"კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“ - ვიქტორ სანიკიძე ოჯახზე, სპორტსა და პოლიტიკაში მოსვლაზე
სულ ცოტა ხნის წინ, როგორც პოლიტიკოსი, ისე მოგვევლინა - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით პარლამენტის დეპუტატი გახდა. თუმცა მანამდე, როგორც სპორტსმენმა, საინტერესო გზა გამოიარა. წლების განმავლობაში კალათბურთის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდა და ამ მნიშვნელოვან 15 - წლიან პერიოდს ოქროს წლებად მოიხსენიებს.
"მოხდა ისე, რომ სპორტისთვის იძულებით მომიწია თავის დანებება, ტრავმა მივიღე და ჩამოვშორდი საყვარელ საქმიანობას, რაც მტკივნეული მომენტია ჩემთვის. კალათბურთი ჩემთვის ყველაფერია, უამრავი რამ მომცა, ჩემი ოჯახის შექმნაც კი მასთან არის დაკავშირებული. ახლახან კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ამირჩიეს და ისევ კალათბურთით ვიცხოვრებ, მე მისი უზომოდ მადლიერი ვარ - ამბობს ცნობილი კალათბურთელი და პარლამენტარი ვიქტორ სანიკიძე და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე გვიყვება:
"კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, სიმაღლე არ მიწყობდა ხელს“

1984 წლის 1 -ლ აპრილს დავიბადე. ამ დღეს ყველა ხუმრობს და კარგ ხასიათზეა, თან ადვილად დასამახსოვრებელი თარიღია. ბავშვობისდროინდელი დეტალები და სკოლამდელი წლები ბუნდოვნად მახსოვს, ამიტომ ამ პერიოდზე ბევრს ვერ ვილაპარაკებ.
ორი წლით უფროსი ძმა მყავს, რომელსაც, ჩემგან განსხვავებით, 2 წლის ასაკიდან ახსოვს ყველაფერი. ჩემი მშობლებიც სპორტსმენები არიან - მამა პროფესიონალი კალათბურთელი იყო, დედაც უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა, მათ კალათბურთის მეშვეობით გაიცნეს ერთმანეთი. ასე რომ, სპორტულ-საკალათბურთო ოჯახში გავიზარდე.

სხვათა შორის, ჩემს კლასში ყველაზე მაღლად არ ვითვლებოდი, მერე ავიყარე ტანი. ერთ დღესაც, როცა საზაფხულო არდადეგებიდან დავბრუნდი, აღმოჩნდა, რომ კლასში ყველაზე მაღალი ვიყავი. კალათბურთზე ცოტა დაგვიანებით შევედი, რადგან სიმაღლე არ მიწყობდა ხელს. მშობლებმა ჯერ ჩემი ძმა - ზურა შეიყვანეს კალათბურთზე, მეც რა გამაჩერებდა შინ მარტოს და, ასე ვთქვათ, ძალით "შევეკვეტე“ ამ სპორტში. მაშინ 12-13 წლის ვიყავი, მაგრამ "სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს", ხომ გაგიგონიათ...
ამერიკიდან დაწყებული და საფრანგეთში გაგრძელებული სპორტული კარიერა

სკოლაში კარგად ვსწავლობდი, ოთხიანი ჩემთვის მიუღებელი ნიშანი იყო. დიდი პასუხისმგებლობის გრძნობის წყალობით, სკოლა წარჩინებით დავამთავრე. 16 წლამდე ასაკის ნაკრებში მომიწია თამაში, მახსოვს, ახალგაზრდული ოლიმპიადა იყო მოსკოვში, რის შემდეგაც შემოთავაზება მივიღე, სპორტული კარიერა ამერიკაში გამეგრძელებინა და პარალელურად, კოლეჯში მესწავლა. ნიუ იორკიდან მქონდა მოწვევა, მეტი რა უნდოდა პატარა ბიჭს და დავთანხმდი, აქედან დაიწყო ყველაფერი.

სხვა მოლოდინები მქონდა და არც თუ ისე კარგ კოლეჯში მოვხვდი, იქ სხვა რეალობა დამხვდა - ვერც სპორტული და ვერც განათლების მხრივ, განვითარებას ვერ ვხედავდი, შესაბამისად, იქ 4 წელი აღარ დავრჩი და ერთი წლის მერე, იმედგაცრუებული საქართველოში დავბრუნდი. მალევე შემოთავაზება მივიღე საფრანგეთიდან, რაც ჩემთვის დიდი წარმატება იყო - ხელი მოვაწერე პროფესიონალურ კონტრაქტს საფრანგეთის ქალაქ დიჟონში,1 წელი იქ გავატარე და მერე NBA-ში მოვხვდი. ამ ასაკში ეს ოცნებაზე მეტი იყო. სკოლა როდესაც დავამთავრე, უნივერსიტეტში ჩავაბარე, იურიდიულ ფაკულტეტზე, მერე დაუსწრებელზე გადავედი და ზაფხულობით მიწევდა ჩამოსვლა გამოცდების ჩასაბარებლად.