ყვავილებზე შეყვარებული რესტორატორის კოლექცია, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს | Allnews.Ge

ყვავილებზე შეყვარებული რესტორატორის კოლექცია, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს

ზურა ბეროშვილი პროფესიით რესტორატორია. წლების განმავლობაში საზღვარგარეთ მუშაობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ მშობლიურ სიღნაღს დაუბრუნდა და საოჯახო ბიზნესს მიჰყო ხელი. აქვს არაერთი გატაცება, თუმცა ამ ეტაპზე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მცენარეების მოვლა და გამრავლებაა. წარმოუდგენელია, ნახოთ ზურას მოვლილი ყვავილები და არ აღფრთოვანდეთ.

- სტუმართმოყვარეობის სფეროში ვმუშაობდი ბევრი წელი, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ამჟამად ჩემს მშობლიურ, ულამაზეს ქალაქ სიღნაღში ვცხოვრობ და მაქვს მცირე საოჯახო რესტორანი. მიყვარს მოგზაურობა, სეირნობა, ახალი ადგილების აღმოჩენა, მეგობრებთან ერთად დროის გატარება და, რა თქმა უნდა, მცენარეები და მათი მოვლა.

242244840-988148955097693-5231663676900575671-n-1632382833.jpg

- თქვენმა ყვავილებმა სოციალური ქსელი აღაფრთოვანა. როდის დაიწყეთ მცენარეების შეგროვება და როგორ შეისწავლეთ თითოეულის ბუნება, მოვლის მეთოდები?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ არ ვარ პროფესიონალი მებაღე. მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვფლობ ცოდნას და კარგად ვუგებ მცენარეებს. დიახ, ნამდვილად დიდი მოწონება დაიმსახურა სოციალურ ქსელში და ამან უფრო დიდი სტიმული მომცა, რომ უფრო და უფრო გავამრავალფეროვნო ჩემი გარემო. მცენარეების მიმართ ინტერესი ყოველთვის მქონდა, თუმცა ჩემი სამსახურების და ადგილმდებარეობის ხშირი შეცვლის გამო, ვერასოდეს ვახერხებდი მათმოვლას. მცენარეების შეგროვება დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე, როდესაც დავბრუნდი მშობლიურ ქალაქში. მოვლის შესახებ საკმაოდ დიდი ცოდნა შემძინა ინტერნეტში მოძიებულმა ინფორმაციამ, საკუთარმა გამოცდილებამ და რა თქმა უნდა, ფეისბუქ ჯგუფებში გაწევრიანებულმა პროფესიონალმა ქართველმა მებაღეებმა.

242220807-933172027233851-6345009764151885880-n-1632382880.jpg

- დღეს რამდენი სახეობის მცენარე ბინადრობს თქვენთან?

- ჩემთან შეხვდებით უამრავ სახეობას, ტროპიკულ და სუბტროპიკულ მცენარეებს. ამ ეტაპზე დაახლოებით 100-ზე მეტი სახეობის 400-მდე მცენარე ბინადრობს. როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ყველაფერი სიღნაღში მაქვს, 3 წლის წინ გახსნილ რესტორანს შევუსისხლხორცე და არაჩვეულებრივ ჰარმონიაში არიან, ჩემი ჰობი და ძალიან ტრენდული გამწვანება რესტორნებში.

242243407-1252750788574032-2971397027431924183-n-1632383014.jpg

- რა არის ყვავილების მოვლის თქვენეული ოქროს წესი?

- ხშირად მომისმენია, რომ მცენარეები უყვართ, მაგრამ მათი მოვლა - არა, რადგან ძალიან ღლით. ჩემს შემთხვევაში ეს პირიქითაა. მათი მოვლა უფრო მიყვარს და უდიდესი თერაპიაა ჩემთვის, ვიდრე მხოლოდ ყურება. მცენარეები უნდა შეიგრძნო და მიხვდე, რა სჭირდება მათ, გქონდეს ყოველდღიური შეხება და გაითვალისწინო უამრავი ფაქტორი, თუმცა ოქროს წესად გამოვყოფდი სწორად შერჩეულ განათებას და ზომიერ მორწყვას.

განაგრძეთ კითხვა