სად და როდის გამოქვეყნდება ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის შედეგები და როგორ შეძლებთ ფულის განაღდებას - დეტალები | Allnews.Ge

სად და როდის გამოქვეყნდება ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის შედეგები და როგორ შეძლებთ ფულის განაღდებას - დეტალები

საქართველოში ვაქცინირებული პირებისათვის ლატარიის გათამაშებები 13 სექტემბრიდან იწყება. ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, 31 დეკემბერს "საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ადამიანებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ. მონაწილეობის მისაღებად არაფერია საჭირო, გარდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისა. ლატარიის შესახებ მოსახლეობას სხვადასხვა შეკითხვა გაუჩნდა, რომლებითაც საქართველოს ეროვნულ ლატარიას მივმართეთ:

- გათამაშება და შედეგები ყოველდღე, 12 საათზე გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge. კოდი, რომელიც ვაქცინაციის დროს მოგენიჭებათ, ავტომატურად ჩაიშვება გათამაშებაში და მიიღებს მონაწილეობას. ყოველკვირეული გათამაშებები კი ორშაბათობით, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ დაიწყება.

- გათამაშებაში მონაწილეობის უფლება 13 სექტემბრამდე აცრილ პირებსაც აქვთ?

- დიახ, საქართველოს მასშტაბით ვინც უკვე აცრილია მინიმუმ ერთი დოზით მაინც და ვინც ახლა აიცრება, ყველა ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უცხო ქვეყანაში არიან აცრილნი, გათამაშება არ ვრცელდება.

- როცა საიტზე შედეგები გამოქვეყნდება, როგორ უნდა გავიგოთ, რომ კონკრეტულად ჩვენ მოვიგეთ?

- გამოქვეყნებისას იქნება ისევ ის კოდი, რომელიც მარტო თქვენ გეკუთვნით და ვაქცინაციისას მოგენიჭათ. ასევე, შეგიძლიათ, დაგვირეკოთ და ჩვენთანაც გადაამოწმოთ.

- ერთმა ადამიანმა რამდენჯერმე რომ მოიგოს შეიძლება?

- გათამაშება ყოველდღიური და ყოველკვირეულია. 31 დეკემბერს კი 100 000 ლარი თამაშდება. თუ ერთი კონკრეტული ბილეთი და ადამიანი რომელიმე კატეგორიაში მოიგებს, ავტომატურად შემდეგ გათამაშებებში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.

- ტექნიკურად, რამე უნდა გააკეთოს მომხმარებელმა თუ პირდაპირ შეეძლება საიტზე გათამაშებისა და შედეგის ნახვა?

- არა, ტექნიკურად არაფრის გაკეთება არ უწევთ. ბილეთი ავტომატურად ერთვება გათამაშებაში და შედეგების სანახავადაც არაფრის შეყვანა არაა საჭირო.

- ზოგიერთი ადამიანი ლატარიას სკეპტიკურად უყურებს, მათ ნაწილში გულისწყომაც გამოიწვია. ადამიანს შეუძლია გათამაშებაში მონაწილეობაზე უარი თქვას თუ ავტომატურად თამაშდება?

- ძირითადად, მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ადამიანებს, რომლებიც არ აცრილან ან არ გეგმავენ აცრას. ლატარიაში ისინი ისედაც არ მონაწილეობენ. აცრილებში ურყოფითი გამოხმაურება არ ყოფილა, თუ მოიგებენ, რატომაც არა? არაფრის გაკეთება არ უწევთ, გარდა იმისა, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას იკეთებენ. გათამაშებაში კოდები არა სურვილით, არამედ ავტომატურად ეშვება საერთო ბაზში, რომელთანაც წვდომა გვაქვს.

- თუ ადამიანმა მოიგო, თანხის განაღდებას სად და როგორ შეძლებს?

- 1000 ლარამდე მოგებულ თანხას ჩვენს ნებისმიერ სერვისის ცენტრში გაანაღდებთ. თუ 1000 ლარზე მეტი თანხაა გათამაშებული, გვიკავშირდებით, ვინიშნავთ მონაცემებს და თანხას ანგარიშზე ჩაგირიცხავენ.

- თუ არასრულწლოვანმა მოიგო, თანხის განაღდებას თავად შეძლებს?

- თანხა გადაეცემა მშობელს ან კანონიერ მეურვეს.