კომაროველი მოსწავლე პრინსტონის უნივერსიტეტში 250.000$-ის დაფინანსებით ჩაირიცხა - რა ინფორმაციას აქვეყნებს მასზე სკოლა | Allnews.Ge

კომაროველი მოსწავლე პრინსტონის უნივერსიტეტში 250.000$-ის დაფინანსებით ჩაირიცხა - რა ინფორმაციას აქვეყნებს მასზე სკოლა

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლაშა გიორგი შამუგია 250.000$-ის დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში-Princeton University (აშშ) ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია კომაროვის სკოლა აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პრინსტონის უნივერსიტეტი Ivy League-ის, ამერიკისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და პრესტიჟული უნივერსიტეტია.

მათივე ინფორმაციით, ლაშა ამჟამად რამდენიმე რეიტინგული უნივერსიტეტიდან ელოდება პასუხს და საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მიიღებს. ის სწავლის გაგრძელებას აეროკოსმოსური და მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გეგმავს, როგორც თვითონ ამბობს, ავიაცია და პლანეტებს შორის მოგზაურობის იდეა ყოველთვის აღაფრთოვანებდა და ფიზიკისა და მათემატიკის ცოდნამ და სიყვარულმა მომავალი პროფესიის არჩევა კიდევ უფრო გაუმარტივა.

კომაროვის სკოლა ასევე ლაშა გიორგის უკვე მიღწეულ წარმატებებზე წერს:

"ლაშა არის: კომაროვის ფიზიკის წრის წარმატებული მოსწავლე;

2019, 2020 წლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტი ფიზიკასა და მათემატიკაში (2020);

ინოვაციური მოხალისეობრივი პროექტის "შეხვედრები მათემატიკაზე" ინიციატორი და ორგანიზატორი - ის 5 თვის განმავლობაში მოხალისეობრივად ამზადებდა 14 მეექვსეკლასელს მათემატიკაში, მათ შორის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდების ჩასაბარებლად;EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club სტუდენტი და მოსწავლეთა პირველი საერთაშორისო კონგრესის (EducationUSA CCC Congress) 2020 წლის ერთ-ერთი დელეგატი;მწერალთა საერთაშორისო კონკურსის "სტრიქონებს შორის" (IWP BTL) 2021 წლის ნახევარფინალისტი;

ამ ყველაფრის პარალელურად ლაშას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკას, ის არაერთი წელი იყო ფოლკლორულ გუნდ "შავნაბადას" სოლისტი და მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე." - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ეს სიახლე ნამდვილად იქნება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისი და გულწრფელად მაქვს სურვილი, ეს იყოს ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯიც, რომლითაც შევძლებ, ხელი შევუწყო საქართველოს განვითარებას, დასავლეთისკენ შეუფერხებლად სვლას და სწორი ღირებულებებისადმი მხარდაჭერას. ჩემი მთავარი რჩევა კი მათთვის, ვინც ახლა გადის ამ გზას, ან მომავალში გეგმავს: ყველაფერი შესაძლებელია; მთავარია მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს და არ დანებდეთ არცერთი მარცხის შემდეგ." - ასე ეხმაურება ლაშა შამუგია საკუთარ წარმატებას სოციალურ ქსელში და მეგობრებს, მასწავლებლებსა და ახლობლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

უფრო კონკრეტულად, რა დაეხმარა წარმატების მიღწევაში, ის ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში საუბრობს:

- ოჯახის ემოციურ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ასევე, სკოლამ განსაკუთრებული როლი ითამაშა. გარდა ამისა, EducationUsa Georgia ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში ამერიკის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც იმ აბიტურიენტებს უწევენ ტექნიკური სახის კონსულტაციას, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლის გაგრძელება სურთ. მათი დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. წარმატების მიღწევის ერთი კონკრეტული გასაღები არ არსებობს. მგონია, მთავარია, არ შევუშინდეთ გამოწვევებს, გადავლახოთ სირთულეები და სიახლეების მიმართ მიმღებლობა გვქონდეს, რომ რაც შეიძლება მეტი, საინტერესო შესაძლებლობა გამოვიყნოთ ჩვენს სასარგებლოდ. ამერიკული უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის ნიშნებს, რა სირთულის საგნებს ვსწავლობდით და ასე შემდეგ, შესაბამისად, ჩემი რჩევა იქნება, აუცილებლად მიაქციეთ სკოლის საგნებს ყურადღება და გარდა ამისა, იმ საგნებთან მიმართებით, რაც თქვენს მიმართულებასთანაა კავშირში, განსაკუთრებით ყურადღებით იყავით. სწავლა ბავშვობიდან მიყვარდა, მაგრამ რაკი ჩემი მიმართულება აეროკოსმოსური და მექანკური ინჟინერიაა, ცხადია, განსაკუთრებით მაინტერესებს ინჟინერია, ფიზიკა და მათემატიკა.

- ზოგჯერ ტექნიკური საგნების სწავლა უჭირთ, რას ურჩევთ ასეთ ბავშვებს, რას მიქციონ ყურადღება?

- ზოგადად, მგონია, ყველამ უნდა ისწავლოს და აკეთოს ის, რაც გულით აინტერესებს. ცხადია, სირთულეები ყველგანაა, ყველაფერს მუშაობა სჭირდება, მაგრამ მთავარი მაინც ინტერესი და მონდომებაა.

- რა როლი აქვს დავალებების შესრულებას სწავლების პროცესში?

- ის დავალებები, რომლებსაც, პირობითად, სკოლაში გვაძლევენ, მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიმუშაოთ ბევრი სხვადასხვა, საჭირო უნარი, რაც ნამდვილად გვეხმარება გამოცდების დროს და ცხადია, ეს უნარები მნიშვნელოვან როლს თამაშობს წარმატების მიღწევაში.

- რა მნიშვნელობა აქვს დროის სწორად გადანაწილებას?

- დროის, პრიორიტეტებისა და ინტერესების სწორად გადანაწილებას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, რომ ხარისხიანად მოვასწროთ ყველაფერი, რის გაკეთებასაც ვგეგმავთ.

- მშობლები რამდენად იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, თუ აკონტროლებდნენ დავალებებს, ნიშნებს, აქტივობებს?

- ჩემს შემთხვევაში, მშობლების ემოციურ მხარდაჭერას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუმცა, ისინი მაძლევდნენ თავისუფლებას იმ კუთხით, რომ თავად ვგეგმავდი და ვგეგმავ იმ აქტივობებს, სასკოლო საქმეებს ისე, როგორც მე ვთვლი საჭიროდ. მაგრამ, მათი რჩევები, ემოციური მხარდაჭერა ყოველთვის მეხმარება.

- რა შეგიძლია ურჩიო აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის ემზდებიან?

- ჩემი რჩევაა, ირწმუნეთ საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს უნიკალური უნარი, რომლითაც სხვებისგან განსხვავდება. გარდა ამისა, ალბათ, იქნება სხვადასხვა ტიპის დაბრკოლება და პრობლემა, არ უნდა შეუშინდნეთ და მაინც განაგრძეთ სურვილებისა და მიზნებისაკენ სწრაფვა.

myquiz