ქართველი ქალი, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა - "კაფის მეპატრონეს ხაჭაპური ისე მოეწონა, რომ პარასკევი ხაჭაპურის დღედ დავაწესეთ" | Allnews.Ge

ქართველი ქალი, რომელმაც აშშ-ს პატარა ქალაქს ქართული სამზარეულო შეაყვარა - "კაფის მეპატრონეს ხაჭაპური ისე მოეწონა, რომ პარასკევი ხაჭაპურის დღედ დავაწესეთ"

დონა გიორგაძე 29 წლის იყო, როდესაც ამერიკას პირველად ესტუმრა. შემდეგ იყო პირველი სამსახური, ახალი სიყვარული და დაბრუნება ისევ სამშობლოში. რამდენიმე წელიწადში კი ორ შვილთან ერთად დატოვა საქართველო და ახალი ცხოვრების დასაწყებად შტატებში სამუდამოდ წავიდა. უცხო ქვეყანაში თავის დასამკვიდრებლად კულინარიით გატაცება იდეალური საშუალება აღმოჩნდა. დღეს დონას აშშ-ს პატარა ქალაქში ყველა იცნობს - უფრო მეტიც, აგვისტოში მისი პირველი წიგნი გამოვა ქართული სამზარეულოს შესახებ...

- დონა, როგორ მოხვდით აშშ-ში?

- პირველად 2004 წელს ჩამოვედი რამდენიმე თვით. მიზეზი ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი იყო. მე, 29 წლის, გათხოვილი, ორი შვილით, სოფო 7 და ლილე 5 წლის, ქირით ვცხოვრობდით ოროთახიან, ფაქტიურად, ერთ საძინებლიან ბინაში. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რა სასტიკად მომენატრებოდა ჩემი შვილები, მათი სუნი, მაინც ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი იქაურობას.

donagirlz-1626167175.jpg

გამიმართლა, რომ ბევრი სხვა ემიგრანტისგან განსხვავებით, ჩამოვედი ჩემი ბავშვობის მეგობართან. სოფო დაახლოებით 6 წელი არ მყავდა ნანახი და მაშინ ეს პერიოდი უსასრულოდ მეჩვენებოდა. იმდენჯერ წარმოვიდგინე ჩვენი შეხვედრა აეროპორტში, იმდენჯერ ვიკივლე გულში, ესკალატორზე მდგომმა ქვემოთ მომლოდინე სოფო რომ დავინახე, ფაქტიურად ემოციის ნასახი აღარ მქონდა დარჩენილი... ერთი, რაც მკაფიოდ მახსენდება იქაური სუნია, რაღაცნაირი ახლის და სუფთა სუნი. ფეხსაცმელს რომ ტალახი და მტვერი არ ედებოდა ამაზე გავრეკე! ზუსტად ისე იყო როგორც ფილმებში მინახავს, გაწკრიალებული ბოტასებით შემეძლო გარეთ მერბინა და მერე ლოგინზე წამოვკოტრიალებულიყავი.

...ქორწილი იყო არნახული. პატარძლისა და მისი დაქალების სასტუმროში მომზადება თავის შამპანიურ-ლანჩიანად, ცერემონიალი გარეთ მდელოზე და ძალიან ბევრი ცეკვა და მუსიკა. ორი კვირის განმავლობაში სოფომ მაქსიმალურად მომატარა ყველაფერი. მახსოვს, ყველაფერს საქართველოს ფასებს ვადარებდი და სირცხვილისაგან არ ვიცოდი სად წავსულიყავი, სოფო რომ უამრავ ფულს ხარჯავდა ჩემთვის რაღაცეების ყიდვაში.

გამიმართლა, რომ ნიუ ჯერსიში მყავდა მეორე ბავშვობის მეგობარი, რომლის პატარა, მაგრამ სტუმართმოყვარე სახლის კარი ჩემთვის ფართოდ იყო გაღებული და შემეძლო სადამდეც საჭირო იქნებოდა დავრჩენილიყავი. იმაშიც გამიმართლა, რომ ქეთის დახმარებით რამდენიმე გასაუბრებაზე ვიყავი და სულ რამდენიმე დღეში დავიწყე სამსახური. მოვხვდი ოჯახში, სადაც მამა და ორი პატარა გოგო ცხოვრობდა. მე ვიყავი მათი დედაც, მომვლელიც, მასწავლებელი და ყველაფერი. მახსოვს, ქეთიმ რომ ჩამომაბარგა და მარტო დავრჩი ჩემთვის გამოყოფილ საძინებელში, პირველად მაშინ ვიგრძენი როგორ მენატრებოდნენ ჩემი შვილები, ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მელოდა წინ და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. პირველად მაშინ ვიტირე ბალიშში თავჩარგულმა...

