"დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს კობა დავითაშვილის ვაჟი
ორი დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა კობა დავითაშვილის შვილის, თორნიკე დავითაშვილის მიმართვა. წერილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შეეხებოდა და ახალგაზრდა წერდა, რომ შურისძიებას კარგი არავისთვის მოუტანია. თორნიკე უკვე ხუთი წელია გერმანიაში ცხოვრობს. Ambebi.ge-სთან იხსენებს მამასთან ბოლო შეხვედრას და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა, დედა მისთვის გმირია.
- თორნიკე, ძალიან დიდი რეზონანსი გამოიწვია თქვენმა წერილმა, პირველ რიგში თქვენზე მოგვიყევით, რას საქმიანობთ...
- დიდი მადლობა, რომ დროს მითმობთ. უკვე მეხუთე წელია, რაც DAAD-ს სტიპენდიით ვიმყოფები გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში და ვსწავლობ სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად ვმუშაობ მეცნიერ-ასისტენტად რობოტიკისა და მინიმალური ინვაზიური ქირურგიის განყოფილებაში
- როგორია ცხოვრება გერმანიაში, პანდემიის პერიოდში არ გაგიჭირდათ მანდ ყოფნა?
- ძალიან, წინა წელს ზუსტად პანდემიის ერთ-ერთი მწვავე ტალღის დროს გარდამეცვალა მამა და ვერც პანაშვიდებს და ვერც დაკრძალვას ვერ დავესწარი. ძალიან მძიმედ იმოქმედა ამან ჩემზე. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ჩემი საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია და გვიწევს ცხოვრების გაგრძელება. რაც მთავარია, გერმანიაში ახლა მოსახლეობის 70% უკვე აცრილია, რის გამოც ძალიან ბევრი თავისუფლებით ვსარგებლობთ. დღესაც დილის 8-დან საღამოს 16 საათამდე უნივერსიტეტში ვიყავი.
- ახლა სწორედ მამაზე უნდა მეკითხა. როგორი მამა იყო ბატონი კობა?
- 2007 წლამდე ძალიან თბილი და მზრუნველი მამა იყო, შვილები სულ კინოში და McDonald´s-ში დავყავდით, ჩვენთან ბევრ დროს ატარებდა დატვირთული პოლიტიკური ყოველდღიურობის მიუხედავად. 2007 წლის მერე მამა ფიზიკურად და ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ამან მთელს ოჯახს ძალიან დიდი კვალი დაატყო.
- ეს იყო უმძიმესი წლები თქვენს ცხოვრებაში, რა გახსოვთ იმ მძიმე წლებიდან?
- არ მსურს პირადულზე დეტალურად საუბარი. ძალიან ბევრი სირთულე იყო, რისი გადმოცემაც სიტყვებით, უბრალოდ, რეალობას ვერ აღწერს.
- რამდენიმე თვის წინ დედასთან, ქალბატონ ინგასთან ჩავწერეთ ინტერვიუ. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ძალიან ძლიერი ქალია...
- ნამდვილად, დედაჩემმა რასაც გაუძლო და რაც იტვირთა, მეორე ადამიანი არ მეგულება მსგავსი რამ შეძლოს. 5 შვილი, ფაქტობრივად, მარტომ აღგვზარდა და ლოგინად ჩავარდნილ მამასაც საკუთარი შესაძლებლობებით უვლიდა. დედაჩემი ჩემთვის გმირია.