"წარმოდგენაც არ მინდა, თბილისში 4-5-ბალიანი მიწისძვრა რას დაატრიალებს..."- რა საფრთხეებზე საუბრობს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი | Allnews.Ge

"წარმოდგენაც არ მინდა, თბილისში 4-5-ბალიანი მიწისძვრა რას დაატრიალებს..."- რა საფრთხეებზე საუბრობს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი

"საქართველოს დიდ ქალაქებში კატასტროფული მდგომარეობაა, ხალხი დენთის კასრზე ცხოვრობს, დროის ამბავია ვინ როდის აფეთქდება", - ამბობს მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი და დასძენს, რომ ჩვენი მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ექსპლუატაციაგასულ ავარიულ კორპუსებში ცხოვრობს.­ ავარიული შენობები უახლოეს მომავალში ნგრევას დაიწყებს, 4 ან 5-ბალიანი მიწისძვრა კი ქალაქს მიწასთან გაასწორებს. ვინ არის პასუხისმგებელი ამ სახიფათო რეალობაზე და სად არის გამოსავალი, ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" ირაკლი როსტომაშვილი­ ესაუბრება:

- თბილისსა და ბათუმში სამშენებლო­ ფონდი სამ ნაწილად იყოფა. პირველ ნაწილში შედის XVIII-ის მიწურულსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში აგებული­ ისტორიული შენობები; მეორე ნაწილი შედგება ადრე საბჭოთა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და 80-იანი წლების ბოლომდე აშენებული შენობებისგან; მესამეა 90-იანი წლებიდან დაწყებული დეველოპერული კომპანიების აშენებული კორპუსები.

ისტორიული შენობები უკიდურესად დაზიანებულია. თუმცა მიზეზი მხოლოდ სიძველე არ არის, ხალხის დაუდევრობამაც­ გავლენა იქონია. თბილისის ძველ უბნებში:­ სოლოლაკში, ვერაზე, მთაწმინდაზე, ჩუღურეთში ძირითადად მდიდრების ორ-სამსართულიანი სახლები იდგა. როგორც იცით, რევოლუციის შემდეგ ისინი განაკულაკეს და თითო ოჯახისთვის განკუთვნილ სახლებში 12-დან 18-მდე ოჯახი მაინც შეასახლეს. ამ ოჯახებმა თვითნებურად, ქაოსურად გადააკეთეს ოთახები, ინდივიდუალურად მოიწყვეს სველი წერტილები. არაერთი სახლის ხის გადახურვაზე ბეტონია დასხმული და სველი წერტილია. ამან არა მარტო სახე შეუცვალა ისტორიულ შენობებს, ხარისხობრივადაც დააზიანა.საბჭოთა პერიოდში საქართველოში ძალზე უხარისხო მშენებლობა მიმდინარეობდა. ჩვეულებრივი ამბავი იყო სამშენებლო მასალების დატაცება.

- ესე იგი, გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ახალ კორპუსებში ცხოვრებას ისევ კომუნისტების აშენებული სჯობს, სიმართლეს არ შეესაბამება?

- რას ამბობთ, ეს იგივეა "მოსკვიჩი" და "მერსედესი" რომ შეადაროთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 1992 წლამდე მშენებლობის სხვა სტანდარტი და ნორმა იყო - სეისმიკა 7 ბალზე ანგარიშდებოდა. სპიტაკის მიწისძვრის შემდეგ თბილისში საანგარიშო მაჩვენებელი 8 ბალი გახდა.­1992 წლამდე აშენებული კორპუსები ძალიან ხარისხიანადაც რომ იყოს ნაგები, არანაირი ბზარი, მიშენება ან მოშენება არ ჰქონდეს, მაინც ავარიულად ითვლება, რადგან თანამედროვე სტანდარტებს არ შეესაბამება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგმა ბუხრის მილი აიყვანა, ზოგმა კედლები გამოანგრია და ზოგმაც ლოჯიები მოაშენა, შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. ზოგან ლიფტის შახტები და კიბის უჯრედებიც ამოშენებულია.ახალაშენებულ კორპუსებზე ამას ვერ ვიტყვით, რადგან ძირითადად რკინა-ბეტონის კარკასით არის ნაშენი, ანუ ერთი მთლიანი ჩონჩხია. ასეთი შენობის ჩამონგრევა გამორიცხულია.

- მაგრამ ასეთი ფაქტები ცნობილია. სოციალურ ქსელში გადაყირავებული კორპუსიც­ გვინახავს.

- 1%-იანი შანსიც არ არსებობს იმისა,­ რომ რკინა-ბეტონის კარკასით აშენებული კორპუსი ჩამოინგრეს, შეიძლება გადაყირავდეს, თუ საძირკველი უხარისხოდ არის ჩაყრილი. ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება სინკარებით აშენებულ კორპუსებს. ბათუმში სწორედ ასეთი ფილებით ნაშენი სახლი დაინგრა.კომუნისტების დროს აშენებულ სახლებში კიდევ ერთი დიდი პრობლემაა - ლიფტები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა 1995-1996-2000 წლებში ამოეწურა. როგორც მანქანას სჭირდება ზეთის გამოცვლა, ასევე სჭირდება ლიფტის ძრავასაც შეკეთება.

- გამოსავალი რაშია?

- ერთი შეხედვით ჩანს, რომ კორპუსი ავარიულია, მაგრამ მაინც პასპორტიზაცია და შესწავლა სჭირდება. 20 წელია ამას ვამბობ, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz