"ხშირად ბულინგის მსხვერპლი ვხდები"- წარმატებული ქართველი ბოდიბილდერი, რომლის დაკუნთული ვიზუალი ბევრს უკვირს
ის, რომ ბულინგის მსხვერპლნი ხშირად ძლიერი ქალებიც ხდებიან, ამის კარგი მაგალითი მაკა ხიზანიშვილია. ის ფიტნეს-ინსტრუქტორია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე 52 წლისაა, თაყვანისმცემლების ნაკლებობას არ უჩივის.
მაკას ცხოვრება რაღაცით კონკიას ზღაპარსაც მოგვაგონებს - ადრე ბარის მიმტანადაც მუშაობდა, 50 წლის ასაკში კი ბოდიბილდინგის საერთაშორისო კონკურსის ჩემპიონი გახდა და თავზე მართალია სამეფო ვერა, თუმცა ფიტნეს-დედოფლის გვირგვინი ნამდვილად დაიდგა. მეუღლეს წლების წინ გაშორდა. დღეს მარტო ცხოვრობს და ამბობს, რომ სიყვარულისთვის არ ცხელა. აქვს სუსტი წერტილები და აუსრულებელი ოცნებებიც.
AMBEBI.GE წარმატებულ ქართველ ბოდიბილდერთან ინტერვიუს გთავაზობთ:
- ვინ არის მაკა ხიზანიშვილი?
- მაკა არის დედა, დედამთილი, ბებია, კარგი მეგობარი, ფიტნესში მწვრთნელი და წარმატებული სპორტსმენი.
- შენი გადასახედიდან, როგორია ქალი იდეალი?
- ძლიერი, წარმატებული, როგორც კარიერაში, ისე პირადში. ასევე ფინანსურად. ქალის იდეალი არ მყავს - ასეთი მე ვარ.
- დღეს რომ გადავხედოთ შენს განვლილ ცხოვრებას, წარმატებული ქალი ხარ?
- კი, ცხოვრებაში მქონია რთული პერიოდები, იყო დრო, როცა კარგადაც ვიყავი. ცხოვრებაში დავცემულვარ, თუმცა ისევ წამოვმდგარვარ ყოველთვის და გზა გამიგრძელებია.
- რას ფიქრობენ კაცები შენზე?
- თუ არ მიცნობენ, ხშირად ბულინგის მსხვერპლი ვხდები. თუნდაც სხვადასხვა "ფეისბუქგვერდები" ჩემს ფოტოებს როდესაც დებენ, იწყება თავდასხმა და შემოტევები, ცუდი კომენტარები, ძალიან ცუდიც კი, თუმცა ადრე უფრო დიდი იყო ბულინგის მასშტაბები, ახლა უფრო მიეჩვივნენ, ხომ იცი ადამიანი როგორ ეჩვევა ყველაფერს. მე, მაგალითად, არ მაინტერესებს ვინ რა ტანზეა და ეს მოსაზრებები არც არასდროს დამიწერია ვინმეზე ღიად სოციალურ ქსელებში.
- კაცებს შენი კუნთების ეშინიათ?
- ხასიათის უფრო, ვიდრე კუნთების. იმიტომ, რომ შორიდან ვინც არ მიცნობს, "გრუბი“ ვგონივარ. თუმცა როცა მეცნობიან, ხვდებიან, რომ ძალიან მეგობრული და უშუალო ვარ.
- საინტერესოა, როგორი მეოჯახე ხარ?
- ახლა დრო არ მაქვს, მაგრამ იყო დრო, როდესაც ყოველდღე სახლს ვალაგებდი, ვრეცხავდი, საჭმელს ვამზადებდი, ოჯახს ვუვლიდი - მეუღლეს, შვილს. სახლის საქმეებიდან ყველაზე უკეთ კერძების კეთება გამომდის. ვამზადებ უგემრიელეს საცივს, ხაჭაპურს, ოსტრს და აშ.