ქართველი პედიატრი ქალის გმირობის ამბავი - "ვაგონის კარი რომ გააღეს, ერთმანეთზე აკრული, ნამტირალევი ბავშვები დახვდათ..." | Allnews.Ge

ქართველი პედიატრი ქალის გმირობის ამბავი - "ვაგონის კარი რომ გააღეს, ერთმანეთზე აკრული, ნამტირალევი ბავშვები დახვდათ..."

მარიამ უგრელიძე ერთ-ერთი პირველი პროფესორი ქალია საქართველოში და ქართული პედიატრიის ფუძემდებლად მიიჩნევა. ამ ადამიანის ბიოგრაფიაში ბევრი საამაყო ფურცელია, თუმცა არის უსიამოვნო ეპიზოდიც, როცა პეტერბურგში სამედიცინო განათლების მისაღებად წასულს, რუსეთში 1905 წლის რევოლუციამ მოუსწრო.

ქართველი სტუდენტი დაჭრილ მუშებს ქუჩებში დახმარებას უწევდა, რის გამოც 1906 წელს დააპატიმრეს... პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მარიამს რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა აუკრძალეს, თუმცა მალე უცხოეთში წასვლის საშუალება მიეცა. საფრანგეთში, მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა და 1909 წელს სწავლის გასაგრძელებლად შვეიცარიაში, ლოზანაში გაემგზავრა.

საზღვარგარეთ განათლებამიღებულს რუსეთში ექიმობის უფლება არ ჰქონდა, რადგან მეფისდროინდელი რუსეთის კანონი ამას კრძალავდა. დიდი შრომის შედეგად მარიამმა მაინც მოახერხა პრაქტიკის გავლა, ექიმის რუსული დიპლომი აიღო და მიმართულებაც შეიცვალა - პედიატრი, გახდა.

მისი საინტერესო სამედიცინო კარიერის განმავლობაში ერთი საოცარი ამბავი მოხდა, რაც 1937 წლის რეპრესიების პერიოდს უკავშირდება.

ექიმის სახლში ერთ საღამოს სატელეფონო ზარი გაისმა, რკინიგზის სადგურიდან ვინმე ვანიჩკა ჩოხელი რეკავდა, რომელმაც მარიამ უგრელიძეს შეატყობინა, რომ თბილისის რკინიგზის სადგურში იდგა ვაგონი, რომელიც სავსე იყო რეპრესირებული ოჯახებიდან გამოყვანილი ბავშვებით და ისინი რუსეთში მიჰყავდათ...

მარიამი რკინიგზის სადგურში შუაღამისას წავიდა, სადგურის უფროსთან შევიდა და უთხრა, რომ ბავშვები დიზენტერიით იყვნენ დაავადებულები და მათი ტრანსპორტირება, ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო, არ შეიძლებოდა. სადგურის უფროსმა თავიდან უარი განაცხადა, რაზეც მარიამმა უპასუხა, რომ ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად მას დაეკისრებოდა. ამის შემდეგ სადგურის უფროსი დათანხმდა და იქვე გააფორმა დოკუმენტი. საბუთს ხელი მოაწერა იმხანად ცნობილმა ინფექციონისტმა ბესო ოქროპირიძემ, რომელმაც მარიამ უგრელიძის მოსაზრება გაამყარა - მისი ხელმოწერა ამ საქმეში მნიშვნელოვანი იყო.

როცა მარიამის მოთხოვნით, ვაგონის კარი გააღეს, შიგ ათობით ერთმანეთზე აკრული, ნამტირალევი, შეშინებული ბავშვი დახვდათ, რომლებმაც არ იცოდნენ, მათ თავს რა ხდებოდა და მაშინ ვერც იმას ხვდებოდნენ, რომ სამუდამოდ დაკარგვას და ზოგიერთი ალბათ, სიკვდილსაც იმ ღამეს ერთმა ქალმა გადაარჩინათ.

მარიამ უგრელიძისა და ბესო ოქროპირიძის საქციელი იმ დროს გმირობის ტოლფასი იყო, ამბავი რომ გამჟღავნებულიყო, ექიმებს პასუხს სიცოცხლით აგებინებდნენ.

ბებიის გმირობის შესახებ მისგან არასდროს მოუსმენია მარიამ უგრელიძის შვილიშვილს, ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავას, რომელიც წინაპრის შესახებ allnews.ge-ს უყვება:

chachava-1629191134.jpg

"ბებიას ჩვენთან ამაზე არასდროს უსაუბრია, ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი... მე და დედა ერთხელ ვერაზე მივდიოდით და აფთიაქთან დავინახეთ, ჩვენსკენ ქალბატონი გამოემართა, ძალიან ემოციურად მოგვიახლოვდა და დაუწყო დედას საუბარი. საკმაოდ პატარა ვიყავი და რას ელაპარაკებოდა, დიდად ვერ მივხვდი და გავარკვიე. მერე იმ ქალბატონმა მუხლებზე დაუჩოქა, დედამ მას ხელი მოკიდა და წამოაყენა. ბოლოს ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მაშინ დედას ვერაფერი ვკითხე, სახლში მოსულმა კი თქვა - მე შემხვდა "მატარებლის ბავშვი". ეს ფრაზა კი კარგად დამამახსოვრდა.