საბედნიეროდ, მალე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ სახლში. ჩემი დილა ასე იწყებოდა: ბავშვებს გავამზადებდი დილით, ჩაცმა, დაბანა, საუზმე, მერე მე ყავას მოვიდუღებდი და საქართველოში ჩემს გოგონებს ვურეკავდი რომ მათი ხმა გამეგონა. ეს იყო ჩემი რიტუალი. საქართველოში დაბრუნებამდე 2 თვით ადრე გავიცანი ჩემი ახლანდელი მეუღლე დევიდი, რომელმაც მომატარა ნიუ იორკის მუზეუმები და პირველად ვნახე ჩემი საყვარელი იმპრესიონისტების ნამუშევრები ორიგინალში. მოვიარეთ ჯაზ კლუბები, რომელსაც მე მარტო ვერასოდეს ვერ აღმოვაჩენდი.

იმ დროს მართლა კონკიას გმირად ვგრძნობდი თავს და მხოლოდ ის მაშფოთებდა, რომ ცოტა ხანში ჩემი ეტლიც გოგრად გადაიქცეოდა და მე ისევ უბადრუკ რეალობას უნდა დავბრუნებოდი...

donadavid2005-1626167349.jpg
დონა და დევიდი 2005 წელს

მიუხედავად შიშისა, მაინც დავბრუნდი, რადგან სხვანაირად ვერანაირად ვერ დავალაგებდი სიტუაციას. ბავშვების მიტოვება დიდი ხნით არ მინდოდა, არც ვიზის დარღვევა. 2005 წლის აგვისტოში, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე სულ ტირილ-ტირილით გამაცილა დევიდმა აეროპორტში და ბოლო წუთამდე მემუდარებოდა, არ წავსულიყავი. საჭირო და აუცილებელი ცვლილებების დრო იყო და ჩემს გარდა ამას ვერავინ გააკეთებდა. ვიცოდი, დიდი ბრძოლა მქონდა გადასატანი ქმართან, მშობლებთან, ნათესავებთან და ყველასთან ვისაც არ ეზარებოდა ჩემს საქმეში ცხვირის ჩაყოფა. გამიმართლა იმაში, რომ გვერდით მედგნენ მეგობრები, რომლებსაც სჯეროდათ ჩემი და მამხნევებდნენ, რომ ჩემს შვილებს ერთი წამითაც არ დაუყენებიათ კითხვის ნიშნის ქვეშ რამდენად სწორი იყო ჩემი გადაწყვეტილება, რომ სჯეროდათ ჩემი და არასოდეს მიგრძვნია თავი დამნაშავედ.

donafamily-1626167388.jpg

ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ძალიან ბევრი რამე გადავაფასე. გადავწყვიტე აღარასოდეს არ მეცხოვრა სხვისი ცხოვრებით, სხვის მოსაწონად. ეს იყო ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, როცა, პირველ რიგში, საკუთარ თავთან ხარ მართალი. არ ვიცი, ვინ რას ლაპარაკობდა ჩემზე, არც მაინტერესებდა. ერთ თვეში ბინა ვიყიდე და ბავშვებთან ერთად ცალკე გადავედი. მალე მუშაობა დავიწყე, განქორწინებაზეც შევიტანე საბუთები და ნელ-ნელა დავლაგდი.

