რა ეტაპზეა რიკოთზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა?
რიკოთის საუღელტეხილო გზაზე ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ამ დროისათვის უკვე გაჭრილია 14 გვირაბი, პარალელურად კი სამუშაოები გრძელდება 80 ხიდსა და 47 გვირაბზე, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ ეტპზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე ლოტზე
აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 6,3 კილომეტრია, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 11 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, საიდანაც ექვს ხიდსა და ხუთივე გვირაბზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, სამუშაოების მთლიანი ღირებულება - 265 მლნ ლარი
რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური 4-ზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა საუკუნის პროექტია, რომელიც ურთულეს გეოლოგიურ და გეოგრაფიულ მარშრუტზე, რთული საინჟინრო კონსტრუქციებით ხორციელდება", – აღნიშნავენ დეპარტამენტში.
უწყების ცნობით, ამ დროისათვის რიკოთზე გადაადგილების საშუალო სიჩქარე 60 კმ/სთ-ია, მშენებლობის დასრულების შემდეგ კი სიჩქარე გაორმაგდება.
„რიკოთის მონაკვეთი ჩქაროსნული გზის მშენებლობაში გარდამტეხი პროექტი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში უკვე აშენებული ჩქაროსნული მონაკვეთები ერთმანეთს დაუკავშირდება", – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2023 წლისთვის არის დაგეგმილი.მასალის გამოყენების პირობები