ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინც და მაინც დღეს აპირებს „გახდეს ცუდად“
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს აპირებს ცუდად გახდომას.
კობახიძის განმარტებით, სააკაშვილმა როგორი სიმულირებაც არ უნდა განახორციელოს, ეს წარმატებული ვერ იქნება.
„რაც შეეხება სააკაშვილს და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ მაინც და მაინც დღეს, კენჭისყრის დღეს აპირებს „გახდეს ცუდად“, ანუ აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ ხალხში, თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც არის განწირული წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ის არის უმძიმესი დამნაშავე, სამარცხვინო დამნაშავე, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ. ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანიოს“, - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებების საფუძველზე აცხადებს, რომ სააკაშვილის შიმშილობა იმიტირებულია, კობახიძე პასუხობს, რომ „უწყებებს უნდა დაელოდონ“.
„დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს... პრემიერმა განმარტა, თუ რა იგულისხმა, იგულისხმა ის, რომ შიმშილობა არის პატიმრის უფლება. თავად განმარტა მან, რომ გულისხმობდა შიმშილობის უფლებას, რაც ნებისმიერი პატიმრის კონსტიტუციური უფლებაა, შეუძლია იშიმშილოს, მაგრამ რაც შეეხება სახელმწიფოს მას აქვს ერთი პასუხისმგებლობა, დაიცვას ადამიანის უფლებები და მას აქვს ვალდებულება, რომ ამის მიღმა არ იმოქმედოს“, - განაცხადა კობახიძემ.