არჩილ თალაკვაძე პოლიტიკის მიღმა: სამედიცინო განათლება, გატაცება მოტოციკლეტებით და ოცნება მთაში პატარა სახლზე
მისი ლიდერად და პოლიტიკოსად ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში, კონკრეტულად კი, ოზურგეთის "ლიდერთა სკოლიდან“ დაიწყო. ამბობს, - ყველა გურული 10 წლის ასაკიდან უკვე პოლიტიკაშია და ალბათ, მეც არ ვარ გამონაკლისიო. თავდაპირველად განათლება მედიცინის სფეროში მიიღო და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტორი ძალიან ეხმარება სამყაროს, ადამიანებისა და პროცესების შემეცნებაში. შემდეგ საზღვარგარეთ გაიღრმავა განათლება, სადაც სხვადასხვა დროს მენეჯმენტი, სამართალი, ეკონომიკა და პოლიტიკა ისწავლა. ეამაყება, რომ "რთულ პერიოდში ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ომბუდსმენთან მუშაობდა და უბრალო ადამიანების გვერდით იდგა“.
ამბობს, რომ სტრესული პოლიტიკის მიღმა ის სრულიად სხვანაირია თავისი ნაკლითა და დადებითი თვისებებით. პოლიტიკის მიღმა წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის ექსთავმჯდომარეს, ამჟამად კი პარლამენტის ვიცე-სპიკერს არჩილ თალაკვაძეს.
ბავშვობა
ჩემი მშობლიური მხარე ოზურგეთია, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ბედნიერად მახსენდება ბავშვობის წლები - ულამაზესი ჭალები და მდინარეზე ბუნებრივად შექმნილი საცურაო ადგილები, არაჩვეულებრივი პირველი სკოლა, ჩემი კლასელები, მხიარული ზაფხულები და წაბლისა და ყურძნის სუნით გაჟღენთილი შემოდგომები.
მე და ჩემი ძმა კარგად ვსწავლობდით და პედაგოგებიც არაჩვეულებრივად კარგი გვყავდა. მშობლებს ყოველთვის ძალიან უნდოდათ, რომ კარგი განათლება მიგვეღო და რაც გააჩნდათ, ყველაფერი გაიღეს ამისათვის. ალბათ, როგორც არაერთი ოჯახი მაშინ, ჩვენც გაჭირვებაში ვცხოვრობდით, თუმცა იყო დიდი სოლიდარობა და სიყვარული, რასაც მადლიერებით ვიხსენებ. მშობლებმა ბავშვობიდან ჩაგვინერგეს რწმენა, რომ განათლებით და შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება და მართლაც, კარგმა განათლებამ და შრომისმოყვარეობამ წარმატება მოგვიტანა.
"ლიდერთა სკოლაში"
ორივეს - მე და ჩემს ძმას გვეამაყება, რომ ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლა დავამთავრეთ - სკოლა, რომელსაც ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს და არაერთი წარმატებული თაობა ჰყავს აღზრდილი. ყოველთვის მადლიერი ვიქნებით ჩვენი მასწავლებლების, ვინც კარგი განათლება მოგვცეს და შრომისმოყვარეობას მიგვაჩვიეს.
გამორჩეული წვლილი ჩვენს წარმატებაში "ლიდერთა სკოლამ“ შეიტანა, რომელიც ოზურგეთში კლასგარეშე და საკვირაო აქტივობებს სთავაზობდა ახალგაზრდებს - სამოქალაქო საზოგადოების პრინციპები, ადამიანის უფლებათა პატივისცემა, მოსმენის და დებატების კულტურა, ფსიქოლოგია, პოლიტიკა და სოციალური მეცნიერებები - პირველად სწორედ ლიდერთა სკოლაში გახდა ჩვენთვის ნაცნობი და გასაგები. ახლა ჩემი შვილები დადიან იმავე სკოლაში და მომწონს, როგორი მიზანდასახულებიც არიან.
'რაში მეხმარება სამედიცინო განათლება?"
სწრაფად გაიარა სტუდენტობის წლებმა. ალბათ იმის გამოც, რომ ჯერ კიდევ უნივერსიტეტის დამთავრებამდე დავიწყე მუშაობა. პირველი განათლება მედიცინის სფეროში მივიღე. მიუხედავად იმისა, რომ დღეს პოლიტიკოსი ვარ, მიმაჩნია რომ სამყაროს, ადამიანების და პროცესების შემეცნებისთვის - მედიცინის სფეროში შემავალი დისციპლინები საუკეთესოა და აზროვნებას დიდ სივრცეს და ინფორმაციას აძლევს. მაგალითად, როგორ მუშაობს და ფუნქციონირებს უჯრედი - როგორ აქვს დაცული "საზღვრები“, როგორია შიდა "სატრანსპორტო სისტემა“, ენერგეტიკა გააჩნია, სად ინახება ინფორმაცია, როგორ ხდება შიდა შეცდომების აღმოჩენა და "გასწორება“, როგორ იმართება ეს ყველაფერი - მერწმუნეთ, თუ ამაში გაერკვევით, ნებისმიერი ორგანიზაციის მართვას შეძლებთ.
უნივერსიტეტში კარგი მეგობრები შევიძინე და დღემდე გრძელდება ჩვენი ურთიერთობა. სკოლასთან შედარებით, უნივერსიტეტი იყო ბევრად დიდი სამყარო, სადაც მეტი კონკურენცია, უფრო რთული მიზნები და საკუთარ პიროვნებაზე, მომავალზე ბევრად მეტი დაფიქრება იყო საჭირო. სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) ვსწავლობდი, რამდენიმე წლის შემდეგ კი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში (LSE) აღმასრულებელი მენეჯმენტის პროგრამაში ჩავირიცხე.
