რატომ უნდა გაუკეთდეს ბავშვს ანტისხეულებზე ტესტი, თუნდაც მას კორონავირუსი არ დაუდასტურდეს
კორონავირუსის მეოთხე ტალღამ ბავშვებიც დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში კოვიდ-19 შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, მისი გადატანის შემდეგ მულტისიტემური ანთებითი სინდრომის განვითარების რისკი არსებობს. სინამდვილეში კი, ოფიციალურ სტატისტიკასთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი ბავშვი ავადდება კორონავირუსით, თუმცა ვირუსი მათთან ხშირად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს და მშობლებმა შესაძლოა, ვერც გაიგონ, რომ მათმა შვილმა ვირუსი გადაიტანა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ხშირად ბავშვებს ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი უფიქსირდებათ. ჩვენს ქვეყანაში ჯერჯერობით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაში არ ტარდება, შესაბამისად მათ ანტისხეულების მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ბუნებრივად, ვირუსის გადატანის გამო შეიძლება გაჩნდეს.
გარდა ამისა, ინფექციონისტები თვლიან, რომ თუ ბავშვს რესპირატორული ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს, პირველ რიგში, მშობლებმა კორონავირუსზე უნდა მიიტანონ ეჭვი. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ანტისხეულების შესამოწმებლად ანალიზის ჩატარება მნიშვნელოვანია.ბავშვებში ხშირად კორონავირუსი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებით მიდის და გარკვეული დროის განმავლობაში მათ ვირუსის ნაწლავიდან გამოყოფა შეუძლიათ. ამის შესახებ ბიოლოგები საუბრობენ.თუ ბავშვი თავად მიდის ტუალეტში, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. მაგრამ, თუ ქოთანს იყენებს, სპეციალისტების თქმით, კორონავირუსის გადატანიდან კიდევ 2-3 თვე მისი გატანისას პირბადე ან უკეთეს შემთხვევაში რესპირატორი უნდა გეკეთოთ.
რაც შეეხება მულტისისტემურ ანთებით პროცესს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში, ისაუბრა, როგორ უნდა მიხვდეს მშობელი ამ პრობლემის შესახებ და რა სიმპტომებია გამოხატული:
"ზრდასრული ადამიანებისაგან განსხვავებით, ბავშვებს კორონავირუსის შემდგომი იშვიათი გართულება ახასიათებთ, რაც გამოიხატება მაღალი ტემპერატურით, დაავადების პროცესში სხვადასხვა ორგანოს და სისტემის ჩართვით და ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარებით. აღნიშნული სინდრომი კოვიდ-19-ის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ ვლინდება და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, დროული მკურნალობის შემთხვევაში ყველაფერი კარგად სრულდება, თუმცა, გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე კორონავირუსის მწვავე ფაზის დროს. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს, დაავადების პროცესში სხვადასხვა ორგანო და სისტემა ერთვება. ძირითადად, დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და მეტი, რომელიც მინიმუმ 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ტემპერტურასთან ერთად, აღინიშნება სხვადასხვა სისტემის დაზიანების ნიშნები. ესენია, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, კონიუქტივიტი, თავის ტკივილი, კიდურების შეშუპება და სხვა. ამიტომ, თუ ბავშვს აღენიშნა მაღალი ტემპერატურა, რომელიც 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება და ტემპერატურას თან ახლავს დაავადების რომელიმე სხვა ნიშანი, დედა განსაკუთრებით ფრთხილად იყოს და უნდა მიმართოს ექიმს."- თქვა მან.