კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები საახალწლო დღეებში - საახალწლოდ სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანები 4-5კგ-საც კი იმატებენ რამდენიმე დღეში | Allnews.Ge

კვებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები საახალწლო დღეებში - საახალწლოდ სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანები 4-5კგ-საც კი იმატებენ რამდენიმე დღეში

გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი, თამარ ჩადუნელი.

- რა საფრთხეს გვიქმნის სადღესასწაულო დღეები და საახალწლო სუფრა?

- იქიდან გამომდინარე, რომ საახალწლო სუფრა სავსეა მაღალკალორიული პროდუქტებით, ტკბილეულით, ცომეულით, ნიგვზიანი და ცხიმიანი საკვებით, საახალწლო დღეებში კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ გარკევული ჩივილები იჩენს ხოლმე თავს.

- როგორ ავირიდოთ წონის მატება საახალწლო დღეებში?

- წონის მომატებული რისკი აქვთ მათ, ვისაც ისედაც ჭარბი წონა აწუხებთ. თუმცა, დატვირთული რაციონიდან გამომდინარე საახალწლო დღეებში ნორმალური წონის მქონე ადამიანებიც იმატებენ. იმისათვის, რომ წონის მატება თავიდან ავირიდოთ, აუცილებელია ზომიერების დაცვა, საყვარელი მაღალკალორიული პროდუქტები მივირთვათ გასინჯვის დონეზე.

დღესასწაულების დროს გვჩვევია, რომ დღისით უარი ვთქვათ საკვებზე და საღამოს დავარღვიოთ დიეტა, რაც არასწორი მიდგომაა. როცა საღამოს მშიერი ვეგებებით კერძებით დატვირთულ სუფრას, ზომიერების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.

აუცილებელია დღის განმავლობაში მსუბუქი წახემსება, ძალიან მოშიებული არ უნდა მიუსხდეთ საახალწლო სუფრას, ვინაიდან შიმშილის ფონზე უფრო მეტ საკვებს ვღებულობთ.

აუცილებელია საკვების გააზრებული და ნელი მიღებაც. კვების დროს კონცენტირებული უნდა ვიყოთ მხოლოდ საკვების მიღებაზე, არ უნდა ვსაუბრობდეთ, არ უნდა ვუყურებდეთ ტელევიზროს და აშ. ასე უფრო მცირე რაოდენობით ვღებულობთ საკვებს და დანაყრების შეგრძნებაც უფრო დროულია.

- რა პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას საახალწლო დღეებში მაღალკალორიული საკვების მიღება?

- მაღალკალორიული საკვების მიღების ფონზე სისხლში შაქრის დონე იმატებს, რაც დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის არის საფრთხის შემცველი, ვინაიდან მათ შაქრის ცვლა ერღვევათ. საახალწლო დღეებში ქოლესტერინის დონის მომატების რისკიც მატულობს.

მაღალკალორიული, ცხიმიანი, ნიგვზიანი საკვების მიღებისას კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც იჩენს თავს. ადამიანები ხშირად უჩივიან მუცლის არეში სიმძიმის შეგრძნებას, შებერილობას, გულისრევას, გულძმარვას, მარჯვენა ფერდქვეშ არეში დისკომფორტი.

რაც შეეხება ალკოჰოლს, მისი დიდი რაოდენობით მიღება და მითუმეტეს, თუ სხვადასხვა სახის ალკოჰოლური საშუალებას მიირთმევთ, ორგანიზმისთვის ძალიან რთული ასატანი იქნება.

საახალწლო დღებში შეიძლება ზოგმა მხოლოდ ნახევარი, ან ერთი კილო მოიმატოს, თუმცა სიმსუქნისკენ მიდრეკილი ადამიანები ხშირად 4-5კგ-საც კი იმატებენ რამდენიმე დღის განმავლობაში. როდესაც ნორმალური წონის მქონე ადამიანი იმატებს გარკვეულ კილოგრამებს, მას სწორი კვებით მარტივად შეუძლია მომატებული კილოგრამების დაკლება. მათ განსაკუთრებული დიეტა არ სჭირდებათ, რომ საწყის წონას დაუბრუნდნენ.

რაც შეეხება, ჭარბწონიან ადამიანებს, მათი პრობლემა გაცილებით რთულია. სიმსუქნისკენ მიდრეკილ ადამიანებს ორგანიზმში მეტაბოლური დარღვევები აღენიშნებათ, მათი ნივთიერებათა ცვლა შენელებული და გაძნელებულია.მათთვის შესაძლებელია 1ნაჭერი ხაჭაპური წონის მატების მიზეზი გახდეს, როცა ნორმალური წონის მქონე ადამიანებს შეუძლიათ 1-2 ნაჭერი ცომეული წონის მატების გარეშე დააგემოვნონ.

აუცილებელია ჭარბწონიანმა ადამიანებმა მიმართონ ექიმს, გაარკვიონ სიმსუქნის მიზეზი და შესაბამის მკურნალობას მიმართონ. მათ, მადა და მოთხოვნილება უფრო მომატებული აქვთ, განსაკუთრებით ნახშირწყლოვანი და ტკბილი საკვების მიმართ.

- რას გვეტყვით განტვირთვის დღეებზე, რანდებად მისაღები მეთოდია?

- განტვირთვის დღეს ზოგი მხოლოდ მინერალური წყლით აკეთებს, ზოგიც მხოლოდ ერთი სახის პროდუქტს მიირთმევს. არსებობს დამზოგველი სახის განტვირთვაც, როცა 2 სახის პროდუქტის მიღებაც არის დაშვებული, მაგალითად, კიტრი და ხაჭო.

განტვირთვის დღეს რეკომენდებულია მინერალური წყალი, რათა ელექტროლიტების ნაკლებობა ავირიდოთ თავიდან. რაც შეეხება უშაქრო ყავას და ჩაის, რა თქმა უნდა, ნებადართულია.

განტვირთვის დღის მეშვეობით შესაძლებელია იმ ჩივილებისგან გათავისუფლება, რაც საახალწლო სუფრამ დაგვიტოვა. თუმცა,თვითნებურად ყველას ვერ ვურჩევთ, რომ საკვების მიღებაზე თქვან უარი და მოიწყონ განტვირთვის დღეები.

განტვირთვის დღე არ არის რეკომენდირებული მოზარდებისთვის, ასევე დაუშვებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. მათ კი, ვისაც ჭარბი წონა აქვთ და რაიმე დაავადება არ აწუხებთ, კვირაში ერთხეულ შეუძლიათ შიმშლს,ე.წ განტვირთვის დღეს მიმართონ.

myquiz