"მე ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი" - სოფო ჭყონია ბავშვობაზე და იმაზე, თუ როგორ მოაპოვებინა 12 წლისამ მამას "კოკა კოლას" ლიცენზია | Allnews.Ge

"მე ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი" - სოფო ჭყონია ბავშვობაზე და იმაზე, თუ როგორ მოაპოვებინა 12 წლისამ მამას "კოკა კოლას" ლიცენზია

Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი და ორგანიზატორი, "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სოფო ჭყონია იხსენებს ბავშვობის იმ ეპიზოდს, როცა მამამ, თემურ ჭყონიამ თურქეთში წაიყვანა, რომ "კოკა კოლას" წარმომადგენლებთან ხელშეკრულების დადების პროცესში, როგორც თარჯიმანი დახმარებოდა.

მაშინ სოფო სულ რაღაც 12 წლის იყო და მამას ყველაზე მნიშვნელოვანი ლიცენზიის მოპოვებაში დაეხმარა:

"კოკა კოლა" უნდა შემოსულიყო საქართველოში და ამერიკელებთან შეხვედრა თურქეთში იყო დაგეგმილი... ოჯახში ინგლისური მხოლოდ მე ვიცოდი და მანქანით წავედით თურქეთში - მე ვიყავი თარჯიმანი, მამაჩემი იჯდა საჭესთან. გავიარეთ ბნელი, 90-იანი წლების საქართველო და ჩავედით სტამბოლამდე.

ისინი იყვნენ შოკში, იმიტომ რომ ჩამოვიდა კაცი საკუთარი მანქანით, თვითონ საჭესთან და 12 წლის ბავშვი, რომელმაც უნდა ითარჯიმნოს. მგონი მაგიტომაც მისცეს ლიცენზია, მსგავსი შემთხვევა არ ჰქონიათ...

მაშინ სტამბოლიც საშინელი ქალაქი იყო. ვცხოვრობდით საშინელ უბანში, ჩვენი სასტუმროს ფანჯრებთან მთელი ღამე ჩხუბობდნენ რუსის ქალები, რაღაც ფულს ვერ იყოფდნენ - აი, ეს ყველაფერი მახსოვს, მაგრამ საბოლოოდ, "კოკა კოლა" გაიხსნა საქართველოში" - ამბობს ჭყონია "პირველი არხის" გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე".

სოფო ჭყონიამ საკუთარ შვილებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან ურთიერთობაში ცდილობს, ხელი არ შეუშალოს და საჭირო დროს იდგეს მათ გვერდით:

"მე მიმაჩნია, რომ თავის შეცდომებზეც თვითონ უნდა ისწავლოს. ვერ იზამ იმას, რომ შენი შვილი იყოს სრულიად მოწყვეტილი და ყოველთვის უფრთხილდებოდე მას. უნდა დაუშვას შეცდომები და მათზე უნდა ისწავლოს.

...მე რთული შვილი ვიყავი და სასწაულ ცეცხლში გამოვატარე ჩემი მშობლები... თუმცა, ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, რჩევებსაც ვაძლევთ ერთმანეთს და ა.შ. მე უფრო ვაძლევ რჩევებს [თემურ ჭყონიას], ვიდრე ის მე.

...რთული პერიოდი დაემთხვა ჩემს თინეიჯერობას და ამის გამო, 14 წლის ასაკში, ბნელ 90-იანებში გამიშვეს ამერიკაში. ჩემს მშობლებს კარგი უნდოდათ ჩემთვის, მაგრამ ამერიკაში ძალიან რთულ ასაკში აღმოვჩნდი - მარტო უცხო ქვეყანაში, სკოლაში, სადაც გავიარე ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი. ალბათ ეს იყო ყველაზე რთული ჩემს პერიოდი ცხოვრებაში.

მე ვიყავი საშინელი ბულინგის მსხვერპლი. მიზეზი იყო ის, რომ ისინიც 14 წლისები იყვნენ და უცებ აბსოლუტურად უცხო ადამიანი, უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდა მათთან, მათ ესმოდათ მხოლოდ საბჭოთა კავშირი."ბოროტების იმპერიიდან" ჩამოვიდა გოგო, ზის ჩვენს კლასში და ის უნდა დავჩაგროთ - აი, ეს იყო მიზეზი. მარტო ბავშვები არ მაბულინგებდნენ, ვცხოვრობდი ამერიკელების ოჯახში და ბევრი ოჯახი გამოვიცვალე, ზოგიერთი მაგდებდა სახლიდან...

ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მშობლებს არ ვეუბნებოდი, ვფიქრობდი, რადგან ჩამოვედი ბოლომდე უნდა დავრჩე. არ მინდოდა ენერვიულათ, თან ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემი სისუსტე, რომ მარტივად დავნებდი - ჩავედი და რამდენიმე კვირაში უკან წამოვედი, ეს არ მინდოდა... ეს იყო ცხოვრების ძალიან დიდი გაკვეთილი, ახლა რა უნდა მოხდეს, რომ ვინმემ შეძლოს ჩემი დაჩაგვრა?!" - საუბრობს სოფო ჭყონია გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე".

myquiz