"ერთხელ ვარჯიშზე გიორგი ასანიძემ მითხრა, არაფრის თავი არ გაქვსო... დავიწყე ვარჯიში და მოწევას თავი დავანებე" - როგორ მოხვდა სპორტულ მედიცინაში გიორგი ჯინჭარაული?
ახლახან საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული ტოკიოს ოლიმპიადიდან დაბრუნდა, სადაც ეროვნული ნაკრების ექიმის ამპლუაში იმყოფებოდა. გიორგის სპორტსმენების ექიმის საქმიანობის სპეციფიკასა და ემოციურ ეპიზოდებზე ვესაუბრეთ. როგორც გვითხრა, ამ პროფესიის ადამიანები ექსტრემალები არიან და მათი გადაწყვეტილება ზოგჯერ კლინიკაში მომუშავე ექიმმა შესაძლოა არაპროფესიულ საქციელადაც კი შერაცხოს...
- ქალაქისგან ძალიან მოწყვეტილ სოფელში - ლაფანაანთკარში (დუშეთის რაიონი) გავიზარდე. სწავლით დიდად არ ვიკლავდი თავს, მაგრამ ლიტერატურა მიყვარდა. სკოლა რომ დავამთავრე, მეთორმეტე კლასი მგონი იმ წელს დაემატა. ოჯახის წევრებმა მთხოვეს, - რაკი 1 წელი დაემატა, იქნებ მოემზადოო. მოვინდომე. იმ დროს, სამედიცინო უნივერსიტეტში სპორტული მედიცინის ფაკულტეტი ახალი ჩამოყალიბებული იყო. საკმაოდ კარგი სპორტული მონაცემები მქონდა, მაგრამ სოფელში არც რამე წრე იყო, იქ რომ მევლო და არც იმის შესაძლებლობა, რომ მშობლებს თბილისში სპორტზე ვეტარებინე. დედ-მამამ მთხოვა, - იქნებ სპორტულ მედიცინაზე ჩააბარო, სპორტსმენებთან ერთად იქნები, სპორტული ტანსაცმელი გეცმევა, რომელსაც "ჯორჯია" ეწერებაო.
ბავშვური რაღაცებით, ასე ვთქვათ, მომთაფლეს და დამითანხმეს... 6 თვის განმავლობაში რეპეტიტორებთან მოვემზადე და უნივერსიტეტში გრანტით მოვხვდი. სამედიცინო სფეროში გარკვევაც მაშინ დავიწყე... ვერ ვიტყვი, სასწაული სტუდენტი ვიყავი-მეთქი. უბრალოდ, იმის ნიჭი მქონდა, რომ გამოცდების მოახლოებისას სასწავლო მასალა 10-15 დღეში მესწავლა და გამოცდა ჩამებარებინა... მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებულები თურქეთში მიემგზავრებოდნენ, სადაც ცერებრალურდამბლიან ბავშვებთან, შშმ პირებთან მუშაობდნენ. საკმაოდ სოლიდური შემოსავალიც ჰქონდათ. მე და ჩემი რამდენიმე მეგობარიც ვაპირებდით, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ლექტორი, რომელიც ჩემთვის დღეს მისაბაძი ადამიანია, ესაა ზურა კახაბრიშვილი - ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი. უნივერსიტეტში, მესამე-მეოთხე კურსზე ჩემი ლექტორი იყო. მასწავლიდა სპორტული მედიცინის საფუძვლებს, მედიკამენტებით სპორტსმენის მკურნალობას, მომზადებას... არ ვიცი, რატომ, პრაქტიკულ მეცადინეობებზე ზურას ისე მოვაწონე თავი, რომ ერთ დღეს, როცა ფეხით მივსეირნობდით, თავისთან დარჩენა შემომთავაზა და მეც მაშინვე დავთანხმდი... 2013 წლის 4 თებერვლიდან ძალოსნობის ეროვნულ ნაკრებთან გამგზავნა...
- რას ნიშნავს იყო სპორტსმენების ექიმი? რა სპეციფიკური მახასიათებლები აქვს თქვენს საქმიანობას?
- კლინიკაში მომუშავე პერსონალისგან ყველანაირად განვსხვავდებით. არის სიტუაციები, როდესაც ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელიც კლინიკის ექიმმა შესაძლოა არაპროფესიულად შეგვიფასოს, თუმცა, როცა სპორტსმენი შეჯიბრებისთვის წლების განმავლობაში ემზადება, ერთი ნაბიჯიღა აქვს დარჩენილი და ტრავმა უშლის ხელს, სამსახურებრივ პასუხისმგებლობას მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე წინ ვერ დავაყენებთ. ექსტრემალები ვართ და ზოგჯერ სასწაულებრივ გადაწყვეტილებებს ვიღებთ... მეცხრე წელია, ამ საქმეს ვემსახურები. ამ ხნის განმავლობაში, სპორტსმენებთან მეტი დრო მაქვს გატარებული, ვიდრე შინ. შესაბამისად, კარგად მაქვს შესწავლილი მათი თითოეული ქმედება, გამოხედვა. ყველამ ჩვენი საქმე ვიცით - კონკრეტულ სიტუაციაში რა უნდა გავაკეთოთ, რომ ტრავმის გამო არც სპორტსმენი დაზარალდეს, არც - ჩვენი საქმე და ქვეყანა, მედალი არ დავკარგოთ...
- ახლა, ტოკიოს ოლიმპიადაზეც გქონდათ შემთხვევა, როცა შეიძლებოდა, თქვენი გადაწყვეტილება კლინიკის ექიმს არაპროფესიულად შეეფასებინა?
- გვქონდა: ანტონ პლესნოიმ გამოსვლისას, მეორე მოძრაობაზე, აკვრის დროს მუხლის სახსართან მყესის ნაწილი დაიზიანა... პლესნოი გარეთ კოჭლობით გამოვიდა. იმწამსვე გადაწყდა, რომ მისთვის ადგილობრივი ანესთეზია გამეკეთებინა. ზუსტად 2 წუთში ტკივილი გაუყუჩდა, სპორტსმენმა თავისი საქმე შეასრულა - მივიდა და წონა დააფიქსირა, რამაც ბრინჯაოს მედალი მოგვიტანა...