მართალია, ბინა უძველესი იყო და გასარემონტებელი, მაგრამ ამას მართლა არ ჰქონდა მნიშვნელობა - ისეთი ბედნიერები ვიყავით მე და ჩემი შვილები იმ თავისუფლებით და სიმშვიდით, რომ ეგ არავის ადარდებდა. დევიდი ყოველდღე, ხანდახან სამჯერ მირეკავდა და მის არსებობას ყოველდღე ვგრძნობდი. სამი წლის მერე ჩამოსვლა დააპირა, მაგრამ აგვისტოს ომმა შეაჩერა ეგ ამბავი. ამიტომ ევროპაში შეხვედრა გადავწყვიტეთ. სამსახურის კონტაქტებით ადვილად მივიღე ვიზა და 2008 წლის ოქტომბერში ჩრდილო იტალიაში შევხვდით. ეს ფაქტიურად პირველი შემთხვევა იყო, როცა 3 კვირის განმავლობაში დღე და ღამე ერთად ვიყავით.

2009 წელს დევიდი ჩამოვიდა საქართველოში. 2010-ში კი უკვე დავიწყეთ აშშ-ში წამოსვლასა და ერთად ცხოვრებაზე ფიქრი. არალეგალურად მე არ წავიდოდი და არც ბავშვებს დავტოვებდი, ამიტომ ყველაზე მისაღები ამ შემთხვევაში საქორწინო ვიზით წასვლა იყო. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, სექტემბრის დასაწყისში დევიდი მეორედ ჩამოვიდა და სამ კვირაში ოთხივე ერთად, უკვე საბოლოოდ წამოვედით ამერიკაში.

donagiorgadzedavid-1626167416.jpg
დონა და დევიდი, 2020 წელი

- როგორ გაგრძელდა თქვენი ამერიკული ცხოვრება?

- დევიდი ჩვენს ჩამოსვლამდე ნიუ-იორკში, ერთ ოთახიან პატარა აპარტამენტში ცხოვრობდა და ყველანი იქ ვერ დავეტეოდით. საბედნიეროდ, მან უკეთ იცოდა რომელი შტატი და ქალაქი იყო ოჯახებისთვის სასურველი თავისი ცხოვრების სტილით, სკოლებით, უსაფრთხოებით და ასე ვიპოვეთ პატარა ქალაქი რიჯფილდი, კონექტიკუტში. 23 სექტემბრის დილის 4 საათზე შემოვაბარგეთ ჩვენი უზარმაზარი ჩემოდნები ამ პაწაწინა სახლში და დღემდე აქ ვართ. გოგოებმა სკოლაც დაამთავრეს, კოლეჯიც და თავის გზას ადგანან უკვე. მე კი ყველაზე მეტად გამიჭირდა ის რომ არავის არ ვიცნობდი, რომ არაფერს არ ვაკეთებდი. ეს ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელი მდგომარეობა იყო.

donadavidgogoebi-1626167416.jpg

donadavidgils-1626167415.jpg

ვინაიდან საქორწინო ვიზით ჩამოვედი 90 დღის განმავლობაში ხელი უნდა მოგვეწერა, მერე უკვე შემეძლო სამუშაოს უფლების აღება და სხვა საბუთებზე ზრუნვა. მანამდე კი რამე უნდა მომეფიქრებინა. ჩემს ქალაქში ერთი ასეთი კლუბია, ახალჩამოსულების კლუბი ჰქვია და მათ შევუერთდი. ძალიან საინტერესო ივენთები ჰქონდათ, თამაშები, კოქტეილ-ფართები, ტყეში სიარული და ა.შ. ამ კლუბიდან გავიცანი ძალიან ბევრი კარგი ადამიანი, რომლებთანაც დღემდე ვმეგობრობ. ჩვენს ქალაქში დაახლოებით 23 000 ადამიანი ცხოვრობს, სახლების უმეტესობა ტყეშია გაფანტული, ჩვენი დასახლება უფრო ცენტრშია და კიდევ კარგი, რადგან მანქანის ტარებაც არ ვიცოდი და ფეხით მაინც შემეძლო გასვლა. აქ ყველა ძალიან მეგობრულია, ყველა გიღიმის, გესალმება, გეკითხება როგორ ხარ. შეიძლება სულაც არ აინტერესებს, მაგრამ მაინც სასიამოვნოა მათი ასეთი დამოკიდებულება.

