
ზოგჯერ დედაჩემის გადაძახილიც მესმის ან მამაჩემის მტკიცე და დინჯი საუბარი, დროდადრო ზღვის იოდნარევ ჰაერში გაზავებული ევკალიპტების, პიტნისა და მანდარინების სურნელსაც შევიგრძნობ.
დღეს პირველად ვაქვეყნებ ჩემი სახლის ფოტოს, რომელიც ორიოდე წლის წინ სოხუმში მოგზაურობისას გადავიღე. დამწვარი, ჩამონგრეული, გაძარცული, გაშიშვლებული მიტოვებული, დაჩაგრული, გაოგნებული... მაგრამ თითქოს მაინც ამაყად მდგარი, ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია ან ასე მინდა, რომ იყოს..
ძალიან მინდოდა შევსულიყავი შიგნით და წარსულის მემატიანე ნარჩენებისთვის ხელი შემევლო, მაგრამ ვერ შევძელი, რადგან მთელი ეზო ეკალბარდებით იყო დაფარული და ჭიშკარიც ველურ მცენარეებს ნელ სიკვდილში ჩაეთრიათ.
სიტყვა "ტრაგედია" და "შოკი" ისე სრულყოფილად ვერ ასახავს იმ შინაგან მდგომარეობას, რაც უკლებლივ ყველა დევნილმა გამოიარა, ფსიქოლოგიური ტრავმა იმდენად ღრმა იყო თითოეული მათგანისთვის, რომ ბევრმა ვერ შეძლო ახალი ცხოვრების დაწყება, დარჩა ისევ იქ, აფხაზეთში, წარსული დიდების მოგონებებში და მწარე ნოსტალგიაში. შესაძლოა ეს გარკვეული შინაგანი პროტესტიც გახლდათ - ახალი რეალობის არ მიღების, არ აღიარების და არ შეგუების... განაგრძეთ კითხვა