როგორ უნდა აიღოთ ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსი გადაიტანეთ | Allnews.Ge

როგორ უნდა აიღოთ ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსი გადაიტანეთ

კორონავირუსის გადატანის შემდეგ ადამიანს "მწვანე სტატუსი" მუდმივად ექნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ დღეს განაცხადა.

როგორ უნდა დაადასტუროთ, რომ კორონავირუსი გადაიტანეთ?

"თუ ადამიანს ლაბორატორიულად დადასტურებული ჰქონდა კორონავირუსი, ამ შემთხვევაში შეუძლია მიმართოს ოჯახის ექიმს, რომ მისცეს ცნობა კოვიდის გადატანის შესახებ, რომელიც ასევე ე.წ. "მწვანე პასპორტის" ფუნქციას ასრულებს", - გვითხრეს ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე.ასევე, შეგიძლიათ შებრძანდეთ საიტზე covidpass.moh.gov.ge, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია, დასქრინოთ QR კოდი, შეინახოთ მობილურში და ისე წარადგინოთ კონკრეტულ დაწესებულებებში.

თუ არ იცით, ვინაა თქვენი ოჯახის ექიმი:

ამ შემთხვევაში შეგიძლიათ შებრძანდეთ ვებგვერდზე ambulatoria.moh.gov.ge, შეიყვანოთ პირადი ნომერი და გადაამოწმოთ, რომელ კლინიკასა და ოჯახის ექიმთან იმყოფებით აღრიცხვაზე.

თუ ოჯახის ექიმი ვერ ახერხებს ცნობის გაცემას, როგორც ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე გვითხრეს, უნდა დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს 15 05-ზე.

შეგახსენებთ, რომ პირველი დეკემბრიდან გარკვეულ დაწესებულებებში მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებთ შესვლას. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი."მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

"მწვანე პასპორტის" გარეშე შესვლას ვერ შეძლებთ:

კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე.

myquiz