ერთ-ერთი ასეთი სეირნობისას მეზობელთან საუბარში გავიგე რომ მოხალისედ შემეძლო მუშაობა ბიბლიოთეკაში ან ქალაქის პატარა მუზეუმში. მეც, ოღონდაც გარეთ გავსულიყავი და რამე მეკეთებინა და ორივეგან დავიწყე. დიდი არაფერი, არც ერთზე არ ვგიჟდებოდი და არც მეორეზე, მაგრამ სულ არაფერს სჯობდა. ამასობაში ზამთარიც მოვიდა, ხელიც მოვაწერეთ, პატარა ქორწილიც გადავიხადეთ, მანქანის ტარებაც ვისწავლე და პატარა სამუშაოც ვიპოვე კლუბიდან - ერთ-ერთ წევრს ბავშვის მომვლელი ესაჭიროებოდა. ამ ოჯახში 6 წელი ვიმუშავე, თავიდან ჰენრის ვეთამაშებოდი, მერე სახლის საქმეებშიც ვეხმარებოდი და ბოლოს სამზარეულოშიც შევაბიჯე. ზუსტად არ მახსოვს რა გავუკეთე, მაგრამ რაც იყო, მოეწონათ და ამის შემდეგ კვირაში ორჯერ მხოლოდ საჭმელებს ვუკეთებდი.

donamaking-1626167487.jpg

ამასობაში მუშაობის უფლებაც მოვიდა და უკვე შემეძლო რამის მოძებნა. საქმე იმაშია, რომ ინგლისურის გარდა ფაქტიურად არაფერი ვიცოდი. საჭმელების კეთებაც მხოლოდ მოყვარულის დონეზე შემეძლო. როცა დრო მქონდა, მიყვარდა აქაური კულინარიული გადაცემების ყურება და შემდეგ მომზადება. ძალიან ბევრი ინგრედიენტის არსებობა არც ვიცოდი. მუშაობის უფლების მიღების მერე ვეძებდი სამუშაოებს ნებისმიერ სფეროში რაც კი ჩემს ქალაქში იყო, ვავსებდი აპლიკაციას ყველგან, ყველანაირ სამუშაოზე და ხელფასზე ვიყავი თანახმა.

ბოლოს ერთ კოფი-შოფში ამიყვანეს ბარისტად. აქვე აცხობდენ პურებს, კრუასანებს, მაფინებს და სხვა ტკბილეულობას, სენდვიჩებსაც ვაკეთებდით ლანჩის დროს. მოკლედ, ძალიან მჩქეფარე და დატვირთული კაფე იყო. ამ კაფიდან უამრავი არაჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი, რამდენიმე დღეში ვიცოდი მათი საყვარელი სასმელები და როგოც კი დავინახავდი პარკინგზე, მაშინვე ვიწყებდი მათ მომზადებას. მათთან ურთიერთობაც, საუბარი ძალიან მომწონდა, მთელი ეს პროცესი ძალიან მავსებდა, მიუხედავად იმისა რომ 8 საათი ფაქტიურად ფეხზე ვიდექი და გაუჩერებლად ვმუშაობდი. ერთ წელიწადში მეპატრონეებმა მენეჯერობა შემომთავაზეს. რამდენიმე ძალიან კარგი თანამშრომელი ავიყვანე და ფანტასტიური პატარა გუნდი გავაკეთე.

donaasian-1626167486.jpg

donaasianfood-1626167486.jpg

donaplate-1626167487.jpg

ერთ დღეს ხაჭაპურიც გავუკეთე მეპატრონეებს და ისე მოეწონათ, რომ პარასკევი ხაჭაპურის დღედ დავაწესეთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი სპეციალურად ამისთვის რომ მოდიოდნენ კლიენტები. ერთი წლის მერე წამოვედი, ყველაფერი ვისწავლე და გავაკეთე რისი გაკეთებაც შემეძლო, ამაზე წინ ვერც კარიერულად წავიდოდი და ვერც ფინანსურად, რამე სხვა უნდა მომეფიქრებინა. პარალელურად რამდენიმე თვე რესტორანშიც ვმუშაობდი მიმტანად. ერთ ახლად გახსნილ რესტორანში ამიყვანეს სხვა 30 ადამიანთან ერთად, დაგვატრენინგეს და შეგვყარეს მოედანზე. სამ დღეში 30კაციდან ხუთი ვიყავით დარჩენილი. არა იმიტომ, რომ ისინი ცუდები იყვნენ, რესტორნის მეპატრონე იყო ყოვლად უზრდელი და უხეში ადამიანი და არცერთი ამერიკელი ამას არ შეეგუებოდა. მე საქართველოში ისეთი უფროსის ხელში ვიყავი გამოწვრთნილი, ეს იმასთან შედარებით კანფეტი იყო.

