"დღევანდელი კოვიდსიტუაცია დამაფიქრებელია. კლება შეჩერდა და გამოჩნდა ნიშნები, რომ ისევ დაიწყო ყოველდღიური შემთხვევების მატება"- პაატა იმნაძე | Allnews.Ge

"დღევანდელი კოვიდსიტუაცია დამაფიქრებელია. კლება შეჩერდა და გამოჩნდა ნიშნები, რომ ისევ დაიწყო ყოველდღიური შემთხვევების მატება"- პაატა იმნაძე

ეპიდემიური თვალსაზრისით როგორი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე, რას ველით და რა პროგნოზი კეთდება? "კვირის პალიტრას" ესაუბრება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.

- ახლახან ჩამოხვედით გერმანიიდან. მოგვიყევით თქვენი ვიზიტის მიზეზზე.

- სამი დღით ვიყავით ბუნდესვერის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში. ჩვენ 2013 წლიდან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.­ ამჟამად იქ კონფერენცია ტარდებოდა, ძირითადად, ონლაინ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა. მოვისმინეთ მონაწილე ქვეყნების მოხსენებები, "კოვიდის" საინტერესო შემთხვევების აღწერა, მოვახსენეთ გამომწვევი ვირუსის სეკვენირების შედეგები და რამდენიმე საინტერესო შემთხვევა, რომლებიც გვქონდა საქართველოში.

- რომელი იყო ჩვენთან ყველაზე საინტერესო შემთხვევა, რომელიც ასე დიდ ასპარეზზე განხილვის საგანი გახდა?

- ერთ-ერთი საინტერესო შემთხვევა იყო იმუნოსუპრესიულ (იმუნური სისტემის ჩამხშობი) პაციენტში, რომელსაც "კოვიდის" სამი ეპიზოდი ჰქონდა.

- სამჯერ კი არ დაემართა, ერთხელ დაემართა და სამჯერ გაურთულდა?

- შეიძლება ასეც ითქვას. ბევრ საინტერესო შემთხვევაზე ვისაუ­ბრეთ, რომლებიც არა მარტო "კოვიდს", სხვა გადამდებ დაავადებებსაც ეხებოდა.

- დღევანდელ ჩვენს კოვიდსიტუაციას როგორ შეაფასებთ?

- დღევანდელი კოვიდსიტუაცია დამაფიქრებელია. კლება შეჩერდა და გამოჩნდა ნიშნები, რომ ისევ დაიწყო ყოველდღიური შემთხვევების მატება.

- რას ნიშნავს ეს, მეოთხე ტალღა დასრულდა და მეხუთე იწყება?

- ეს და შემდეგი კვირები გვაჩვენებს, რა ხდება. მოლოდინი დამაიმედებელი არ არის. ბევრ ქვეყანაში არის მონაცემები, რომ დაახლოებით ორთვიანი ციკლები ჩამოყალიბდა - რადგან დელტა ვარიანტი განსაკუთრებით გადამდ­ებია (უახლოვდება წითელას), ტალღებს შორის პერიოდი შემცირდა. იმის გამო, რომ ჩვენთან ვაქცინირებული ცოტაა,­ დაავადების შემთხვევების მატებას მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენი გათვლებით, ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი იმუნურია, ანუ ან გადატანილი აქვს ვირუსი, ან აცრილია, შესაბამისად, ძალიან ბევრი - მოსახლეობის თითქმის ნახევარია ის, ვისაც შეიძლება "კოვიდი" დაემართოს. შესაბამისად, ისეთივე ძლიერი შეიძლება იყოს მეხუთე ტალღაც.

- რუსეთსა და თურქეთში უკვე გამოჩნდა მიუ შტამი. ჩვენთან ხომ არ შემოუღწევია?

- არა. ჩვენთან, ფაქტობრივად, სულ დელტა ვარიანტია.

- ბატონმა ამირან გამყრელიძემ ტვინდემია ახსენა. რას ნიშნავს ეს?

- გრიპიც და "კოვიდიც" ერთად შეიძლება დაგემართოს. ქართულად რომ ვთქვათ, ტყუპად, ანუ ტყუპი ეპიდემია იქნება. შარშან, საბედნიეროდ, გრიპის ძალიან მსუბუქი სეზონი გვქონდა. წლევანდელი პროგნოზით, ასეთივე მშვიდ სეზონს არ ველოდებით. ეს ნიშნავს, რომ ორივე ერთად იქნება.

- ჯერ ხომ გრიპის ვირუსი არ გამოვლენილა?

- ჩვენთან ეს დაახლოებით ნოემბრიდან დაიწყება, მაგრამ არის სამხრეთ ნახევარსფეროს მაგალითი - იქ ხომ ზამთარი ახლა მთავრდება. ბევრი მაგალითია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ზამთარში ჩნდება არა მარტო გრიპი, არამედ სხვა დაავადებებიც, რომლებსაც გრიპის მაგვარ დაავადებებს ვუწოდებთ. მათ შორის გრიპი ყველაზე მძიმეა.

- როგორ მოვემზადოთ ამისთვის?

- ვაქცინები ნაყიდია. მაღალი რისკის ჯგუფს სახელმწიფო აცრის. ესეც რესპირატორული ვირუსია. შესაბამისად, პირბადე დაგვჭირდება. რატომ არ იყო შარშან გრიპი? იმიტომ, რომ ყველა პირბადით დადიოდა და პირბადე გრიპისგან უკეთესად იცავს, ვიდრე "კოვიდისგან".

- წელსაც ხომ ივლიან პირბადით...

- შარშან გაცილებით მეტი დადიოდა, წელს ძალიან შემცირდა პირბადის ხმარება. გრიპის ვაქცინით საქართველოში ყოველ­წლიურად იცრებიან. შარშან 300 ათასამდე ადამიანი აიცრა. წელს მაღალი რისკის ადამიანებისთვის 200 ათასი დოზა სახელმწიფომ უფასოდ შემოიტანა. მომავალი კვირიდან უკვე აიცრება სამედიცინო პერსონალი, აიცრებიან ორსულები, დიალიზზე მყოფნი, მერე - სხვა ჯგუფები.

განაგრძეთ კითხვა

myquiz