"ჩვენ რა გავაკეთოთ, სკოლაში რა ვასწავლოთ ბავშვებს, როცა ყოველდღე ძალადობის ასეთი მაგალითები გვაქვს?" - გია მურღულია | Allnews.Ge

"ჩვენ რა გავაკეთოთ, სკოლაში რა ვასწავლოთ ბავშვებს, როცა ყოველდღე ძალადობის ასეთი მაგალითები გვაქვს?" - გია მურღულია

ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

"კანონის წინაშე ყველა თანასწორია, კონსტიტუცია რისთვის გვაქვს? მე რაღაც მომწონს თუ არ მომწონს, ვალდებული ვარ ვიცხოვრო ისე, როგორც ჩვენ ყველა შევთანხმდით, იმისთვის რომ სამყარო არ წალეკოს ქაოსმა და სამყაროში იყოს წესრიგი. ძალადობა იწვევს ქაოსს.

ხანდახან კითხვა ასე დგას - რა არის მთავარი: სახელმწიფო თუ პიროვნება? საბჭოთა კავშირში პასუხი იყო - სახელმწიფო, შენ ხარ ჭანჭიკი, უნდა ემსახურო და ა.შ. მსახურება კარგი სიტყვაა, მაგრამ როცა მას მონობაში ურევენ, აღარ ვარგა.. ახლა ბევრი უპირისპირდება ერთმანეთს, მაგრამ ყველა მხარეს ადამიანები არიან. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ და პატივი უნდა ვცეთ, როგორიც არ უნდა იყოს ის, მოგვწონს თუ არ მოგვწონს. არავინ არ უნდა დაარღვიოს საჯარო სივრცის კანონი.

ასეთი კითხვა მინდა დავუსვა საზოგადოებას, ეს კითხვა მასწავლებლებისგან მოდის: ჩვენ რა გავაკეთოთ, სკოლაში რა უნდა ვასწავლოთ ამ ბავშვებს, როცა ყოველდღე ძალადობის ასეთი მაგალითები გვაქვს ყველა მხრიდან? როგორ ავუხსნა ჩემს მეთერთმეტეკლასელებს, რა ხდებოდა გუშინ საქართველოს პარლამენტში? როგორ ავუხსნა ლექსო ლაშქარავას სახე რას გავდა, როცა იძალადეს მასზე? მე უნდა ვუთხრა, რომ სამყაროს სიყვარული მართავს, რომ სამყაროში ღვთაებრივი წესრიგია განფენილი, მაგრამ ესენი ხომ ყველაფერს ხედავენ? ეს მომავალი თაობა კი არაა, ესენი ცხოვრობენ უკვე...

...უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი - ეს ზოგადი ფრაზა არ არის! ეს უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების კრედო. როგორმე უნდა მოვახერხოთ ეს. ერთხელ ტელესკოლაში ვთქვი: ჯვარს რომ ჰორიზონტალური ღერძი გამოაცალო, ჯოხი შეგრჩება ხელში და ღმერთის სახელით ჩასცხებ ვიღაცას თავში? ეს ვერტიკალური ღერძი გამოხატავს ღმერთის სიყვარულს, ჰორიზონტალური - მოყვასისას. არ გამოვაძროთ ჯვარს ეს ჰორიზონტალური ღერძი, მარტო ქუჩებში დადგმა ჯვრების არ გამოგვადგება, გულშიც უნდა იდგეს ეს ჯვარი" - აღნიშნა გია მურღულიამ "ახალი დღის" ეთერში სტუმრობისას.