8 თვე გავუძელი დილით კოფი-შოფში და საღამოს რესტორანში მუშაობას. ორიოდე წელიწადში უკვე ლამის ნახევარ ქალაქს ვიცნობდი. არ არსებობდა ადგილი, სადაც არ უნდა წავსულიყავი, რომ ნაცნობი არ შემხვედროდა. ამან გამიადვილა ჩემი საკუთარი ბიზნესის დაწყება. ამ სამუშაოების პარალელურად, რასაც ვაკეთებდი სახლში (საჭმელებს) ფოტოებს ვუღებდი და რეცეპტებს ვწერდი. გადავწყვიტე ჩემი ვებ-გვერდი გამეკეთებინა და იქ ამეტვირთა რეცეპტები. ეგეც მე თვითონ ვისწავლე - რომელი ვებსაიტის დიზაინერი მე ვიყავი? მაგრამ დაილოცოს youtube, იქიდან ვისწავლე ყველაფერი. მერე სავიზიტო ბარათებიც დავბეჭდე და 2013 წლის აპრილში კოფი-შოფი დავტოვე. ამ დროს მხოლოდ ერთი კლიენტი მყავდა (ბავშვის მომვლელად რომ ვმუშაობდი ის ოჯახი).

სოციალურმა ქსელმა ძალიან დიდი გავლენა იქონია, აქაური მეგობრები ხედავდნენ რას ვაკეთებდი და მიუხედავად იმისა, რომ ახლანდელი გადასახედიდან, არც ფოტო ვარგა და არც კერძი, მაინც მოსწონდათ. ეხლა რომ ვფიქრობ, მეცინება - არც კი ვიცი რანაირად დავიბრალე რომ შეფი ვიყავი. არანაირი კურსი მე არ გამივლია, ყველაფერი წიგნებიდან და youtube-დან მაქვს ნასწავლი. ფაქტია გამოვიდა. უარი არაფერზე არ მითქვამს, არც ერთ შემოთავაზებაზე, იქნებოდა ეს 20-კაციანი წვეულება თუ 100-კაციანი სადილი. რანაირად შევძელი არ ვიცი!

ამ 8 წლის განმავლობაში უამრავ ოჯახს ვემსახურე როგორც პერსონალური შეფი, მათ შორის ზოგი ვეგანი, გლუტენ ფრი ან სხვა დიეტური შეზღუდვების იყო. შესაბამისად, ყველა დიეტის და მათი სპეციფიკაციის შესწავლა მომიწია და ეს ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე საჭმელს ვაკეთებ, მაინც ძალიან მსიამოვნებს ეს პროცესი და ყოველი დღე განსხვავებულია. მუშაობისას უმეტესად მუსიკას ვუსმენ, ხანდახან პოდკასტებს. კულინარიამ მე ფაქტიურად გადამარჩინა. თავიდან აზრადაც არ მომსვლია, რომ ფინანსური მოგების მიღება შეიძლებოდა ამით. უბრალოდ, მომწონდა ახალი რაღაცეების სწავლა, მომზადება და ამის გაზიარება სხვებისთვის, იქნებოდა ეს ვირტუალურად თუ ჩემთან სტუმრად. რაღაცნაირი თერაპიული პროცესია როცა კერძს ვამზადებ.

საქართველოში გაზრდილი ადამიანისთვის საჭმლის მომზადება ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი იყო როდესაც ამბობდნენ რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლოთ. ვთვლი, რომ ეს ერთ-ერთი აუცილებელი უნარია, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. ამიტომ დავიწყე კულინარიული კლასების ჩატარება როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. მერე ამერიკულმა სკოლებმა მიმიწვიეს და გაკვეთილების შემდეგ მათსავე სამზარეულოში ვატარებდი მასტერკლასებს რამდენიმე წლის განმავლობაში. ძალიან კარგი პროგრამა შევადგინე და ბავშვებს ძალიან ეხალისებოდათ და მოსწონდათ ამ ყველაფრის თავიანთი ხელით კეთება.