სწავლა უცხოეთში
საზღვარგარეთ მიღებულმა განათლებამ, შეძენილმა მეგობრებმა და გამოცდილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში. ეს ჩემი ინგლისურის მასწავლებლის დამსახურებაა, რომელმაც ქართულივით კარგად შემასწავლა ინგლისური ენა. ჟენევა, ლონდონი და ვაშინგტონი - ეს ის ქალაქებია, სადაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პროგრამებში ვსწავლობდი მენეჯმენტს, სამართალს, ეკონომიკას და პოლიტიკას. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს აშშ-ს და ევროკავშირს მადლობა ეკუთვნით, რომ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ ახალგაზრდას მიეცა განათლების მიღების შესაძლებლობა. ეს პერიოდი ჩემთვის მსოფლიოს და გლობალური პროცესების დიდ სურათში დანახვის შესაძლებლობა იყო. როგორ მუშაობს გლობალური ეკონომიკა, პოლიტიკა და დიპლომატია, როგორ შეიძლება განსხვავებული კულტურების და ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება და რამდენად მნიშვნელოვანია პატივისცემა, სამართლიანობა გლობალური მშვიდობისთვის. ლონდონის ძალიან დინამიური ტემპის და მერე ჟენევის მშვიდი რიტმის პირობებში მქონდა ახლის სწავლის, კითხვისა და ჩემს თავზე მუშაობის შესაძლებლობა.
"მეამაყება, რომ მის გვერდით ვიდექი"
შემდეგ საქართველოში დაბრუნების და რეალური გამოწვევების მიღების დროც დადგა. ჩემი პირველი სამსახური აშშ მთავრობის მიერ დაფინანსებული კომპანია და პროგრამა იყო, სადაც კოლექტივის დიდ ნაწილს ამერიკელები წარმოადგენდნენ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფერო, რეფორმები და საქართველოს მხარდაჭერა გახლდათ ამ პროგრამის მიზანი და ჩემთვის ეს კარგი გამოცდილება იყო. შემდეგი სამსახური გახლდათ სახალხო დამცველის ოფისი, - ომბუდსმენთან სოზარ სუბართან ბოლომდე ვიმუშავე და 2010 წელს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში გადავედი. ომბუდსმენთან მუშაობა ჩემთვის ძალიან ღირებული გამოცდილება იყო, მითუმეტეს წლებში, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვა განსაკუთრებულ გამოწვევად გადაიქცა და სახალხო დამცველი რჩებოდა მაშინ ერთადერთ საჯარო ინსტიტუტად, რომელიც უსამართლობას ღიად დაუპირისპირდა. სოზარი მაშინ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ომბუდსმენად აღიარეს კიდეც. ყველას, ვინც მასთან ვმუშაობდით, გვეამაყება, რომ იმ რთულ წლებში, ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში მის და, შესაბამისად, უბრალო ადამიანების გვერდით ვიდექით.
"გურულებს პოლიტიკა ყველაზე მეტად გვაინტერესებს"
USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ორი წელი ვიმუშავე და 2012 წლიდან უკვე პოლიტიკაში ჩავერთე. რთულ არჩევნებში "ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, გავხდი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, სხვა რეფორმებთან ერთად, პენიტენციური ჯანდაცვის რეფორმაც წარმატებით გავატარეთ - ტუბერკულოზის ახალი შემთხვევები წელიწადში 1200-დან 70-მდე შევამცირეთ, პატიმართა სიკვდილიანობა 144-დან 12-მდე, დავიწყეთ C ჰეპატიტის ცნობილი პროგრამა და სხვა მნიშვნელოვანი საქმეები. 2014 წელს დავინიშნე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ, სადაც ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებში მივიღე მონაწილეობა და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში პარტია "ქართული ოცნების“ კანდიდატი ვიყავი და პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. მე-9 მოწვევის პარლამენტში გავხდი უმრავლესობის ლიდერი. 2019 წელს ამირჩიეს მე-9 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გუნდმა მე-10 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ დამასახელა და საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი პარტიის "ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდგომ, უკვე მეორედ, გავხდი პარლამენტის თავმჯდომარე. ამჟამად საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე ვაგრძელებ მუშაობას. ეს ყველაფერი 38 წლის ასაკში მოხდა. საინტერესო წლები გავიარე, ჩემთვის ძვირფასი მეგობრების წრე და მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინე. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გუნდს ნდობისთვის და შესაძლებლობისთვის. წინ ბევრი საქმე და გამოწვევა გვაქვს და ჩვენც ახლა, კიდევ უფრო მეტად ვართ მზად ამისთვის.
რატომ წავედი პოლიტიკაში?
ყველა გურული 10 წლის ასაკიდან უკვე პოლიტიკაშია. და ალბათ, მეც არ ვარ გამონაკლისი. საჯარო პოლიტიკის მიმართ ინტერესი ოზურგეთში არსებულმა "ლიდერთა სკოლამ“ გამიჩინა, რომელიც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა დააფუძნა. ეს სკოლა დღემდე წარმატებით მუშაობს და ზრდის ლიდერებს სხვადასხვა სფეროში. განაგრძეთ კითხვა