ვინ და რა ღირებულების აპარატურით გვისმენს და რას ამბობს უშიშროების ექსპერტი?
ინტერნეტსივრცეში მორიგი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ჩვენში ტრადიციულად დიდი რეზონანსი მოჰყვა, მაგრამ ამჯერადაც დიდი ეჭვია, რომ ვერ მოხერხდება მომხდარის პირუთვნელი გამოძიება და უმარავ დაგროვილ კითხვაზე პასუხის გაცემა. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 3000-ზე მეტმა დოკუმენტმა სუს-იდან გაჟონა.
ოპოზიცია საუბრობს მთავრობის პასუხისმგებლობაზე, რომელსაც ისრები გახარიას გუნდისკენ გადააქვს. ამასობაში პროკურატურამ, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-ს და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით მიმართა. როგორ ხდება მიყურადება - თვალთვალი, რა აპარატურა იყენებენ ამისთვის სპეცსამსახურები? - ამ თემაზე ambebi.ge -ს უშიშროების საკითხებში ექსპერტი, ბესიკ ალადაშვილი ესაუბრება:
- ფაილების სპეციფიკიდან გამომდინარე, საუბრების 80% ალბათ მობილური ტელეფონებიდან არის მოსმენილ-ჩაწერილი. დანარჩენი (კონკრეტული მინიშნებებით) არაა გამორიცხული ოთახში დაყენებული სტაციონარი მოსასმენები იყოს. პრიორიტეტული და ხელმისაწვდომი მობილური ტელეფონების მოსმენაა. იმედია, არ ფიქრობთ, რომ "ვოთსაპით" თქვენს საუბრებს ვერ უსმენენ... დღეს, სამწუხაროდ, ყველაზე დაცული ხაზებიც ისმინება, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა.
როგორია დღევანდელი პრაქტიკა. ყველა მობილურ ოპერატორს ვალდებულება აქვს (სტრუქტურული ეტაპების გავლის შემდეგ) ჩართოს მოსმენაზე... რა თქმა უნდა, პროკურორ- მოსამართლის, ინსპექტორის სანქცია უნდა იყოს. მაგრამ გამოსარკვევია, ფაილებიდან (დიდი ოდენობაა) რა მოცულობა იყო სანქცირებული და რა - არა. გამოძიებამ პირველ რიგში ეს უნდა დაადგინოს. თუ არასანქცირებული მოსმენებია, მაშინ ხდება ის, რაც ადრე იყო, როდესაც მოსმენა კავშირგაბმულობის კომპანიების გვერდის ავლით მიმდინარეობს და საკონტროლო პულტი ე.წ. ოტო-ში (ოპერატიულ-ტექნიკური სამსასახური) აქვთ. ეს იქნებოდა "ჯეოსელი", "მაგთი", ბუნებრივია, "ბილაინიც". ყველაზე საინტერესო შემთხვევა "ბილაინისაა". ფაქტობრივად, ჩვენი მტრული ქვეყნის სახელმწიფო კომპანიაა და მასაც ჩვენ საუბრებზე საკმაოდ დიდი წვდომა აქვს, თვითონაც რომ მოინდომოს, ამას უპრობლემოდ შეძლებს.
- ჩანაწერები სანქცირებულების შთაბეჭდილებას რამდენად ტოვებს?
- მკითხაობა არ მინდა. მოდით ასე ვთქვათ, სამწუხაროდ სასამართლო სისტემა ისე მკაცრად ვერ აანალიზებს (სუბიექტური და ობიექტური მიზეზებია) რამდენად მოდის დასაბუთება და არგუმენტები სამსახურებიდან. აქ ყოველთვის სუს-ზე ვსაუბრობთ ხოლმე. მაგრამ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონს რომ შევხედოთ, ათამდე სამსახურს გააჩნია ოპერატიულ-ტექნიკური მოწყობილობების გამოყენების უფლება. აქ მოსამართლის კომპეტენციაზე, ხანდახან პრინციპულობაზეც არის ბევრი დამოკიდებული.