რა ფრაზების გამეორება იწვევს ბავშვებში სტრესს - "ბავშვი უარყოფითი ემოციების საწყობი ხომ არაა?! მან ისინი უნდა გამოხატოს" | Allnews.Ge

რა ფრაზების გამეორება იწვევს ბავშვებში სტრესს - "ბავშვი უარყოფითი ემოციების საწყობი ხომ არაა?! მან ისინი უნდა გამოხატოს"

ბავშვობაში, ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როდესაც უფროსები არ გვისმენდნენ და ჩვენი სურვილებით არ ინტერესდებოდნენ, ან რაიმეზე უარის თქმისას მიზეზს არ გვისხნიდნენ და ამით, თითქოს, ჩვენ მიმართ პატივისცემას არ გამოხატავდნენ.

აღზრდის ეს თითქოსდა "უმტკივნეულო" ფორმები, ფსიქოლოგების თქმით, არასწორია და ზრდასრულ ადამიანზე უარყოფითად აისახება.

როგორი აღზრდის მეთოდებს იყენებენ მშობლები და როგორ მოქმედებს ისინი ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე?! - ექიმი ფსიქოლოგის, ლიკა თუშიშვილის თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა აღზრდის მეთოდებია, რომლებიც მხოლოდ მშობლებზე ორიენტირებულია და შვილების სურვილებს, მოთხოვნილებებსა და განცდებს სრულიად უგულებელყოფს.

likatushishvili-1623835258.jpg

"სინამდვილეში, აღზრდის სწორი მეთოდი არის ბავშვებზე ორიენტირებული, მასთან მიდგომა ფსიქოლოგიური ასაკობრივი თავისებურებების გათვალიწინებით უნდა მოხდეს. ცხადია, ყველა ინდივიდს გარემოს თავისებური აღქმა და უარყოფითი მოვლენების ტევადობა აქვს, რასაც მშობლები ძირითადად არ ითვალისწინებენ. სწორად აღზრდა ბავშვის მოთხოვნების გათვალისწინებასა და ბავშვთან მეტყველების კონტროლს გულისხმობს.

ძალიან გავრცელებულია შვილების უარყოფითი ემოციებით მანიპულირება, ფრაზებით: "მე გავბრაზდები ასე რომ იქცევი," "თავი ამტკივდება," "ცუდად გავხდები," "შენ მატკინე..." - ამ ფრაზების ხშირი გამეორება ბავშვებში სტრესს იწვევს. ამის ნაცვლად, მშობლებს ვურჩევ, ბავშვებს უთხრან ფრაზები: "მე ძალიან გამიხარდება, თუ შენ იმეცადინებ" და არა "გავბრაზდები" - აღნიშნავს ფსიქოლოგი.

ლიკა თუშიშვილის თქმით, ბავშვის ქცევის შეცვლა პოზიტიური ემოციებით მანიპულირების საშუალებით უნდა მოხდეს. გარდა ამისა, აქცენტი არა უარყოფით თვისებაზე, არამედ ქცევაზე უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, შვილს კი არ უნდა ვუთხრათ, რომ ზარმაცია (რასაც შემდეგ იჯერებს და მართლაც ასეთი ხდება), არამედ, მისნაირ ბეჯით და ჭკვიან ბავშვს, რომ სიზარმაცე არ შეეფერება.

"როდესაც ბავშვი ცუდ ნიშანს მიიღებს, მისი უარყოფითად შეფასება კი არ უნდა მოვახდინოთ, არამედ ვუთხრათ, "მე ვიამაყებ, თუ შენ კარგ ნიშანს მიიღებ," ამგვარად, მას უფრო კარგი თვითშეფასება ექნება. უარყოფითი მეთოდი იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას, რომელიც ბავშვზე ნეგატიურ გავლენას ახდენს," - განმარტავს ფსიქოლოგი.

უარყოფითი ემოციებით მანიპულირება და არაკონსტრუქციული მეტყველება ბავშვის ქაოსურ ქცევას იწვევს. ფსიქოლოგის თქმით, ისეთი გამოთქმებით, როგორიცაა "გცემ," "სახლიდან გაგაგდებ" და ასე შემდეგ, ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ვაზიანებთ, მასში ვიწვევთ შიშს, რაც მომავალში თავს სხვადასხვაგვარი ფორმით იჩენს.

"როდესაც ბავშვებს არ ვაძლევთ უარყოფითი ემოციების გამოხატვის საშუალებას და ვეუბნებით, მაგალითად, "ენას ნუ მიტლიკინებ," "ამას არ შეეხო," "იმას არ დაარტყა" - ეს ემოციები გროვდება და ფსიქოსომატური პრობლემები სწორედ აქედან იწყება. სკოლაში, ბაღში, აგრესიული მოქმედებები სწორედ ამიტომ ხშირდება.

ბავშვი უარყოფითი ემოციების საწყობი ხომ არაა?! მან ისინი უნდა გამოხატოს" - აღნიშნავს ლიკა თუშიშვილი წაიკითხეთ ვრცლად

myquiz