- ძალიან საინტერესო კულინარიურ ისტორიებს აქვეყნებთ სოციალურ ქსელში მეგობრებისთვის, განსაკუთრებულად რომელს გაიხსენებდით?

- რამდენიმე ისეთი პროექტი გავაკეთე, რითაც ძალიან ვამაყობ. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ალბათ სამი წლის წინ გაკეთებული ქართული ნადიმია. წიგნზე ვმუშაობდი უკვე და რამდენიმე რეცეპტის გაკეთება მინდოდა. ჩემს ნაცნობ ფერმერს, ჯონს ვთხოვე პროდუქტებით მომარაგება. მერე ვიფიქრე, ამდენი ღორის თავ-ფეხი და შიგნეულობა ვინ უნდა ჭამოს, ბარემ დავპატიჟებ ნაცნობ-მეგობრებს და კაი ქართულ სუფრას გავშლიმეთქი. მადა ჭამაში მოდისო და იქ ფოტოგრაფი შევითანხმე ფოტოსესიაზე, აქეთ ჩემი ქალაქის გაზეთიდან მოვიწვიე გოგონა რომ სტატია დაეწერა, მერე სულ გავთავხედდი და დარა გოლდშტეინს მივწერე (კულინარიის მკვლევარი, რომელსაც ეკუთვნის წიგნი ქართულ სამზარეულოზე), ხომ არა მესტუმრებითმეთქი. ამ ქალმა 25 წლის წინ დაწერა The Georgian Feast, პირველი ქართული სამზარეულოს წიგნი ინგლისურ ენაზე. შემომითვალა, სიამოვნებით გესტუმრებიო.

donajohn-1626167487.jpg

მოკლედ, შევყარე რამდენიმე ათეული სტუმარი ჯონის პატარა მაღაზიაში და სრული სიგიჟე მოვაწყვეთ! მაიკომ, ქართული რესტორნის შეფმა, ქართული ღვინის იმპორტიორი გამაცნო, რომელმაც ერთი ყუთი მარნის ღვინო გვაჩუქა და 15 წუთი ისაუბრა ქართულ ღვინოზე. დარამ კულტურასა და ისტორიაზე მოყვა ამბები, მე სადღეგრძელოების მასტერკლასი ჩავატარე... მთლიანობაში ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხაჭაპურის და ნიგვზიანი ბადრიჯნის გარდა ყველაფერი პირველად გავაკეთე, თან ისე, რომ არ ვიცოდი რა ინგრედიენტები მხვდებოდა და სხვის სამზარეულოში, არც ერთი კერძი არ გამისინჯავს.

- დონა, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ კერძების მომზადებისას, რომ ის გემრიელთან ერთად სასარგებლოც…

- ჩემი სტილია მსუბუქი, მარტივი, ჯანსაღი კერძების მომზადება. მე თვითონ არ მიყვარს მძიმე და მსუყე კერძები. ვთვლი, რომ სულაც არაა აუცილებელი ტონა კარაქის გამოყენება. ჯანსაღი კვება არ ნიშნავს უგემურს. პირიქით, ზომიერად შენელებული ბოსტნეული მწვანილით, სუნელებით, მსუბუქი სოუსებით სასარგებლოცაა და ძალიან გემრიელიც. მარილი, პილპილი, ლიმონი და კარგი ხარისხის ზეითუნის ზეთი არის ჩემთვის შეუცვლელი. ეს ინგრედიენტები ზედმეტად არ უცვლიან გემოს მთავარ პროდუქტს. პირიქით, სიხალისეს მატებენ და წინ სწევენ თითოეული ინგრედიენტის სპეციფიურ, დამახასიათებელ გემოს.

რეცეპტებს იშვიათად მივყვები, მხოლოდ მაშინ პირველად როცა ვაკეთებ, მერე ვცვლი ჩემს გემოზე. არასოდეს არ ვიციკლები იმაზე, თუ რაიმე ინგრედიენტი მაკლია. აუცილებელი პირობაა, რომ კარგად გამოიყურებოდეს, ფერები ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. თუ კერძი ლამაზი არაა, ლამაზ თეფშზე არ დევს, ისე არ ვჭამ. ესთეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. მხატვარი არ ვარ, მაგრამ მხატვრობა, ხელოვნება ძალიან მიყვარს. ვაფრენ იმპრესიონისტებზე. თვეში ერთხელ მაინც დავდივარ მუზეუმში (მეტროპოლიტენში ან სხვაგან) და რომ მგონია, ეხლა რაღა უნდა გამიკვირდეს და აღმოვაჩინომეთქი, ყოველ მისვლაზე ისე ვივსები, ვბედნიერდები და ახალ რამეს ვპოულობ, რომ ჩემზე იღბლიანი ადამიანი არ მეგულება ქვეყანაზე.

