გაძვირდება თუ არა ყავა საქართველოში - ქვეყნები, საიდანაც პროდუქტი შემოდის | Allnews.Ge

გაძვირდება თუ არა ყავა საქართველოში - ქვეყნები, საიდანაც პროდუქტი შემოდის

„ჩვენი პროდუქცია 12-დან 15%-მდე გავაძვირეთ“- ამის შესახებ ყავა „ჩერის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ლომთათიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეულის ღირებულება სულ უფრო იმატებს, გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ტენდენცია პირდაპირ ისახება ადგილობრივ ფასებზე.

როგორც ირაკლი ლომთათიძე ამბობს, კომპანიას პროდუქციის მეტად გაძვირება გეგმაში არ აქვს, თუმცა ეს მხოლოდ გლობალურ ბაზარზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, „ჩერის" გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ფასი მცირედით უნდა დასტაბილურდეს.

„ნედლეული აბსოლუტურად ყველას უძვირდება და ვერავინ ვერაფერს იზამს. ყველა იყენებს იგივე ნედლეულს. შესაბამისად, ფასი აქაც იმატებს. არავინ იცის რა იქნება მომავალში, წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. შესაძლოა, მომავალ წელს ველოდოთ მცირე დასტაბილურებას. ჯერჯერობით ძვირდება შეუჩერებლად. ჩვენი პროდუქცია 12-დან 15%-მდე გავაძვირეთ. თუ კიდევ მოიმატა ნედლეულის ფასმა, შესაძლოა, ფასი კიდევ გაიზარდოს, თუ დასტაბილურდა, პრინციპში, მეტად მომატება აღარ იგეგმება“,- აცხადებს ირაკლი ლომთათიძე.

რაც შეეხება მოხმარებას, „ჩერის" გენერალური დირექტორის თქმით, ფასებს მოთხოვნაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.

„მოთხოვნა შენარჩუნებულია. მეტიც, მზარდია. გლობალური და ადგილობრივი ფასები მოხმარებას არ შეხებია“,- ამბობს ირაკლი ლომთათიძე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობით და რომელი ქვეყნებიდან ხორციელდება ყავის იმპორტი.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს (იანვარ-სექტემბერი) საქართველოში 4,407 ტონა (12,721 მლნ აშშ დოლარი) ყავა შემოვიდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 4,539 ტონა (11,309 მლნ აშშ დოლარი).

განაგრძეთ კითხვა