"ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ... გირები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში" - რას ყვება 21 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ბავშვობაზე | Allnews.Ge

"ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ... გირები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში" - რას ყვება 21 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ბავშვობაზე

21 წლის ლაშა ბე­ქა­უ­რი ტო­კი­ოს ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნია. ქართველმა ძიუდოისტმა ფი­ნალ­ში გერ­მა­ნე­ლი მე­ტო­ქე, ედუ­არდ ტრი­პე­ლი და­ა­მარ­ცხა. ლაშა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში რუს მე­ტო­ქეს და­უ­პი­რის­პირ­და და სწო­რედ მას­თან გა­მარ­ჯვე­ბით მო­ი­პო­ვა ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი.

ახალგაზრდა ფალავანი 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია, სადაც მოიპოვა კიდეც ოლიმპიადის ლიცენზია. პირველი ადგილი დაიკავა 2019 წელსაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 90 კგ წონით კატეგორიაში, ასევე გამარჯვება მოიპოვა 2019 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. ლაშა ბექაური ძიუდოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის 2018 წლის გამარჯვებულიცაა.

ლაშა ბექაური სოფელ არხილოსკალოდანაა. 6 წლის ასაკში სწორედ აქ დაიწყო ძიუდოში ვარჯიში. დარბაზი, სადაც არხილოსკალოელები ვარჯიშობდნენ, დღეს დანგრევის პირასა, თუმცა არც თხუთმეტიოდე წლის წინ იყო კეთილმოწყობილი - მეორადი ლეიბებით და ყველანაირი სპორტული ინვენტარის გარეშე.

ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, "პოსტ ფაქტუმთან" ინტერვიუში ლაშამ ბავშვობის წლები გაიხსენა, რომლებიც არც ისე მარტივი იყო:

"გირები და ჰანტელები რომ არ გვქონდა, ქვებით გვიწევდა ვარჯიში. მანქანის ძველ საბურავებს გამოვიბამდით ქამარზე და ისე დავრბოდით, ერთმანეთს ვეჯიბრებოდით... ჩემი სახლიდან ამ დარბაზამდე, 13 კილომეტრი იყო და ბიჭები ფეხით დავდიოდით ამ მანძილს, ამხელა გზაზე სიარული პატარა ბავშვისთვის ძალიან ძნელი იყო...

ბევრჯერ ვარჯიშზე უჭმელი წავსულვარ, საჭმელი არ მქონია ისე წავსულვარ. სკოლის პერიოდში ბავშვები კარალიოკს ვჭამდით ხოლმე, ბუფეტში რომ ვერაფერს ვყიდულობდით...

აქ ვინც ცხოვრობს, ყველა მთიდან ჩამოსულია - ხევსურები, მთიულები, გუდამაყრელები. მე გუდამაყრელი ვარ, ზაფხულში როცა ვახერხებდი ავდიოდი გუდამაყარში, ძალიან მიყვარს იქ ყოფნა - ლექსების წერა მიყვარს და იქ ყოველთვის მოდის მუზები...

ძალიან ვამაყობ რომ ქართველი ვარ, მთის შვილი ვარ. ვამაყობ იმითაც, რომ 300 არაგველის შთამომავალი ვარ და შეჯიბრზეც როცა გავდივარ, დიდ მოტივაციას მაძლევს - ის ხალხი რომ ომში ისე თავდაუზოგავად იბრძოდა, არ მაქვს უფლება უკან დავიხიო, რადგან მათი შთამომავალი ვარ" - ამბობდა ინტერვიუში ლაშა ბექაური და იმის პირობაც დადო, რომ სამშობლოს ოლიმპიურ ოქროს მოუტანდა. 21 წლის ძიუდოისტმა პირობა შეასრულა.

myquiz