მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - ძალიან უხერხულია, როცა ეს ადამიანი ისე იქცევა, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იძულებული ხდებიან გამოიყენონ ლეგიტიმური ძალა, აიყვანონ ხელში და განათავსონ პალატაში | Allnews.Ge

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე - ძალიან უხერხულია, როცა ეს ადამიანი ისე იქცევა, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იძულებული ხდებიან გამოიყენონ ლეგიტიმური ძალა, აიყვანონ ხელში და განათავსონ პალატაში

რაც შეეხება კადრებს, არც ჩემთვის იყო სასიამოვნო სანახავი. ნორმალურ ადამიანს არავის პატიმრობა უხარია. როდესაც ხელში აყვანილი მიჰყავთ, პატიმარი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომლის მიმართაც იძულებითი ღონისძიება უნდა გამოიყენონ, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებენ თავისი ფუნქციის შესრულებას სამართალდამცველები, ეს სასიამოვნო სანახავი არცერთ შემთხვევაში არაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო დროს გავრცელებული კადრებით, რომელშიც აღბეჭდილია ძალის გამოყენებით მიხეილ სააკაშვილის იძულების წესით გლდანის ციხეში შეყვანა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ტყუილები გამოაშკარავდა.

„რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, მისი დაკავების ნებისმიერი კადრი არის ძალიან უსიამოვნო სანახავი, მაგრამ ამ კადრებით წერტილი დაესვა იმ რამდენიმედღიან ტყუილს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ტელევიზიები იტყობინებიან. მაგალითად ის, რომ თითქოს გაატარეს პატიმართა თვალწინ. ვიდეოჩანაწერებში ვნახეთ, რომ ადამიანები მასთან კონტაქტში შედიან და საკმაოდ ზრდილობიანად ელაპარაკებიან. მხოლოდ მისი ქცევის შესაბამისად, იძულებული იყვნენ, რომ ის იძულების წესით შეეყვანათ იმ საკანში თუ პალატაში, სადაც უნდა განთავსებულიყო. ჩვენ ეს კადრები ვნახეთ, რაც, გიდასტურებთ, უსიამოვნო სანახავი იყო“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, გლდანის პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლები იურიდიულად მართლები არიან.

„უხერხულობაზე უფრო მეტსაც გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თვითონ ფორთხავს. აქ არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ. თვითონ როდესაც ფორთხავს აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი, გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა, მაშინ უხერხულობა კი არ მქონდა, შემრცხვა. დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე იყავით. მისი ფორთხვა რომ ვნახეთ, ყველა ქართველს მისი საქციელის შერცხვა.

ამ კადრებით ყველა ტყუილი გამოაშკარავდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი ტელევიზიები და ე.წ. მედიამენეჯერები თავად ითხოვდნენ, რომ თუ ეს მართალი არ არის, რასაც ჩვენ ვყვებით, მაშინ გაასაჯაროვონ კადრებიო. როდესაც კადრები გასაჯაროვდა და ეს არ მოეწონათ, ამის შემდეგ გადავიდნენ სხვა კამპანიაზე - თითქოს ეს კადრები უხერხულია. დიახ, ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანი ისე იქცევა, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იძულებული ხდებიან გამოიყენონ ლეგიტიმური ძალა, აიყვანონ ხელში და ისე განათავსონ პალატაში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძე განმარტავს, ნებისმიერ პატიმარს, მსჯავრდებულს, თუ ბრალდებულს ღირსეულად ეპყრობა ქართული სახელმწიფო.

„რაც შეეხება სამოქალაქო კლინიკას, ერთადერთი მიზანი აქვთ. სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არის ერთადერთი საშუალება, რომ მან დატოვოს პენიტენციური სისტემა, ციხე დატოვოს. ეს არის მიზანი, სხვა მიზანი მას არ გააჩნია.

ნებისმიერ პატიმარს, მსჯავრდებულს, თუ ბრალდებულს ღირსეულად ეპყრობა ქართული სახელმწიფო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნავს ქმედითად და არა პოპულისტურად. ნახეთ, სტრასბურგის სასამართლომ რა გადაწყვეტილება მიიღო, მათ მოთხოვნაზე უარი უთხრა“, - აღნიშნავს მდინარაძე.

მდინარაძის განცხადებით, პატიმრის გადასაწყვეტია მიიღებს თუ არა სამედიცინო მომსახურებას, მაგრამ პატიმრის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ რომელ დაწესებულებაში განთავსდება.

„წარმოგიდგენიათ, რომელიმე ნორმალურ ქვეყანაში, პატიმრის და მსჯავრდებულის გადასაწყვეტი იყოს რომელ დაწესებულებაში განთავსდება, რა მოხდებოდა?! ეს არის შესაბამისი უწყების დისკრეცია, ამ დისკრეციის ფარგლებში მოქმედებს ლეგიტიმურად. ვერც სააკაშვილი და ვერც სხვა ბრალდებული, თუ მსჯავრებული, ცივილიზებულ სამყაროში ვერ გადაწყვეტენ რომელ დაწესებულებაში განთავსდნენ“, - აღნიშნავს მდინარაძე.