ახალი ტენდენცია საქართველოში - ქორწილის ხარჯებში უკვე ჯარიმასაც ითვალისწინებენ | Allnews.Ge

ახალი ტენდენცია საქართველოში - ქორწილის ხარჯებში უკვე ჯარიმასაც ითვალისწინებენ

“რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში, მოქმედი აკრძალვის მიუხედავად, ტრადიციული ხალხმრავალი ქორწილი გაიმართა და ქორწილის ორგანიზატორებს ბიუჯეტში, სხვა აუცილებელ ხარჯებთან ერთად, მასობრივი შეკრებისათვის დაწესებული ჯარიმაც ჰქონდათ გათვალისწინებული. ამ ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელებში ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩაჩუამ გაავრცელა, სპეციალისტები შემაშფოთებელი ტენდენციის დასაწყისად მიიჩნევენ.

ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძის აზრით, მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ შეზღუდვების დროს გაუქმებული ჯარიმები კვლავ გაუქმდება და სწორედ ეს მოლოდინი უბიძგებთ მათ მსგავსი კანონდარღვევებისკენ. “არ მიკვირს, რომ მსგავსი რამ მოხდა ან კიდევ მოხდება. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და კვლავ ჰგონიათ, რომ ჯარიმებს გაუუქმებენ”, - თქვა მან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში: "ჯარიმა საქორწინო ხარჯების ერთ-ერთი პუნქტი ხდება - ახალი ტენდენცია საქართველოში".

ხმალაძე თვლის, რომ ქვეყანაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, მოსახლეობა კი ისეთი უპასუხისმგებლო და გაუაზრებელი ქმედებებით, როგორებიცაა დიდი სუფრები და მასობრივი თავშეყრა, ვირუსის გავრცელებას ეხმარება. "საქართველოში ისეთი მრავალსტუმრიანი ქორწილები იციან, რომ ახლანდელი ჯარიმის გადახდა არ გაუჭირდებათ. გამოსავალი აქ მხოლოდ ის არის, რომ ეს თანხა ისე გაიზარდოს, გადახდა ვერ შეძლონ ან დამრღვევი ობიექტები ისეთი ვადით დაილუქოს, რომ აღარ უღირდეთ ქორწილების გადახდა”, - თვლის ხმალაძე.

იგი მოსახლეობის ამ ნაწილს იმ სტუდენტებს ადარებს, ვისაც უპასუხისმგებლობით საგანი ჩაუბარებელი რჩებოდათ, შემდგომ კი ფულს იხდიდნენ: “ადამიანები თანახმა არიან, სტუდენტებივით გადაიხადონ თანხა. უბრალოდ, აქ გაურკვეველია, რას აგროვებენ - მეტ დაინფიცირებულს?”, ამბობს ხმალაძე, რომლის თქმით, “აგროვებდე თანხას ქორწილის ჯარიმისთვის - ამ ყველაფერს სხვა ახსნა არ აქვს, თუ არა მოქალაქეობრივი უპასუხისმგებლობა".

“პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძის თქმით, ახლანდელი კოვიდპანდემიის ფონზე, ქორწილში ფულის გადახდა სიკვდილში ფულის გადახდაა... “წარმოუდგენელია, ქვეყანაში ასეთი რთული ეპიდსიტუაცია იყოს და შენ ქორწილის გადახდის სურვილი გქონდეს. ახლა ქორწილის გადახდა მეტი გარდაცვლილისა და უმართავი კლასტერების მომცემია, რადგან საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის“, - განაცხადა კახაძემ. მისივე თქმით, ხელისუფლება ამჟამად ე.წ. “მწვანე კუნძულების” კონცეფციაზე მუშაობს, რაც კოვიდუსაფრთხო სხვადასხვა ობიექტის ფორმირებას გულისხმობს”, - განაგრძობს გამოცემა.

“სწორედ ამიტომ გამიჩნდა ინიციატივა - “მწვანე კუნძულის” სტატუსის მინიჭება ობიექტებისთვის, რომლებიც დაცულ დისტანციას, განსაზღვრული ადამიანების რაოდენობასა და ვაქცინირებულ პერსონალს გულისხმობს. ამ იდეამ მოწონება დაიმსახურა და ჩვენ ვმუშაობთ, რათა შესაბამის დაწესებულებებს მივცეთ “მწვანე კუნძულის” სტატუსები. შემდეგ უკვე მოსახლეობას შეეძლება იქ საახლობლო წრეში პატარა ღონისძიების გამართვა, მანამდე კი ყველას მოთმინება გვმართებს”, - აღნიშნა კახაძემ.

მისთვის გაუგებარი და მიუღებელია იმ რესტორნების მეპატრონეთა პოზიცია, სადაც ხალხმრავალი შეკრებები აკრძალვის მიუხედავად მაინც იმართება.

“მე ვსვამ რიტორიკულ შეკითხვას, რად უღირთ რესტორნის მეპატრონეებს ამ წინადადებაზე დათანხმება? ეს ყველაფერი ხომ ვირუსის ხელშეწყობაა და მეტი არაფერი... მე ყოველთვის მიყვარდა ადამიანების გონიერებაზე მინდობა, რასაც, სამწუხაროდ, ამ ქმედებებში ვერ ვხედავ. მოსახლეობა ახლა დროს მხოლოდ ვირუსთან ბრძოლაში უნდა კარგავდეს და არა სიკვდილიანობისა და ინფიცირების ხელშეწყობაში.

ადამიანებმა კარგად უნდა გაიაზრონ მათი წილი პასუხისმგებლობა, დაიცვან საკუთარი თავი, გარშემო მყოფნი, ქვეყანა და შემდეგ უკვე შევძლებთ, მსოფლიოს ხელი შევუწყოთ ამ ვირუსთან ბრძოლაში გასამარჯვებლად”, - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ლადო კახაძე.