კვების ობიექტები და სუპერმარკეტები საკვების გაჩუქების შემთხვევაში აღარ დაიბეგრებიან? - სად მიდის მორჩენილი პროდუქტი და რას ამბონს კანონი | Allnews.Ge

კვების ობიექტები და სუპერმარკეტები საკვების გაჩუქების შემთხვევაში აღარ დაიბეგრებიან? - სად მიდის მორჩენილი პროდუქტი და რას ამბონს კანონი

საქართველოში რესტორნებსა თუ კვების სხვა დაწესებულებებში მორჩენილი საკვების დიდი ნაწილი ფაქტობრივად იყრება, რადგან ქვეყანაში ამ ტიპის საკვების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების პრაქტიკა არ არსებობს. მაშინ, როდესაც ევროპასა და ამერიკაში სისტემებია დანერგილი იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები საკვები განადგურდეს.

მაგალითად, ამერიკაში შექმნილია სპეციალური აპლიკაციები, სადაც რესტორნის ადმინისტრაცია მორჩენილ, მაგრამ ხელუხლებელ და ვარგის კერძებს ათავსებს და მიზერულ ფასად ყიდის.

თუ საფრანგეთის მაგალითს ავიღებთ, იქ დიდ სუპერმარკეტებს კანონი ავალდებულებს მაღაზიის დახლებზე დარჩენილი, საკვებად ვარგისი სასურსათო პროდუქტი საქველმოქმედო ორგანიზაციებს ან ფერმებს გადასცენ საჩუქრად. კანონის დამრღვევი მაღაზიის მფლობელები 75 000 ევროთი ან 2 წლით თავისუფლების აღკვეთით დაჯარიმდებიან.

nagavimagazia-1626865651.jpg

საფრანგეთის მსგავსად, იტალიის ხელისუფლებაც ავალდებულებს რესტორნებსა და სუპერმარკეტებს მორჩენილი პროდუქტები ქველმოქმედებისთვის გამოიყენონ.

ევროპის არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ე.წ "სურსათის ბანკები", რომლებიც წარმოადგენენ შუამავალ რგოლს კვების ობიექტებსა და ქველოქმედების საჭიროების მქონე სეგმენტს შორის. მათ პროდუქციის ხარისხის კონტროლი და განაწილება ევალებათ.

allnews.ge დაინტერესდა როგორია ამ მხრივ ვითარება საქართველოში - სად მიდის რესტორნებსა თუ დიდ სავაჭრო დაწესებულებებში მორჩენილი საკვები.

ჩვენ მიერ გამოკითხული რესტორნების მენეჯერების უმრავლესობა ამბობს, რომ დიდი ხანია რესტორნებს საკვები აღარ რჩებათ.

"ამ პანდემიიის პერიოდში, საკვების მორჩენაზე ზედმეტია საუბარი, ისედაც ძლივს ვმუშაობთ. თუმცა 2 წლის წინაც, მორჩენილი საკვები არ გვინახავს. კლიენტები ცდილობენ ზედმიწევნით სიზუსტით შეუკვეთონ ის, რაც სურთ. ადრე შეიძლება სხვანაირად იყო, მაგრამ წლებია ასეთი პრაქტიკაა. თუ რამე მორჩება სუფრაზე, ითხოვენ კონტეინერებს, ალაგებენ და მიაქვთ.

იშვიათად ხდება ისე, რომ თუ რამე მიზერული დარჩება, თანამშრომლები ინაწილებენ.

რაც შეეხება ქველმოქმედების მიზნით გამოყენებას, ეს ცოტა პრობლემური საკითხია, რადგან ჩვენ ბოლომდე ვერ ავიღებთ პასხისმგებლობას მორჩენილი საკვების ვარგისიანობაზე. ხომ შეიძლება ისე მოხდეს, ვინმე მოიწამლოს, ან რაიმე მსგავსი, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ თავი ავარიდოთ ამას.

გარდა ამისა, ისიცაა, რომ სუფრაზე მორჩენილ საკვებს ვერ შეკადრებ სხვას. ზოგიერთი საკვები, რაც მაგიდაზე იდება, რამდენიმე საათის შემდეგ უკვე უვარგისია და ვინმეს ვერ შესთავაზებ“ - გვითხრეს ერთ-ერთი რესტორნის ადმინისტრაციაში.

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის თქმით, საკვების მორჩენის შემთხვევები ძირითადად, დიდ სუპერმარკეტებსა და სწრაფი კვების ობიექტებშია.

როგორც ბურჯანაძე allnews.ge-ს ეუბნება, ხშირად იძულებულნი ხდებიან ასეთი პროდუქცია გაანადგურონ.

supermercati.jpg

"საკვების გაჩუქების შემთხვევაში ისინი იბეგრებიან მოგების და საშემოსავლო გადასახადით, ისევე როგორც, მაგალითად, ამ პროდუქციის გაყიდვის დროს ხდება. ამიტომ, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, რომ ქველმოქმედების შემთხვევაში ამ გადასახადებისგან გათავისუფლდნენ“ - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

თემაზე მუშაობისას აღმოვაჩინეთ, რომ პარლამენტში შესულია არასამთავრობო ორგანიზაციების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით არის შემუშავებული. CENN - ის პროექტების მენეჯერი ნანა თაკვარელია ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წევრები უკვე გაეცნენ მათ მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს და შესაძლოა ის კანონში აისახოს.

„იმის გამო, რომ მაღაზიები და კვების ობიექტები ქველმოქმედების შემთხვევაშიც საკმაოდ მაღალი გადასახადებით იბეგრებიან, იძულებული ხდებიან, გადაყარონ მორჩენილი საკვები. სწორედ მათგან წამოვიდა ეს ინიციატივა, რომ სახელმწიფოსთვის საკანონმდებლო ინიციატივით მიგვემართა.

ჩვენ მიერ შემუშავებული რეკომენდაციით, საქველმოქმედო მიზნებისთვის საკვების რეალიზაცია საერთოდ არ უნდა დაიბეგროს. ამ რეკომენდაციების შემუშავებაში არერთი ორგანიზაცია იყო ჩართული. საკმაოდ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივებია, რომლებიც ხელს შეუწყობს შესაბამისი სისტემის დანერგვას. საუბარია სურსათის ბანკების შემნასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე" - ეუბნება allnews.ge-ს ნანა თაკვარელია.

myquiz