აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება- რას გულისხმობს ინიციატივა? | Allnews.Ge

აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება- რას გულისხმობს ინიციატივა?

აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, სათამაშო ბიზნესზე სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური კონტროლის მექანიზმების შემუშავებას, სექტორში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და ქვეყნის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას შეუწყობს ხელს, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებათა პროექტი, რომელიც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ პარლამენტში ცვლილებებზე ისაუბრა და მოსალოდნელ დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ არსებობს ნაკლოვანებები რაც სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. მაგალითად, რასაც ჰქვია „თამაშის მიწოდება" ქვეყნის გარეთ, აქამდე შეუძლებელი იყო და არ ხდებოდა სერვერებზე წვდომა, რომ გაკონტროლებულიყო რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს პროცესი. აღნიშნული ცვლილებით ეს ხარვეზი გასწორდება და ყველა სფერო, რომელსაც ეხება სათამაშო ბიზნესში მომსახურების გაწევას, თამაშის მიწოდებას, ხვდება კონტროლის სფეროში. შესაბამისად თამაშის მიმწოდებელი გადაიხდის სანებართვო მოსაკრებელს. ასევე კონკრეტდება რა არის არსებითი მომსახურება და პროდუქცია სათამაშო ბიზნესში" , - აღნიშნა დუნდუამ.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილებით ფართოვდება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მომსახურების გაწევის შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და კონტროლის მექანიზმების ეფექტურ შემუშავებას და აღსრულებას.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.