31 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 168 ათასი დოზა შემოვა | Allnews.Ge

31 ივლისს საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინის 168 ათასი დოზა შემოვა

საქართველოში ხვალ „ფაიზერის“ ვაქცინის 168 ათასი დოზა შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

ამასთან, გამყრელიძემ ისაუბრა „დელტა“ შტამის ცირკულაციაზე ქვეყანაში და აღნიშნა, რომ 40-50% სწორედ „დელტა“ შტამზე მოდის.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება, არამედ იგეგმება, რომ არსებულის აღსრულება გამკაცრდეს.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს არის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია არამხოლოდ ჰოსპიტალურ დაწესებულებებში, არამედ ამბულატორიულ დაწესებულებებშიც ჩატარდეს.

„მთავარი თემა, რაც საბჭომ განიხილა, შეეხებოდა „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესის გაფართოებას. როგორც იცით, აქამდე „ფაიზერით“ ვაქცინაცია ჰოსპიტალურ დაწესებულებებში ტარდებოდა, დღეს კი არის იმის შესაძლებლობა, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია მისი რაოდენობიდან, მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინაციის შემდეგ განსაკუთრებულად სწრაფად დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები არის მინიმალური, შეიძლება ჩატარდეს ამბულატორიულ დაწესებულებებშიც.

თბილისში არის რამდენიმე დიდი და გამოცდილი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც წლების განმავლობაში ბავშვთა ვაქცინაციის პროცესს ატარებს. ასე რომ, ექსპერტების ჯგუფმა და უწყებათა საბჭოს წევრებმა სავსებით მისაღებად მიიჩნიეს ის ფაქტი, რომ „ფაიზერით“ ვაქცინაცია უკვე პოლიკლინიკურ ქსელშიც დაიწყოს. ამასთან დაკავშირებით სამინისტროს აქვს კონსულტაციები, დაახლოებით 7-მა დაწესებულებამ უკვე გამოთქვა მზაობა „ფაიზერის“ ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვაზე და ეს მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და განვითარდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვის გაუმჯობესებისთვის საჭიროებისამებრ შესაძლებელია გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება.

“ასევე სხდომაზე სოფლად ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე იყო საუბარი. რაიონული ცენტრების დაწესებულებები, რომლებიც 66 რაიონში ფუნქციონირებს, ემსახურება სოფლის მოსახლეობას სპეციალიზირებული სერვისებისთვის და ამ დაწესებულებების პასუხისმგებლობად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სოფლის მოსახლეობის ვაქცინაციით მოცვა. ეს განხორციელდება ოჯახის ექიმების ჩართულობით სოფლის ამბულატორიის დონეზე, ასევე შესაძლებელია, სადაც საჭირო იქნება, გასვლითი მობილური ამბულატორიების გამოყენება, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ სოფლის მოსახლეობაც აიცრას.

აქ საუბარია „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაციაზე სოფლის დონეზე. „ფაიზერი“ ჯერჯერობით მობილური ბრიგადის ფარგლებში განიხილება მხოლოდ ქრონიკულ ან მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების შემთხვევაში, მათთან ვაქცინაციის ჯგუფი გადის რეანომობილის თანხლებით და ბინაზე ხდება მათი აცრა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია თბილისში და კიდევ უფრო სწრაფად წავა სხვა რეგიონებში“, - განაცხადა გაბუნიამ.