"არ ვიცი, ვინ არის ჩემი დონორი, რომლის უზომოდ მადლიერიც ვარ..." - მოულოდნელად დასმული მძიმე დიაგნოზი და დიდი ბრძოლით დამარცხებული სენი
მიმდინარე წლის მაისში, ambebi.ge წერდა, რომ კლინიკაში პროფილაქტიკურ კვლევებზე მისულ გიორგი ფარეშიშვილს მოულოდნელად ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა. ის იმ პერიოდში მკურნალობის კურსს თურქეთის კლინიკაში იწყებდა. საზოგადოებრივი პლატფორმის, "სექტორი 3"-ის თანადამფუძნებლისა და გამგეობის წევრის დასახმარებლად მეგობრები, ნაცნობები და უცნობი ადამიანები გაერთიანდნენ. მატერიალური დახმარების პარალელურად, მას ყველა ამხნევებდა და მხარდაჭერას უცხადებდა. მკურნალობის ინტენსიურმა კურსმა, რომელიც 6 თვე გრძელდებოდა, საბედნიეროდ, შედეგი გამოიღო და გიორგიმ დაავადება დაძლია.
ის გუშინ დილით საქართველოში დაბრუნდა. ახლა კი მის ცხოვრებაში რეაბილიტაციის და მონიტორინგის მკაცრი კურსი იწყება.
ambebi.ge გიორგი ფარეშიშვილს დაუკავშირდა, თურქეთის კლინიკაში გატარებული რთული პერიოდის და დაავადებასთან ბრძოლის ეტაპებზე გიორგი თავად გვიამბობს.
- მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. მადლობა უფალს, რომ ახლა საშუალება მაქვს, გესაუბროთ და გამარჯვების შემდეგ ვილაპარაკო განვლილ მძიმე დღეებზე...
6 მაისს, გიორგობას ლეიკემია დამიდგინდა. 23 ნოემბრის გიორგობისთვის კი უკვე საქართველოში ვარ და განკურნებული.
არანაირი სიმპტომი, მიზეზი არ მქონდა, ჯანმრთელად ვიყავი. კოვიდზე უნდა ავცრილიყავი და როგორც რეკომენდაცია იყო, ამისთვის ანალიზები უნდა გამეკეთებინა. ანალიზები რომ ჩავიტარე, სისხლის საერთო ანალიზში ფორმულა ძალიან არეული აღმოჩნდა... საქართველოში ცნობილ და საუკეთესო ჰემატოლოგთან წავედი და მწვავე მიელოიდური ლეიკემია დამიდგინდა. რომ დავფიქრდი, წინა პერიოდს ვიხსენებდი და გამახსენდა, რომ 2 კვირით ადრე ოდნავი სისუსტე მქონდა, მაგრამ ეს მაშინ იმით ავხსენი, რომ ყოველდღიურად ფეხით ბევრს დავდიოდი, ვმუშაობდი, გადავიღალე, თან, გაზაფხულის პერიოდია და ამის ბრალია-მეთქი.
რომ არ მოგატყუოთ, ცხოვრებაში ყველაფერზე მიფიქრია, მათ შორის, კიბოზეც კი, ანუ ჯანმრთელობის პრობლემების კუთხით, ლეიკემიის გარდა, ყველანაირი რისკი დამიშვია. ამ დაავადებას ვინმე თუ ახსენებდა, გონება თითქოს ჩერდებოდა, ამაზე არ ფიქრობდა. ადრე ალეიკემიის მქონე ბავშვები მოვინახულე და ძალიან განვიცადე, მათი თვალები არ მავიწყდებოდა...
მკურნალ ექიმ, პროფესორ მუთლუ არატთან ერთად
მოკლედ, ექიმს ჩემი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ცუდად არ მოუწოდებია, არ შემაშინა (თვითონ ვთხოვე, ყველაფერი პირდაპირ ეთქვა). მითხრა, რომ განკურნებადი იყო... შემდგომი ეტაპი იმის გადაწყვეტა იყო, სად მემკურნალა - საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკა განიხილებოდა და საბოლოოდ მასზე შევჩერდით. პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში იქ დღესასწაული აღინიშნებოდა და ყველა ცნობილი კლინიკა დაკეტილი იყო, ისვენებდნენ. ამ მიზეზით კი ვერ შეძლებდნენ ჩემთვის კვლევების ჩატარებას. არადა, დრო არ ითმენდა. ამიტომ გადაწყდა, მკურნალობა საქართველოში დაგვეწყო. ის იყო, ქიმიოთერაპიას ვიწყებდით და თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ სრული მზადყოფნა გამოაცხადა, რომ პაციენტი სამკურნალოდ მიეღო. ამაში დიდი როლი ერთ-ერთმა ქართველმა ქალბატონმა ითამაშა და იქ ინტენსიური ქიმიოთერაპია დაიწყო.
- და მთელი 6 თვე, მაისის შემდეგ, სულ იქ იყავით, ხომ?
- კი, არ დამიტოვებია ქვეყანა. ქიმიოთერაპიის შემდეგ, ექიმის მოთხოვნა იყო და პროტოკოლითაც ასეა, იქ უნდა ვყოფილიყავი. ორი კურსი ჩამიტარდა და შემდგომ უკვე ძვლის ტვინი გადამინერგეს.
- თურქი სპეციალისტები რას გეუბნებოდნენ?
- ეს ისეთი დაავადებაა, რომ გარანტიას ვერავინ იძლევა, რომ განიკურნები და გადარჩები, მაგრამ სტატისტიკა ამბობს, რომ ამ დიაგნოზით გადარჩენილთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ცუდად დასრულებული ისტორიები. მკურნალობის პროცესი კომპლექსურად ხდება და ამ დროს ბევრი რამ უნდა იყოს თანხვედრაში. 100%-იანი მოწამვლა მქონდა, პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ, ამ რიცხვმა 25%-მდე დაიწია. მეორე ქიმიოთერაპიის შემდეგ კი, თითქმის განულდა - 3%-მდე ჩამოვიდა. ამან ექიმებს უკვე საშუალება მისცა, ძვლის ტვინი გადაენერგათ. მათ აქვთ დონორების ბანკი, საქართველოში ეს არ არსებობს. სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ არის ჩემი დონორი, რომლის უზომოდ მადლიერიც ვარ. მან ეს უჯრედები ჩემთვის გაიღო...
- იქიდან რა რეკომენდაციებით გამოგიშვეს?
- საკმაოდ რთული დაავადებაა, რთულია მისი მკურნალობა და პოსტპერიოდიც მკაცრ კონტროლს მოითხოვს. სხვადასხვაგვარი რეჟიმია დასაცავი, მით უფრო, კოვიდსიტუაციაში. ვისაც ეს პროცედურები გავლილი აქვს, იმუნიტეტი ძალიან დაქვეითებული აქვს. ამ დროს დაუშვებელია რაიმე ტიპის ინფექცია შეგხვდეს, - დიდი სიფრთხილეა საჭირო. განაგრძეთ კითხვა
ლალი ფაცია