ბიძინა კულუმბეგოვი - იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები, ვურჩევდი, ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას | Allnews.Ge

ბიძინა კულუმბეგოვი - იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები, ვურჩევდი, ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას

სკოლა უნდა გაიხსნა პირველი და უნდა დაიხუროს ბოლო - სკოლა და სასწავლო პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რეგულაციები არსებობდა არდადეგებამდეც და ამ რეგულაციებით უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი. ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

კულუმბეგოვის განცხადებით, ბავშვებმა, რომლებიც არ არიან აცრილები და პარალელურად აქვთ ქრონიკული დაავადებები, სასურველია სწავლა ონლაინ რეჟიმში გააგრძელონ. მისივე თქმით, ონლაინსწავლება უნდა გააგრძელოს მრავალსულიან ოჯახში მცხოვრებმა ბავშვმაც.

„მთავარი პრინციპი, რომელსაც არ უნდა ვუღალატოთ, რასაც გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიოც მოუწოდებს, არის ის, რომ სკოლა უნდა გაიხსნა პირველი და სკოლა უნდა დაიხუროს ბოლო. სკოლა და სასწავლო პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რეგულაციები არსებობდა არდადეგებამდეც და ამ რეგულაციებით უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი. ბავშვები უნდა დაბრუნდნენ საკლასო ოთახებში. რაღაც ტიპის რისკები ბუნებრივია არსებობს, მით უმეტეს შიდასაზოგადოებრივი გავრცელების იმ ფაზაზე, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

მე, როგორც ექიმი იმ ოჯახებს, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან რომელიმე ქრონიკული დაავადებების მატარებლები, მაგალითად სასუნთქი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტის, ნევროლოგიური პრობლემების და ასე შემდეგ, ასეთ ოჯახებს ვურჩევდი ბავშვების ონლაინ სწავლებაზე დატოვებას. მეორე მხრივ ბავშვი შეიძლება იყოს აცრილი და სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი და ჰყავდეთ ასაკოვანი ადამიანები ოჯახში. ასეთ ადამიანებსაც ვურჩევდი ონლაინ რეჟიმზე გადასვლას. სხვა შემთხვევაში სკოლა უნდა გაგრძელდეს ჰიბრიდული წესით. წერტილოვანი ჩაკეტვები იქნება, რეგულაციები არსებობს. მესმის, ძალიან რთულია პირბადის ტარება ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ სწორი ახსნის და მაგალითების ჩვენების პირობებში შესაძლებელია. ამიტომ, მშობლებს ვთხოვ მათი და სკოლის უსაფრთხოების მიზნით ბავშვებს გაუკეთონ პირბადე", - განაცხადა მედიაჰოლდინგ „კვირაში“ ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამასთან, ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ტესტირების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კლინიკური სიმპტომატიკის არ მქონე კონტაქტებისთვის, კორონავირუსის გამოსავლენად მხოლოდ PCR ტესტის გაკეთებას აქვს აზრი.

„ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემა, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და FDA ცალსახად ადასტურებს, რომ რაღაც სერიოზული გარღვევა იმასთან დაკავშირებით, რომ სწრაფი ან PCR ტესტი ვერ პოულობდეს „ომიკრონით“ დაავადებულ პაციენტებს, არ ფიქსირდება. ამიტომ, სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე დღეში ადამიანებმა მაინც უნდა გაიკეთონ ტესტი, რაც აუცილებელია. ჩვენ ვამბობთ, რომ PCR ტესტი არის ოქროს სტანდარტი დაავადების გამოსავლენად, მაგრამ ისიც არ არის 100%-იანი. კონტაქტების ძიებისას ანტიგენის ტესტს პრაქტიკულად არ შეუძლია დაბალ კონცენტრაციაში გამოავლინოს ვირუსი, შესაბამისად ანტიგენის ტესტის მგრძნობელობა იზრდება მხოლოდ კლინიკური სიმპტომების მქონე ადამიანში. ამიტომ ანტიგენის ტესტის გაკეთებას აზრი მაშინ აქვს, თუ კლინიკური სიმპტომატიკა არის გამოვლენილი. თუ ვეძებთ მხოლოდ კონტაქტებს და არ გვაქვს კლინიკური სიმპტომატიკა, მაშინ მხოლოდ და მხოლოდ აზრი აქვს PCR ტესტის გაკეთებას. თუ კლინიკური სიმპტომატიკა აქვს ადამიანს და ანტიგენი უარყოფითია, რასაკვირველია მეორე ეტაპზე უნდა ჩატარდეს PCR ტესტირება. თუ ჩვენ გვაქვს კლინიკური სიმპტომებით გამოხატული, აუცილებლად გვჭირდება თვითიზოლაცია და პროტოკოლით ტესტირება. გაქვთ კლინიკური სიმპტომები? ძალიან გთხოვთ დარჩით სახლში და მიჰყევით ტესტირების ეტაპებს. ცდომილების ზღვარი არსებობს, არსებობდა და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. ტესტები მოქმედი და ვალიდურია. ტესტები იჭერენ „ომიკრონს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

myquiz