"სასურველია, ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი" - ამირან გამყრელიძე მეოთხე ტალღის დასაწყისზე საუბრობს | Allnews.Ge

"სასურველია, ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი" - ამირან გამყრელიძე მეოთხე ტალღის დასაწყისზე საუბრობს

უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი, არ მივიდეს თუ არ არის აცრილი და ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა, ზრდის ტემპი შემცირებულია.

„მესამე ტალღა ჩვენ გარკვეულწილად გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში. დღვანდელი შემთხვევათა რიცხვი 2700-ის ფარგლებში, უკვე ჭარბობს მესამე ტალღის პიკს ანუ მაისის 17-ში რაც გვქონდა. მაისის 17-იდან იყო შემცირების ტენდენცია, რომელიც გაგრძელდა დიდხანს, მაგრამ ის არ ჩამოსულა ისეთ დონეზე, რომელიც შესაძლოა დამაკმაყოფილებელი ყოფილიყო. სადღაც 25-26 ივნისიდან უკვე დაიწყო ზრდა. ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორით, რომელზეც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ.

დღეს გვაქვს ისევ მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა, თუ გნებავთ დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ფაქტია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, რასაც ვპროგნოზირებდით, თუმცა, ზრდის ტემპი შემცირებულია. ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიფიქროთ, შესაძლოა, ეს გაგრძელდეს კიდევ 10 დღე, ორი კირა და შემდეგ იყოს ქვესვლა, მაგრამ ნელი ტემპით. ამის შესაკავებლად ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და მეორეს მხრივ რეკომენდაციების დაცვა.

ამ რეკომენდაციიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ორი - პირბადის ტარება და დისტანცია. ყველა ეპიდაფეთქების კერა იწყება დიდი თავშეყრებიდან, ქელეხიდან, ქორწილიდან, დაბადების დღის საღამოებიდან, გამოსაშვებული წვეულებებიდან. ამიტომ უნდა შემოვიდეს წესად, რომ ნებისმიერ თავშეყრაზე სასურველია მივიდეს ორჯერ აცრილი ადამიანი, არ მივიდეს თუ არ არის აცრილი და ან მივიდეს ისე, რომ წინასწარ გაიტესტოს. ეს ჩვენს ღონისძიებებზე უკვე დანერგილია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.