წლების შემდეგ, ალბათ 17 წლის ვიყავი, დედას იმ ქალთან შეხვედრის ეპიზოდი გავახსე და ისიც ვკითხე, რას ნიშნავდა "მატარებლის ბავშვი", მან ყველაფერი დაწვრილებით მიამბო... რეალურად მატარებლის ვაგონში შეყრილ ბავშვებს არაფერი სჭირდათ, ბებიამ დიზინტერია მოიგონა იმისთვის, რომ ისინი რუსეთში არ დაქსაქსულიყვნენ და არ მოცილებოდნენ თავიანთ ქვეყანას. ამ რისკზე სიცოცხლის ფასად წავიდა. ეს ამბავი რომ გამჟღავნებულიყო, ბებიაჩემს აუცილებლად დახვრეტდნენ, როგორც იმ წლებში ძალიან ბევრ ადამიანს. ბებიას სახელს არაერთი ქარველი ბავშვის გადარჩენა უკავშირდება, რითაც ძალიან ვამაყობ!

-პატარა ყოფილხართ ბებია რომ გარდაცვლილა, როგორ შემორჩა ის თქვენს მეხსიერებას?

_ 10 წლის ვიყავი, რომ გადაიცვალა, მაგრამ კარგად მახსოვს. ერთ ოთახში გვეძინა და წარმოიდგინეთ, თქვენობით მივმართავდი იმიტომ, რომ ყველა ასე მიმართავდა. ეს უდიდესი პატივისცემა იყო. ის იყო ადამიანი, რომელიც ზედმეტად შენიშვნას არ მოგცემდა. უაღრესად დიდი ინტელექტისა და განთლების მქონე ქალბატონი გახლდათ. ბევრი ენა იცოდა. იმ დროისთვის ძალიან ღრმა განათება ჰქონდა მიღებული. მნიშვნელოვანია, რომ იმ თავის ცოდნას სხვებსაც გადასცემდა...

საერთოდ, ძალიან საინტერესო ხალხში ვიზრდებოდი, ჩვენთან დიდი მეცნიერები, ექიმები მოდიოდნენ, სულ სხვა ატმოსფერო სუფევდა. ყოველ საღამოს ჩაის სმის საოცარი კულტურა გვქონდა, მაგრამ 10 საათზე ყველა უნდა დაშლილიყო, თავის სახლებში წასულიყვნენ. ურთიერთობის რაღაც სხვა ეტიკეტები არსებობდა, სუფრაც სხვანაირად იშლებოდა, ხომ ვამბობ, განსხვავებული გარემო სუფევდა.

ოჯახის წევრებს არასოდეს ჰქონდათ ქედმაღლობის მომენტი. ქუჩის მეეზოვე ალი გვყავდა, რომელიც ჩვენთან უპრობლემოდ შემოდიოდა, ჯდებოდა და ბებიას ესაუბრებოდა, ბებია ჩაის სთავაზობდა, დიდი ყურადღებით მოიკითხავდა და მისი ოჯახის პრობლემებზე ესაუბრებოდა. ჩვენთან ასევე დადიოდა ფოსტალიონიც. ბებია ექიმი იყო და ყველას ეხმარებოდა და ადამიანებიც მუდმივად თავიანთ გასაჭირზე ელაპარაკებოდნენ, შეკითხვებს უსვამდნენ. ზოგჯერ მისი თითო სიტყვაც კი ბევრ რამეს წყვეტდა...

- "მატარებლის ბავშვების" ამბავი საოცარი კეთილშობილების მაგალითია...

- კარგი, კეთილშობილური საქმეა, მეც ვერ წარმომიდგენია, სრულად არაექიმმაც რომ გავიგო, სადღაც 50 ბავშვი გასაჭირშია, შველა სჭირდებათ და არ დავეხმარო. მიმაჩნია, რომ ეს მისი პროფესიული და ადამიანური, მოქალაქეობრივი ვალი იყო. რატომღაც მგონია, რომ ყველა ნადვილი მოქალაქე ასე მოიქცეოდა. ამიტომაც იყო, რომ ბებია ამაზე არასდროს საუბრობდა, ამას გმირობად არ მიიჩნევდა.

****

1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედიატრიის კათედრა დაარსდა, რომლის ფუძემდებელი პროფესორი სიმონ გოგიტიძე გახლდათ. ძირითად საქმიანობას კათედრაზე მარიამ უგრელიძე ასრულებდა. 1930 წელს მარიამს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა და სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის გამგედ დაინიშნა. შემდგომ ოცდაათი წლის განმავლობაში ბავშვთა ჯანდაცვის კუთხით უგრელიძე აქტიურ საექიმო, პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ მუშაობას ეწეოდა. ჰყავდა უამრავი მადლიერი პაციენტი...

ფეხით ჰქონდა მოვლილი საქართველოს მთა და ყოველდღიურად სინჯავდა რამდენიმე ათეულ ბავშვს, სწავლობდა მოსახლეობის, განსაკუთრებით - ქალთა და ბავშვთა, საყოფაცხოვრებო და შრომის პირობებს, ტრადიციებს. ღამით, სინათლის შუქზე აჯამებდა იმ დღის მუშაობას.

1929 წელს მარიამ უგრელიძის ინიციატივით დაარსდა საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, რომლის თავმჯდომარეც თავად გახლდათ, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებას მარიამ უგრელიძის სახელი ეწოდა.

ავტორი: ლალი ფაცია

myquiz