თუმცა, კერძების ზედმეტად გადაპრანჭვა არ მიყვარს. როცა ვმუშაობ ვერ ვჭამ, ვერც კი ვსინჯავ კერძს. კეფირს და წყალს ვსვამ რომ გული არ წამივიდეს. მიყვარს დღის ბოლოს ლამაზ თეფშზე პატარ-პატარა ულუფების დალაგება, რა ინგრედიენტიც მომრჩება იმისგან 5 წუთში რასაც გავიკეთებ, ან სულაც ყველი, კრეკერები, თხილი და ჩირი. სულ ეგაა.

- ინტერვიუს დასასრულს წიგნზე მოგვიყევით. Around the Georgian Table - ასე ჰქვია თქვენს წიგნს, რომელიც უკვე დაბეჭდილია, ეს არის წიგნი ქართველი ქალის შესახებ, რომელიც კულინარიის მოყვარულებს ქართულ სამზარეულოს და რეცეპტებს აცნობს...

- ფილმი "ჯული და ჯულია" გაქვთ ნანახი? ერთ წელიწადში რომ უნდა მოამზადოს ჯულია ჩაილდის წიგნიდან ყველა რეცეპტი - აი, მაგ ფილმის ნახვის შემდეგ გადავწყვიტე მეც იგივე პროექტის დღიურივით გაკეთება. თამარ ლომიძის წიგნი მქონდა წამოღებული და მაქედან ვაკეთებდი რეცეპტებს, კვირაში 3-4 კერძი უნდა გამეკეთებინა. ეს 2014-ში დავიწყე. დავამთავრე ერთ წელიწადში, მაგრამ ბევრჯერ შევცვალე, გადავაკეთე, დავივიწყე, მერე ისევ გავიხსენე... ამასობაში, ფოტოგრაფიაც ვისწავლე და ძველ ფოტოებს რომ შევხედე, გული გამისკდა. ყველაფერი თავიდან გავაკეთე, ზოგი რეცეპტი რამდენჯერმე გადავაკეთე და ასე მოვედით დღემდე...

donagiorgadze-1626167486.jpg

ახლახანს მივიღე დაბეჭდილი წიგნის პირველი ნიმუში. წესით აგვისტოს ბოლოს პირველი ტირაჟი უკვე უნდა მქონდეს, თუმცა წინასწარ შემიძლია გაყიდვები დავიწყო. საქართველოში გაყიდვაზე არ მიფიქრია, რადგან ეს წიგნი აქაური, ამერიკელი მკითხველისთვისაა. პირველი ნაწილი არის ჩემი პატარა ისტორია, როგორ მოვხვდი ამერიკაში და რა გზა გავიარე აქამდე, მეორე ნაწილი არის ის რეცეპტები რაც ჩემი მშობლებისგან, მეგობრების დედებისგან, დეიდა-ბიცოლებისგან ვიცი და მახსოვს, მორგებულია ამერიკულ ინგრედიენტებზე და ზომა-წონებზე.

madonagiorgadzebook-1626167487.jpg

უკვე შემდეგი პროექტი, მინდა ქართულად გავაკეთო და ეს იქნება ამერიკული კერძები (ანუ აქ რაც პოპულარულია მთელი მსოფლიოდან) ჩემიინტერპრეტაციით, უფრო გამსუბუქებულ/გაჯანსაღებული და თავისი პატარაისტორიები. მგონი, საინტერესო უნდა იყოს. პროცესია თვითონ ძალიანსასიამოვნო ჩემთვის, შემოქმედებითი, წერა, გადაღება, მაგაზე ვკაიფობ.სულ რაღაც პროექტი უნდა მქონდეს, რაღაცას ვსწავლობდე და ვაკეთებდე,სხვანაირად არ შემიძლია.

ავტორი: ნინო გიგიშვილი

myquiz