რა ქონებას ფლობს და როგორია პრემიერ-მინისტრის ფინანსური მდგომარეობა | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს და როგორია პრემიერ-მინისტრის ფინანსური მდგომარეობა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გასული წლის შემოსავალმა 60 300 ლარი შეადგინა. გასულ წელს ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.

2021 წლის 30 ოქტომბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრემიერის საკუთრებაშია 3 ბინა, 1 ავტოფარეხი და 1 არასაცხოვრებელი ფართი თბილისში. აღნიშნული უძრავი ქონება 2009-2011 წლებში აქვს შეძენილი. ასევე მის სახელზეა რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი აუდი A8, რომელიც 2019 წელს განვადებით, 75 620 ევროდ აქვს შეძენილი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 1 813 ლარი, 300 და 90-მდე ევრო, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 30 000 ლარი ჰქონდა. ასევე როგორც დეკლარაციაშია მითითებული, პრემიერმა მშობლებისგან საჩუქრის სახით, 150 000 ლარი მიიღო.

201506291833011513-1-1657958507.jpg

ამასთან, დეკლარაციის თანახმად, პრემიერს მეუღლე ფლობს - მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, რომელიც 2019 წელს 76 500 დოლაად აქვს შეძენილი. ასევე მის საკუთრებაშია, მსუბუქი ავტომობილი - RANGE ROVER VELAR, რომელიც 2018 წელს 46 000 ევროდ შეიძინა. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში - 116 705 ლარისა და 3 984 დოლარის საკრედიტო ჰქონდა.

პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ღარიბაშვილი მთავრობაში 2019 წლის შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის გადადგომის შემდეგ, როგორც თავდაცვის მინისტრი, ისე დაბრუნდა. მანამდე კი, 2019 წლის მარტში ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში დაბრუნდა. პრემიერის პოსტზე კი ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის თებერვალში დაინიშნა, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ აღნიშნული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წლის 23 დეკემბერს დატოვა. პირველად კი ეს თანამდებობა 2013 წლის 20 ნოემბერს დაიკავა.